დღეს თურქეთში ფეხბურთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა...
ახლა თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახლავთ და ფეხბურთი მასაც ძალიან უყვარს. ფოტოზე სწორედ ის არის შოთა არველაძესთან ერთად.
ცხადია, ისინი მეტწილად ფეხბურთზე ისაუბრებდნენ... შოთა თურქეთში ჯერ ფეხბურთელი იყო. სახელიც ასე
თუ რა პოპულარობით სარგებლობდა ფეხბურთელი შოთა არველაძე თურქეთში, ეს საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, მასზე და მის ტყუპისცალ არჩილზე იქ სიმღერებს მღეროდნენ.
შოთა ახლაც დაფასებულია თურქეთში. ასე რომ არ იყოს, იქაური სუპერლიგის გუნდების გაწვრთნას არ ანდობდნენ. ჯერ "ქაისერისფორში" იყო, ახლა კი სტამბულის "ქასიმფაშას" უდგას სათავეში. თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ამ გუნდმა სტუმრად რობერტო კარლოსის "სივასფორს" 2:1 მოუგო და ხუთი ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა.
მაინც როგორ და რა ვითარებაში მოიხელთა თურქეთის პრემიერმა შოთა?! როცა ინტერნეტში ამ ფოტოს წავაწყდი, მაშინვე შოთასთან დაკავშირება გადავწყვიტე...
- სად არის ეს ფოტო გადაღებული?
- "ქასიმფაშას" ახალი ბაზა აქვს, უფრო სწორად, ეს არის კომპლექსი და ფოტოც მის გასახდელშია გადაღებული.
- და პრემიერ-მინისტრის სტუმრობის მიზეზი რაღა იყო?
- ბაზის ოფიციალური, საზეიმო გახსნა იყო და ერდოღანიც ამიტომ გვესტუმრა.
- კონკრეტულად რაზე ისაუბრეთ თქვენ და ერდოღანმა?
- ძირითადად, ფეხბურთზე, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებზე...
- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ საუბრის შემდეგ?
- კარგი და ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა, ფეხბურთიც ძალიან უყვარს.
- რა კაშნე აქვს ერდოღანს კისერზე?
- ჩვენი კლუბისაა, "ქასიმფაშასი"...
- ბარემ "ქასიმფაშაზეც" გკითხავთ. საამსეზონოდ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი აიყვანეთ. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გუნდი უწინდელზე უკეთესია?
- კი, ეს გუნდი წინა სეზონის "ქასიმფაშას" ნამდვილად ჯობია.
- სუპერლიგის წინა ტურში რობერტო კარლოსის გაწვრთნილ "სივასფორს" რომ მოუგეთ, თუ იყო იმის საშუალება, რომ სახელოვან ბრაზილიელთანაც გესაუბრათ?
- კარლოსის გუნდი შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. მასთან ცოტა ხნით საუბარიც მოვახერხე, სივასიდან სტამბულისკენ ერთად ვიმგზავრეთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"