ლეგიონი ევროპის ლიგაზე: უსიამოვნო სიურპრიზი "ვიტესისგან"

AutoSharing Option
აგდამის "ყარაბაღმა" შვედურ "გეფლეს" სტუმრადაც მოუგო 2:0 (პირველი მატჩი 1:0) და ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა.

აზერბაიჯანული გუნდის მწვრთნელმა ჩვენებური ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი 66-ე წუთზე შეუშვა მოედანზე, როცა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.

მომდევნო ეტაპზე გავიდა ყაზანის "რუბინიც", რომელმაც დანიურ "რანდერსს" უმასპინძლა და პირველ მატჩში მოპოვებული გამარჯვება საშინაო 2:0-ით განამტკიცა. "რუბინის" ქართველი ცენტრალური მცველი საბა კვირკველია განაცხადში არ ყოფილა.

ჰაიფას "მაკაბიმ" ლატვიურ "ვენტსპილსს" შანსი არ დაუტოვა - 3:0 (პირველი მატჩი 0:0). ქართველი შემტევი თორნიკე თარხნიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის 85-ე
წუთზე შეცვალეს. ამრიგად, თარხნიშვილისთვის ევროტურნირები დასრულებულია.

თუკი "ვენტსპილსს" წარმატების ნაკლები შანსი ჰქონდა, ამას ვერ ვიტყვით ჰოლანდიურ "ვიტესზე", რომელიც ევროსარბიელიდან რუმინულმა "პეტროლულმა" დაითხოვა.

პირველი მატჩი 1:1 დასრულდა. იყო მოლოდინი, რომ ქართველების გუნდი საპასუხო შეხვედრაში სათავისო შედეგს მიაღწევდა.

"ვიტესი" მთელი 50 წუთის განმავლობაში აგებდა. 72-ე წუთზე ანგარიში ვან დერ ჰეიდენმა გაათანაბრა, მე-80 წუთზე კი "პეტროლული" 10 კაცით დარჩა და თამაშის შემოტრიალების შანსიც გაიზარდა, თუმცა...

შეტევებში გართულ "ვიტესს" რუმინელებმა მეორე გოლი გაუტანეს და თამაშსაც წერტილი დაუსვეს.

სამივე ქართველი - გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია - მოედანზე იყო.

ყაზაიშვილი შესვენებისას შეცვალეს, ბოლო წუთებზე კი კაშია გააფრთხილეს.

გიორგი გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლო წუთზე კაშიამ აიკიდა ჯარიმა საიდანაც გაიტანეს და მორჩა თამაშიც
galski1
13:10 09-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული