დაბრუნება ერთია, მაგრამ დაუშვილს დიდი დრო გაუცდა, სანაკრებო თამაშები გამოტოვა და ახლა ფორმის აღდგენას ცდილობს.
ის "ლელოს" ამ და სხვა საკითხებზე ელაპარაკა...
- "კარპატის" კი დაუბრუნდით, მაგრამ ძირითადში თუ ითამაშებთ?
- უკვე ყველაფერი მოგვარდა. ლვოვში რომ ჩამოვედი, ორი კვირა ჯერ ინდივიდუალურად, ექიმის ზედამხედველობით ვვარჯიშობდი. მერე ხუთი დღე დუბლებში დავყავი, რაც თავად მოვითხოვე, უთამაშებელს ძალიან რომ არ გამჭირვებოდა. მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ სევიდოვმა ძირითადში ამის შემდეგ
ცხოვრება ასეა - ხან კარგად ხარ, ხან ცუდად, მაგრამ შრომა არ მეზარება და ამ ჩავარდნისაც არ მეშინია.
- გამოდის, რომ "კარპატიში" დარჩენა გადაწყვიტეთ?
- არა. შესაძლოა, ზამთარში სხვაგან წავიდე. მაგრამ ჯერ ამაზე არაფერს ვიტყვი.
- მართალია, თითქოს ლვოვში ბინაზე საკუთარი ნებით თქვით უარი და "კარპატის" ბაზაზე ცხოვრობთ?
- ასე იქცევა ბევრი ფეხბურთელი, ვისაც წინსვლა სურს. მე კი ევროპაში თამაში მსურს. როცა მომინდება, ბაზაზე მაშინ ვივარჯიშებ. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ. მარტო ბინა კი არა, "კარპატის" გენერალურმა დირექტორმა მითხრა - მანქანას მოგცემო. კლუბის სპონსორი ესპანური საავტომობილო კომპანია "სეატია", მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი.
- მგონი, კლუბშიც და ეროვნულ ნაკრებშიც ერთადერთი ფეხბურთელი ხართ, რომელსაც მანქანა არ ჰყავს?
- მანქანაში ცუდი არაფერია, მაგრამ ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, ფეხბურთის სათამაშოდ ასე აჯობებს. უფრო მშვიდად ვარ. ნაკრების შეკრებაზეც ტაქსით მივდივარ, რადგან თბილისში ცოტა ხნით ვჩერდები და საკუთარი მანქანა არ მჭირდება. როცა ვამჩნევ, რომ კარიერაში რაღაც ხელს მიშლის, იმაზე უარს ვამბობ. ხომ იცით, ყველაფერი ინდივიდუალურია, თორემ, მესისა და რონალდოს მანქანები ჰყავთ, მაგრამ მშვენივრად თამაშობენ.
- ბაზაზე ასეთი კარგი პირობებია, რომ იქ გადაწყვიტეთ ცხოვრება?
- უკრაინაში თითქმის ყველა კლუბს აქვს ისეთი ბაზა, რომელიც ხუთვარსკვლავიან სასტუმროს არაფრით ჩამოუვარდება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ევროპული დონის ფეხბურთელის გაზრდა. იმ გუნდში, რომელსაც ასეთი კეთილმოწყობილი ბაზა არ აქვს და არავინ იცის, სად წავა ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელი, რას შეჭამს, როგორ დაისვენებს და ძალებს როგორ აღიდგენს, წარმატებებზე ფიქრი ძნელია.
საქართველოში ასეთი ბაზა ვის აქვს? მხოლოდ "დინამოს", "ზესტაფონსა" და "ტორპედოს". არადა, ეს უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს სჭირდება და ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ქართული ფეხბურთი სულ სხვა დონეს მიაღწევს.
- სამწუხაროდ, უკრაინისა და ჩვენი კლუბის პირობებს შორის დიდი განსხვავებაა, ისევე, როგორც თავად ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაში...
- სამწუხაროდ, ასეა. საფეხბურთო სამყარო უკრაინაშიც მარტო რომ იყოს, მათ ჩემპიონატსა და ფეხბურთსაც ვერავინ უშველიდა. უკრაინაში ფეხბურთს სახელმწიფოც აფინანსებს და ბიზნესიც, თავიანთი გუნდები ჰყავთ და ცდილობენ, გააძლიერონ და ერთმანეთს არ ჩამორჩნენ - ეს ჯანსაღ კონკურენციას ზრდის.
მერიდება ამაზე ლაპარაკი, ვიღაცამ შეიძლება თქვას - შენ ვინ გეკითხებაო, მაგრამ... პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და მერე - ფეხბურთელი. ამიტომაც გული მტკივა, ჩვენს შესაძლებლობებს რომ ვერ ვიყენებთ. მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ პრობლემები გვაქვს, არ გვიშველის. პრობლემები თუ გაქვს, უნდა მოაგვარო. ხომ შეიძლება, მაგალითად, ერთ წელს ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ, მეორე წელს სხვას და ასე შემდეგ. მთავარია ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერება, სხვაგვარად ფეხბურთელები ვერ გაიზრდებიან.
- ბაზის გარდა, კიდევ რა აკლიათ საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებს?
- ელემენტარულად, ფეხბურთელს სჭირდება კარგი ბუცები, სპეციფიკური კვება, კარგი მოედანი, აღდგენითი პროცესი, დასვენება, მოსამზადებელი ეტაპი, ვიტამინები, თამაშის შემდეგ ცივი აბაზანა, რომელიც კუნთების აღდგენაში გეხმარება...
შემწვარი კარტოფილი და ხაჭაპური არ არის ფეხბურთელის კვება და, რომ იცოდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან არასწორი კვება არის ტრავმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. აქედან ერთი რგოლიც რომ ამოვარდეს, არაფერი გამოვა...
ამბობენ, ქართველები ფიზიკურად სუსტები ვართო, რაშიც ვერავის დავეთანხმები - პირობების არქონა ფიზმომზადებაშიც გვეტყობა, თორემ ჩვენც გვყავს ჯანიანი და გამძლე ბიჭები. ეგ არის, რომ მათ ხელშეწყობა არ აქვთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"