ლაშა გვალიას ამბავი - რუსეთში ქართულ ღვინოს უშვებენ, ფეხბურთელს - არა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი, გორის "დილას" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ლაშა გვალია რუსეთში სატრანსფერო პერიოდის დასრულების წინადღეს, 30 აგვისტოს გაემგზავრა, 31 აგვისტოს კი ეკატერინბურგის "ურალთან" გააფორმა კონტრაქტი და 30-ნომრიანი მაისურაც მიიღო.

მალევე ლაშა გვალია საქართველოში დაბრუნდა, რუსეთში შრომის უფლების მისაღებად, თუმცა პასუხი დღემდე არ აღირსეს.

"ურალის" პრეზიდენტმა გრიგორი ივანოვმა "სოვეტსკი სპორტთან" ინტერვიუში კენჭი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით ისროლა:

"ქართველი ფეხბურთელის გამო პრობლემები შეგვექმნა. უკვე თვე-ნახევარია, ლაშა გვალიას დამატებას ვერ ვახერხებთ.

ფედერალურმა საემიგრაციო სამსახურმა მას რუსეთში მუშაობისა და თამაშის უფლება მისცა,
მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში შესვლის ნებას არ რთავს.

პრობლემა ისაა, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.

ჩვენ საქართველოში შეგვიძლია მშვიდად და უვიზოდ შევიდეთ, ისინი კი ჩვენთან ვერ მოდიან. ახლახან ქართველებს ღვინის შემოტანის ნება დართეს, მაგრამ ფეხბურთელებს შემოსვლა არ შეუძლიათ.

ლაშას ამბავზეც ჯერ ვერაფერს ვახერხებთ. არადა, კონტრაქტს რომ ვაფორმებდით, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ იყო შესაძლებელი".

საქმე ისაა, რომ გუნდს ბევრი ტრავმირებული ცენტრალური ნახევარმცველი ჰყავს, რის გამოც "ურალს" მოედნის ცენტრში სერიოზული პრობლემები შეექმნა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ვასილენკომ თქვა, რომ გვალია სწორედ ამ პოზიციის გასაძლიერებლად სჭირდებოდა.

ქართველის ტრანსფერით კმაყოფილება "ურალის" პრეზიდენტმაც გამოხატა:

"მიმაჩნია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩინებულად გამოვიყენეთ. გვალიაზე დასაკვირვებლად საქართველოშიც ვიყავით და ვენაშიც - "რაპიდი"-"დილას" თამაშზე.

ის ძალიან სოლიდური ნახევარმცველია, ბევრს მოძრაობს და თვალებანთებული თამაშობს. ეტყობა, რომ ფეხბურთი სწყურია.

მაგრამ ჯერ ვერ ვათამაშებთ და არ ვიცი, პრობლემა როგორ მოგვარდება",
- ამბობს გრიგორი ივანოვი.

ლაშა დღემდე საქართველოშია, ოღონდ ახლა უფრო იმედიანადაა. 21 წლის ფეხბურთელს სჯერა, რომ სავიზო პრობლემები დროულად მოგვარდება:

"როგორც მითხრეს, რუსეთში გამგზავრებას ერთ კვირაში შევძლებ.

სიმართლე გითხრათ, ვიზის დაგვიანება, გარკვეულწილად, კარგიც იყო, რადგან ბოლოს "დილაში" ტრავმით ვთამაშობდი და ეს სამი კვირა სამკურნალოდ გამოვიყენე.

ახლა თავს უკვე კარგად ვგრძნობ და იმედია, რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრას მალე ჩავატარებ".

გვალიამ "ურალთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. რუსეთის 16-გუნდიან პრემიერლიგაში 8 ტური ჩატარდა. "ურალი" 5 ქულით მე-13 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში რუსეთში ანალოგიური პრობლემები შეექმნათ გოჩა ხოჯავას, დავით მუჯირს, გოგიტა გოგუას, ნუკრი რევიშვილს, დავით სირაძეს და ლამის ყველას, ვისაც კი რუსეთში უთამაშია.

მაგრამ გამორჩეული მაინც იური მამინაშვილის ისტორიაა. თბილისისა და ბათუმის "დინამოს" ყოფილი მეკარე კარიერის დასრულების შემდეგაც ფეხბურთში დარჩა და თავისი განხრით საკმაოდ წარმატებული მწვრთნელიც გახდა.

ამ როლში ჯერ ბათუმის "დინამოში" იმუშავა, შემდეგ კი - უკრაინულ პრემიერლიგაში მოასპარეზე სიმფეროპოლის "ტავრიაშიც" საქმიანობდა. სწორედ იქიდან მიიწვიეს რუსეთის პირველი ლიგის ნოვოკუზნეცკის "მეტალურგ-კუზბასში" და ეს იმ დროს, როცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები აირია. მამინაშვილს კი "მეტალურგ-კუზბასის" სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზეს.

ბატონი იური საქართველოში დაბრუნდა, რათა რუსეთში მუშაობის უფლება კიდევ ერთხელ მიეღო, თუმცა... მას შემდეგ ის ნოვოკუზნეცკში არავის უნახავს. ერთწლიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ მამინაშვილი კლუბს დაუკავშირდა, ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და პრობლემებიდან გამომდინარე, თანამდებობაზე უარი თქვა - რუსეთში ჩასვლის უფლებას არ მაძლევენ და ტყუილად ნუ მელოდებითო.

ამის საპირისპირო მაგალითია იმავე პერიოდში ასევე გორის "დილადან" ევროკავშირის წევრ ხორვატიაში გადასული გიორგი ილურიძის ამბავი. ის სპლიტის "ჰაიდუკს" უკვე შეუერთდა და სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული