გიორგი დარასელია: ვინც ხაბაროვსკში მიდის, ფსიქოლოგიურადაც უნდა მოემზადოს

AutoSharing Option
ხაბაროვსკის "სკა-ენერგია" პრემიერლიგაში ვერ გადავიდა და გუნდის ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ შორეული აღმოსავლეთი დატოვა.

ოფიციალური ვერსიით, დარასელიას კონტრაქტის ვადა დაუსრულდა, ხოლო კლუბმა ხელშეკრულება აღარ გაახანგრძლივა. მასთან ერთად, კლუბი დატოვეს ოთარ მარცვალაძემ, შოთა გრიგალაშვილმა, გოჩა ხოჯავამ და ლაშა სალუქვაძემ.

თუმცა, დარასელია ხაბაროვსკში დარჩენის სხვა მიზეზებზე ლაპარაკობს, საინტერესო ამბებს იხსენებს და ამბობს, რომ დედამიწის ლამის მეორე ნახევარსფეროში წარმატების მიღწევა ურთულესი ამოცანა იყო.

- პრემიერლიგაში გადასასვლელად ბრძოლა რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული?
- ვერ წარმოიდგენთ, შორეულ აღმოსავლეთში მუშაობა რა ძნელია. ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ
11 ტურში ჩვენი მიზანი პლეი ოფამდე მისვლა იყო. პირველ-მეორე ადგილოსნებთან ჩამორჩენის შემცირება ზღაპარს ჰგავდა.

მერე ყველაფერი იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, პლეი ოფში ვის შევხვდებოდით.

სამი თვე შეკრებაზე ვიყავით ისრაელში, კვიპროსში, თურქეთში - მარტის შუა რიცხვებამდე ასე გრძელდებოდა და ჩემპიონატში ჩავერთეთ. პირველი მატჩი სანკტ-პეტერბურგში გვქონდა და მერე შინ წასვლის ნაცვლად, კისლოვოდსკში დავბინავდით, რადგან ხაბაროვსკში ბალახი მხოლოდ სეზონის მსვლელობისას ამოვიდა.

ამის მიუხედავად, იმითაც ბედნიერი ვარ, რომ კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მივაღწიეთ. მეტი თითქმის შეუძლებელი იყო.

რაც უნდა დიდი ფული შესთავაზონ, ხაბაროვსკში წასვლაზე ბევრ მოთამაშეს ვერ დაითანხმებ. ურჩევნიათ, რუსეთის ევროპულ ნაწილში იყვნენ.

- ცალკე თემაა რუსეთში მრავალსაათიანი გადაფრენა-გადმოფრენები.
- მარტო ის რად ღირს, რომ უმთავრესად, 7-8 საათიანი საათობრივი სარტყელის გადალახვა გვჭირდებოდა. მოსკოვში "შერემეტიევოში" 8 საათში რომ ჩაფრინდები, ერთ საათში მეორე აეროპორტიდან კალინინგრადში ან ნალჩიკში უნდა გაფრინდე და ამას კიდევ ორი-სამი საათი სჭირდება. ყოფილა შემთხვევა, აეროპორტსა და თვითმფრინავში 12 საათი გაგვიტარებია.

ეს ძალიან ძნელი გადასატანია, მორალურად და ფიზიკურად იფიტები. კვირის ორი დღე მაინც ჰაერში ვიყავით და ესეც კონკურენტების უპირატესობა იყო - ისინი თამაშის მეორე დღეს თუ ადამიანურად ისვენებდნენ, ჩვენ თვითმფრინავში ვისხედით, ერთ დღეს ვკარგავდით და ძალების აღდგენას ერთი დღის დაგვიანებით ვცდილობდით.

იქ იმდენი გაუთვალისწინებელი პრობლემა შეგვხვდა, წინასწარ ვერც წარმოვიდგენდი. თუ ევროპულ რუსეთში გვქონდა თამაში, კისლოვოდსკში ვრჩებოდით და თამაშისთვის იქ ვემზადებოდი - მხოლოდ ეს იყო შეღავათი. მთელი მარტი იქ გავჩერდით.

ისე, ამდენი მგზავრობის მიუხედავად, თვითმფრინავში ერთხელ არ დამიძინია.

- ასე თამაში "ბარსელონას" და "ბაიერნსაც" გაუჭირდებოდა.
- ნებისმიერ გუნდს, რადგან აქ ლაპარაკია არა კლასზე, არამედ, ადამიანის მორალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე. მგზავრობის შემდეგ, დილით სასტუმროში დავბინავდებოდით და ძალების აღდგენას ვცდილობდით, საღამოს რომ გვეთამაშა.

ამდენი ფრენის გამო, დღე და ღამე აგვერია, ზოგს შუადღისას ეძინებოდა და ზოგს - საღამოს. ჩვეულებრივი სპორტსმენებივით ვერ ვცხოვრობდით, რომელმაც იცის ძილისა და ვარჯიშის დრო.

- ამ ყველაფერთან ადაპტაციისთვის რა დრო დაგჭირდათ?
- ხაბაროვსკში რომ გვეთამაშა და გვეცხოვრა, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ თვითმფრინავში ცხოვრებითა და საათობრივი სარტყელების აქეთ-იქით სერვით ამას ვერ შეეჩვეოდი. დარწმუნებული ვარ, ასეთი გუნდი რუსეთის ევროპულ ნაწილში რომ გვყოლოდა, უკეთესი შედეგი გვექნებოდა.

ფეხბურთელი თუ ვერ დაისვენებს და ძალებს ვერ აღიდგენს, შედეგზე ფიქრი ძნელია. როგორ უნდა მოიყვანო ფეხბურთელი დილით ვარჯიშზე, როდესაც მთელი ღამე არ სძინავს? რომ იცოდეთ, ბოლოს მარცვალაძისა და სალუქვაძის ტრავმა სწორედ ამის შედეგი იყო, ორგანიზმი გადაეღალათ, გამოეფიტათ და ვეღარ გაუძლეს. ამ დროს კი, ტრავმის რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, ვინც ასეთ რთულ ქალაქში სათამაშოდ მიდის, ფსიქოლოგიურადაც უნდა მოემზადოს.

იქ ისეთი ითამაშებს, ვინც ახლომახლო ცხოვრობს და ამ გარემოსთან შეჩვეულია. მაგრამ შორეულ აღმოსავლეთში ამდენი ფეხბურთელი არც ჰყავთ.

- ანუ რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლა შეუძლებელი იყო?
- გადათამაშებაში პრემიერლიგელების უპირატესობა გამოჩნდა. ისინი სხვა დონის მეტოქეებს ხვდებოდნენ. ამას გარდა, პირველ ლიგაში 3 ლეგიონერის თამაშის უფლება გვქონდა და 6 ლეგიონერი გვყავდა, პრემიერლიგელებს კი 25 მოთამაშიდან 10-12 ლეგიონერი ჰყავთ და 7-ს ათამაშებდნენ. ოსტატობითაც უფრო მაღალი დონის უცხოელები მიჰყავთ და ეს გუნდურ კლასზეც აისახებოდა.

სხვათა შორის, მამუკა ჯუღელის გარდა, სხვა ვერავინ მოახერხებდა ხაბაროვსკში ასეთ ძლიერი მოთამაშეების ჩაყვანას და ამას გუნდშიც აღიარებდნენ. მითხარით გუნდი, რომელიც მამუკას ფეხზე არ დაუყენებია, ან ფეხბურთელი, ვისთანაც ის ჩაჭრილა? ასეთს ვერ გაიხსენებთ. მაგრამ ჭკუით რომ ვერ ჯობნიდნენ, შავ პიარს უგორებდნენ.

აქვე ვიტყვი, რომ ნალჩიკის "სპარტაკში" სირაძისა და რუხაიას თამაში ვნახე და ორივე ძალიან მომეწონა.

- კონტრაქტი რატომ არ გაგიხანგრძლივეს?
- თავად აღარ ვისურვე, იქ დარჩენა ძნელი იყო. თანაც, ახალ სეზონში გადასვლისთვის ბრძოლას აღარ აპირებდნენ და დარჩენას რა აზრი ჰქონდა?

- საერთოდ, რუსეთის პირველი ლიგაში რა დონეა?
- საკმაოდ მაღალი, რადგან ფულიც აქვთ და სავარჯიშო პირობებიც, მაგრამ ამას ყველა გუნდზე ვერ ვიტყვი.

- ახლა რას აპირებთ?
- წინადადებები რუსეთშიც მაქვს და ისრაელშიც. მალე ყველაფერი გაირკვევა. მაგრამ ამბიციურ გუნდში თუ არ მოვხვდი, ისე წასვლას აზრი არ აქვს. გორის "დილაში" ვითარება რომ არ არეულიყო, დღესაც სიამოვნებით დავრჩებოდი და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობა სავსებით შესაძლებელი იყო.

ხელფასებს ისრაელშიც აგვიანებდნენ, მაგრამ მაქსიმუმ ერთი თვე. სამწუხაროდ, საქართველოში პრობლემები ყოველდღიური ამბავია, ჩვენდა სამწუხაროდ, არასტაბილური გარემოა და ბევრგან არც იციან, რა იქნება ხვალ და ზეგ.

გორის "დილას" შემადგენლობა რომ შეგვენარჩუნებინა, ჩემპიონატიც კარგი იქნებოდა, ევროთასებზეც შორს წავიდოდით და მაყურებელიც სტადიონს შეეჩვეოდა. მაგრამ სტაბილური დაფინანსების არარსებობის გამო, უამრავი ნიჭიერი მწვრთნელი და ფეხბურთელი გვეკარგება, გუნდებიც ერთ ადგილს ტკეპნიან. არადა, ძალიან პერსპექტიული ბავშვები გვყავს.

რომ ამბობენ, სახელმწიფო კლუბებს არ უნდა დაეხმაროსო, სისულელეა. ქალაქს თუ შეუძლია, განზე რატომ უნდა გადგეს? ისრაელში კლუბებს კერძო მეპატრონეები ჰყავს, მაგრამ ქალაქიც ეხმარება. ჩვენთან ამას კომუნისტურ აზროვნებად ჩათვლიდნენ. გუნდების ნაწილს ევროპაშიც მუნიციპალიტეტები აფინასებენ და ესეც კომუნიზმია? კლუბებს სტადიონის, განათებისა და მოედნის მორწყვის პრობლემა მაინც მოუგვარონ, ესეც დიდი შეღავათი იქნება.

უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდს ბაზა რომ არ აქვს, ესეც დიდი პრობლემაა. არადა, დამიჯერეთ, გორის "დილაში" უფრო პროფესიონალი მოთამაშეები გვყავდა, ვიდრე ხაბაროვსკში. ასეთი გუნდი რუსეთში რომ მყოლოდა, პრემიერლიგაში აუცილებლად გადავიდოდით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ" 15-კაციან სიაში არ შეიყვანა
რუ­სუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - ასე­თი (ქარ­თ­ვე­ლე­ბის) გუნ­დი არ გვჭირ­დე­ბა
გიორგი დარასელია "სკა-ენერგიას" აღარ გაწვრთნის
გიორგი ნავალოვსკიმ "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ხაბაროვსკის "სკა-ენერგიადან" ქართველების გაშვება დაიწყეს
ოთარ მარცვალაძე: მათი ლოგიკით ქართველი და კორუფცია ერთი და იგივეა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ინგლისში ქალაქ ჰალის გუნდს მუნიციპალიტეტი ეხმარება, პლიუს აიძულებს ადგილობრივ ორგანიზაციებს აბონიმენტები შეიძინონ თანამშრომლებისთვის. ასევეა სხვა წარუმატებელ კლუბებში, რაღა საქართველოში არ შეიძლება?
koko
14:11 30-06-2013
0
ძალიან მაგარი პიროვნებაა ♥
Dinamo Fan
04:06 01-07-2013
0

სიახლეები პოპულარული