აზერბაიჯანის პრემიერ-ლიგის მეშვიდე ტურში "ინტერმა" თანაქალაქელ "ბაქის" უმასპინძლა და ფრეს (2:2) გამორჩა, რასაც მთლიანად ქართველ თავდამსხმელს უნდა უმადლოდეს - იაშკამ აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ოღონდ, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდისგან განსხვავებით, მის ამჟამინდელ კლუბს საზეიმოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. "ინტერმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და მერვე ტურში ლენქორანის "ხაზართან" რომ არ ემარჯვა, ათგუნდიანი ჩემპიონატის ბოლოსწინა ადგილს თავს ვერც დააღწევდა.
თუმცა
ვეტერან ფეხბურთელს ბაქოში შევეხმიანეთ და თავდაპირველად ლენქორანში მოგებულ მატჩზე ვკითხეთ:
- ლენქორანში მოგება ყოველთვის ჭირს, მით უმეტეს, "ხაზარის" სტადიონზე მოედნის საფარი ისეთ ცუდ მდგომარეობაშია, იქ ფეხბურთის თამაში ძალიან ძნელია. ამიტომაც ჩვენთვის ეს ორმაგად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.
- შენთვის უფრო მნიშვნელოვანი ბაქოს დერბი გამოდგა. როგორც იქნა, აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანე...
- გოლი ყოველთვის უდიდესი სიამოვნებაა და ძალიან გამიხარდა... თუმცა გუნდის წარმატებას უფრო წინ ვაყენებ. გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მატჩის შემდეგაც ვთქვი - ყოველ სეზონშია რთული პერიოდი, რომელიც გუნდმა უნდა გადალახოს. "ხაზართან" მატჩმაც გვიჩვენა, რომ "ინტერმა" ცუდი ხანა უკან მოიტოვა.
- გოლის გემო თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ გაიხსენე. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის განმავლობაში უამრავი ბურთი გაქვს გატანილი, პირველი აზერბაიჯანული გოლი თავდაჯერებასაც შეგმატებდა...
- "ბოხუმში" თამაშისას, უმეტესად, უკანდაწეულს მიწევდა თამაში და გასაკვირი არ არის, გოლები ხშირად რომ ვერ გამქონდა. მართალი ხართ, როცა გოლის "გემო" იცი, გატანა უფრო და უფრო გსურს. სანამ ფეხბურთს ვთამაშობ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბურთის გატანით სიამოვნება ხშირად მივიღო და გუნდს გოლებით დავეხმარო.
- კახა ცხადაძე ემოციური მწვრთნელია და ალბათ, თავისი გუნდის წარუმატებლობას ძალიან განიცდის.
- მიჩვეულია, რომ მის მიერ გაწვრთნილი გუნდები მუდამ ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ბუნებრივია, ძალიან უკმაყოფილოა. კახა ძლიერი მწვრთნელია, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტაქტიკას და სწორად თამაშს.
მისთვის აუცილებელია, გუნდის ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცოდეს, რა ევალება. ცხადაძესთან მუშაობით დიდ სიამოვნებას ვიღებ...
- მთავარი მწვრთნელის გარდა, "ინტერში" ოთხი ქართველი ფეხბურთელიც ხართ. აზერბაიჯანელებს ეს ხომ არ აღიზიანებთ?
- ნაკრებში ერთად ბევრჯერ გვითამაშია და ერთად ყოფნით ახლაც დიდ სიამოვნებას ვიღებთ... აქაურებს რაც შეეხება, "ინტერის" ყველა წარმატება ქართველებს უკავშირდება და ადგილობრივები დიდ პატივს გვცემენ. შესაძლოა, ზოგიერთებს მართლაც აღიზიანებდეს, მათი საყვარელი კლუბის წარმატებაში ლომის წილი უცხოელებს რომ შეაქვთ, მაგრამ როცა ცდილობ დაამტკიცო, რომ კონკურენტზე უკეთესი ხარ, ბრძოლა ყოველთვის წინააღმდეგობებით არის აღსავსე...
- აზერბაიჯანის ჩემპიონატის სპეციფიკაზე რას იტყვი, თავდამსხმელისთვის ძნელია იქ თამაში?
- ბურთის გატანა ყველგან და ყოველთვის ძნელია... მით უმეტეს, კარგა ხანია, თავდამსხმელად აღარ მითამაშია (იცინის).
- უკვე რამდენიმე თვეა, "ინტერში" ხარ... დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებ - ბაქოში გადაბარგება სწორი გადაწყვეტილება იყო?
- დღესაც ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. თანაც, 35 წლის ასაკში ყველაფერს ყურადღებას აქცევ... გერმანიაში დარჩენა თავისუფლად შემეძლო, MLS-იდანაც (აშშ-ის უმაღლესი ლიგა. - ავტ.) ძალიან საინტერესო წინადადება მივიღე. თუმცა, გერმანიაში 17 წლის ცხოვრების შემდეგ ჩემი ოჯახის წევრებს თბილისში დაბრუნება სურდათ, მე კი ფეხბურთის თამაშით ჯერ კიდევ დიდ სიამოვნებას ვიღებ!
ჩემს გადაწყვეტილებაზე ცხადაძის ფაქტორმაც დიდი გავლენა მოახდინა - კახა რომ არ იყოს "ინტერის" მწვრთნელი, დღეს აქ ნამდვილად არ ვიქნებოდი!
- ზურაბ ხიზანიშვილის გადაწყვეტილებაზე რას ფიქრობ, ხომ არ იჩქარა ნაკრებიდან წასვლა?
- ზურას არჩევანმა ძალიან დამწყვიტა გული. საქართველოს ნაკრებს მისნაირი ფეხბურთელები ძალიან ცოტა ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ზურას კიდევ შეუძლია გუნდისთვის დახმარების გაწევა.
- ხომ არ ნანობ, თავის დროზე თავადაც რომ არ მიიღე ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება?
- არც ერთი წამით! სანამ მოქმედი ფეხბურთელი ვარ, თუ ნაკრებს ჩემი დახმარება დასჭირდება, ეროვნულ გუნდში ყოველთვის ვითამაშებ!
- თემურ ქეცბაიასთან თუ გილაპარაკია ამ თემაზე? ნაკრების მწვრთნელთან კონტაქტი დღემდე გაქვს?
- ერთხელ ვილაპარაკეთ; დაახლოებით, ერთი წლის წინ. მას შემდეგ აღარ გვისაუბრია...
- თითქმის მთელი კარიერა ევროპაში გაქვს გატარებული... აზერბაიჯანის დედაქალაქს როგორ მიეჩვიე?
- რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილი ძალიან განსხვავებულია, მაგრამ რადგან გადავწყვიტე, ამისთვისაც მზად ვიყავი...
რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს, გაოცებული ვარ, აქაურები იმდენს აკეთებენ ეროვნული ჩემპიონატის განვითარებისთვის. უამრავი ფულიც იხარჯება და ამიტომ არის, აზერბაიჯანულ კლუბებში სხვადასხვა ქვეყნის ნაკრების არაერთი ფეხბურთელი რომ თამაშობს...
- ბოლო ინტერვიუში მითხარი, სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებაზე დავფიქრდებიო...
- ამაზე ისედაც სულ ვფიქრობ... მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი იმ მიზნების მიღწევაა, რაც კლუბთან ერთად მაქვს. სეზონის ბოლოს კი აუჩქარებლად გადავწყვეტ, რა და როგორ იქნება...
- ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ სად გააგრძელებს მუშაობას ალექსანდრე იაშვილი?
- დაინტერესებული ვარ სპორტული მენეჯმენტით. მინდა, გერმანიაში ბოლომდე, საფუძვლიანად შევისწავლო ეს სფერო. მერე კი ვნახოთ...
ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილი: სწორედ ამისთვის ვთამაშობ ფეხბურთს