ქართული ლეგიონი 2012/13 წლების სეზონში: ჯანო ანანიძე უნდა წავიდეს!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ქართული ლეგიონის ერთი ნაწილის მონაგარი შევაფასეთ, ახლა კი რუსეთსა და უკრაინაში მოასპარეზე ჩვენებურების მაჩვენებლებს გადავხედოთ.

შეგახსენებთ, რუსულ და უკრაინულ პრემიერლიგაში სეზონი გასულ უქმეებზე დასრულდა.

ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ.)
20 წლის. 15 მატჩი, 3 გოლი
სეზონი ვლადიკავკაზის "ალანიას" კარში გატანილი ბურთით დაასრულა, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ უნდა იყოს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯანო "სპარტაკის" შემადგენლობაში მხოლოდ ეპიზოდურად ჩნდებოდა და ვერაფრით შეძლო მოსკოვური კლუბის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება.

ახლა უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანანიძის კარიერისთვის კლუბის შეცვლა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

საბა
კვერკველია (რუბინი)

21 წლის. 3 მატჩი
"რუბინს" შუა სეზონში არენდიდან დაუბრუნდა და დროის უმეტესი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, თუმცა სამ პრემიერლიგურ მატჩში მონაწილეობა მაინც მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, ისურვებს თუ არა ყაზანური კლუბი მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას.

ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი)
26 წლის. 4 მატჩი
სეზონის სტარტზე "კრასნოდარის" კარი ოთხჯერ დაიცვა, შემდეგ კი პოზიციები დათმო და გუნდის 18-კაციან განაცხადშიც ვეღარ ხვდებოდა.

ზამთარში კლუბის შეცვლას აპირებდა, მაგრამ მიზეზთა გამო ეს ვერ მოხერხდა და ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ძირითადმა მეკარემ ბოლო ნახევარი წელიწადი უქმად დაკარგა.

იმედია, რევიშვილი სასწრაფოდ შეძლებს ისეთი კლუბის მოძებნას, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება.

გია გრიგალავა (ვოლგა)
23 წლის. 19 მატჩი, 1 გოლი
ჩემპიონატის პირველ ნახევარში "ვოლგას" ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იყო, რის შემდეგაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასტარტო თერთმეტეულს დაემშვიდობა და პრემიერლიგის ბოლო ტურებში მისი გვარი განაცხადშიც აღარ ფიგურირებდა.

შესაძლოა, კლუბი გრიგალავამაც შეიცვალოს.

ალექსანდრე ამისულაშვილი (კრილია სოვეტოვი)
30 წლის. 10 მატჩი
"კრასნოდარში" სათამაშო პრაქტიკა როგორც კი მოაკლდა, კლუბი შეიცვალა და უდავოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოს ნაკრების მცველი "კრილიას" უკანა ხაზში შეუცვლელ ფიგურად იქცა და სეზონის მეორე ნახევარი სტაბილურად ჩაატარა.

აკაკი ხუბუტია (მორდოვია)
27 წლის. 11 მატჩი
პრემიერლიგის აუტსაიდერ "მორდოვიას" რუმინული "გაზ მეთანიდან" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა და ძირითადში ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია.

თუმცა სარანსკული კლუბი აუტსაიდერთა შორის იყო და პრემიერლიგიდან გავარდა, რაც ხუბუტიას იქაურ მომავალს სათუოს ხდის.

გიორგი ჭანტურია (ალანია)
20 წლის. 6 მატჩი
"ალანიაში" სეზონის მეორე ნახევარი იჯარით გაატარა და სისტემატური სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. გულშემატკივრებს ყველაზე მეტად მისი გაძევება და ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია დაამახსოვრდათ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ალანია" გავარდა და ჭანტურიას ვლადიკავკაზური კარიერაც დასრულდა. იგი ჰოლანდიური "ვიტესის" საკუთრებაა, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალ სეზონს სხვაგან დაიწყებს.

მამუკა კობახიძე (ალანია)
20 წლის. არ უთამაშია
"ალანიას" ზამთარში "ზესტაფონიდან" მიაშურა. ვლადიკავკაზელთა 18-კაციან განაცხადში არაერთხელ მოხვდა, მაგრამ პრემიერლიგური დებიუტის საშუალება არ მიეცა.

ჯაბა კანკავა (დნიპრო)
27 წლის. 17 მატჩი, 1 გოლი
სეზონი "კრივბასში" დაიწყო, თუმცა "დნიპრომ" მალევე გადაწყვიტა მისი იჯარიდან დაბრუნება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ურიგო სეზონი ნამდვილად არ ჩაუტარებია. ნახევარდაცვაში არსებული მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, დნეპროპეტროვსკული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იგი ხშირად ხვდებოდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო)
26 წლის. 5 მატჩი, 1 გოლი
კიევის "არსენალის" ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა კანკავას მსგავსად, "დნიპრომ" ისიც დაიბრუნა, რაც კობახიძის კარიერას აშკარად არ წაადგა - მოედანზე არცთუ ხშირად ჩნდებოდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სავარაუდოდ, ქართველი გარემარბი კლუბის შეცვლაზე უნდა ფიქრობდეს.

დავით თარგამაძე (ილიჩევეცი)
23 წლის. 28 მატჩი, 1 გოლი

თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი)
21 წლის. 28 მატჩი, 4 გოლი

ქართველი ნახევარმცველები "ილიჩევეცში" მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და მათი ძალისხმევით მარიუპოლურმა კლუბმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვფიქრობთ, თარგამაძესაც და ოქრიაშვილსაც უფრო მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში და ვიმედოვნებთ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უფრო ძლიერ კლუბებში გადავლენ.

ჯაბა ლიპარტია (ზარია)
25 წლის. 25 მატჩი, 1 გოლი
ვერ ვიტყვით, რომ "ზარიაში" შეუმჩნეველი იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ლიპარტია ლუგანსკელთათვის წინა სეზონებში უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

ბოლო დროს ქართველი შემტევი ხშირად იჯდა სათადარიგოთა სკამზე. იმედია, მომავალ სეზონში მისგან უფრო შედეგიან თამაშს ვიხილავთ.

უჩა ლობჟანიძე (კრივბასი)
26 წლის. 23 მატჩი
რამდენიმე მატჩში სათადარიგო იყო, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისი შემთხვევები გახლდათ, ვიდრე კანონზომიერება. "კრივბასისთვის" ლობჟანიძე მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება.

მურთაზ დაუშვილი (კარპატი)
24 წლის. 22 მატჩი
დისკვალიფიკაციების გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა, სხვა დროს კი სტაბილურად ხვდებოდა "კარპატის" ძირითადში.

ბოლო ინფორმაციით, ლვოვური კლუბი, რომელმაც პრემიერლიგა მე-13 ადგილზე დაასრულა, ქართველებს ტრანსფერზე აყენებს.

ლევან ყენია (კარპატი)
22 წლის. 20 მატჩი, 3 გოლი
მძიმე ტრავმების გამო გაცდენილი წლების შემდეგ პირველი სრულფასოვანი სეზონი ჩაატარა და რამდენიმე მატჩში თავი რიგიანად წარმოაჩინა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვიმედოვნებთ, ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველისთვის "კარპატი" შესაძლებლობების მაქსიმუმი არ იქნება და მომავალ სეზონში ყენიას გაცილებით ამბიციურ კლუბში ვიხილავთ.

ასევე იხილეთ:
ქართული ლეგიონი 2012/13 წლების სეზონში: გურამ კაშია გამორჩეულია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამათ იმედზე ვართ? რა გვეშველება . . .
giorgi
21:21 28-05-2013
0
ფორესტ გამპის ახალი სერია შეიძლება გადაიღო ჯანოზე..
გ ა ი ქ ე ც ი, ჯ ა ნ ო, გ ა ი ქ ე ც ი!!
Georgi
16:38 28-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული