ლომა, იაშკა, ბევრი შაფა და ტემპი... რაც ქართულ ფეხბურთს ასე აკლია

AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერთა ამბებს რეგულარულად გაცნობთ ხოლმე, თუმცა სხვა საქმეა მათი უშუალოდ საქმეში ხილვა. ამიტომაც შანსი ხელიდან არ გავუშვით და ბაქოში "ინტერისა" და "ნეფთჩის" დერბის დავესწარით.

მაშ ასე, "ახლო ხედის" სტუმრები "ინტერის" ქართველი მწვრთნელ-ფეხბურთელები არიან...

გვიანი ნოემბრის მიუხედავად, ბაქოში მზე აცხუნებდა და ჰეიდარ ალიევის პროსპექტზე არცთუ დიდი ხნის წინათ აშენებულ კოხტა "შაფაზე" ფეხბურთის ყურებაში ხელს გვიშლიდა, თუმცა კახა ცხადაძის და მისი შეგირდების დაპირისპირება აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანთან ამად ღირდა.

აზერბაიჯანული პრემიერლიგის მე-14 ტურში კახა ცხადაძის, ზაურ სვანაძის (ასისტენტი), გიორგი ლომაიას, ლაშა სალუქვაძის,
ბაჩანა ცხადაძის
და ალექსანდრე იაშვილის გუნდი "შაფაზე" ერთ-ერთ ლიდერ "ნეფთჩის" მასპინძლობდა. 8-ათასიანი "შაფა" მესამედით იყო შევსებული. ბუნებრივია, ყველაფერს საკუთარ პირველობას ადარებ და ასეთი დასწრება ჩვენთვის კარგად ითვლება.

ცხადაძემ ორი თანამემამულე ათამაშა (ბოლოს, დროის გაყვანის მიზნით თავისი ვაჟიც ჩართო თამაშში): კარში ლომაია და შეტევებში - იაშვილი.

პირველი, რაც უცხოებს თვალში მოგვხვდა: ეს იყო თამაშის ტემპი და ბრძოლა მოედანზე და მედიის ყურადღება ტრიბუნაზე - მატჩს ათზე მეტი კამერით იღებდნენ, თითქოს რომელიმე მოწინავე პირველობის შეხვედრა ყოფილიყო.

მოედანზე კი, თუკი ვინმეს გამორჩევა შეიძლებოდა, პირველი იაშვილი იყო. არა იმიტომ, რომ "იაშკა" მოედანზე საუკეთესო იყო (ამაზე თავს ვერ დავდებთ), არამედ იმიტომ, რომ 22 ფეხბურთელში მხოლოდ ის გამოირჩეოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღებით, სწორი მოძრაობით და პასებით, გააზრებული თამაშით, რასაც ფეხბურთში მოკლედ კლასი ჰქვია.

"იაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ იყო რამდენიმე ეპიზოდი, სადაც უკეთ თამაშიც შეიძლებოდა პირველ ტაიმში, მაგრამ ალექსანდრე სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის ბედ-იღბლის გადაწყვეტა შეუძლია, რაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა", - გვითხრა მატჩის შემდეგ კახა ცხადაძემ და მას სრულად ვეთანხმებით.

მიუხედავად იმისა, რომ "ინტერის" სასტარტოში სულ 5 აზერბაიჯანელი იყო, პირველი გოლი სუფთა აზერბაიჯანული გამოდგა - რუსლან ამირჯანოვმა მარჯვნიდან ჩააწოდა და ვაგიფ ჯავადოვმა გაიტანა.

მატჩის ბედზე დიდად იმოქმედა 63-ე წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა, როდესაც მსაჯმა "ნეფთჩის" ბრაზილიელი ლეგიონერი ფლავინიო გააძევა. თუმცა მოვლენები ჯერ ლოგიკის საპირისპიროდ განვითარდა - 10-კაციანმა ლიდერმა შეუტია და ბრაზილიელმა მცველმა კარლოს კარდოზომ დაარტყა. ლომაია ჰაერში გაიჭიმა და თითქოს შესწვდა, მაგრამ... ბურთი "ინტერის" ბადეში აღმოჩნდა და "შაფამაც" იხუვლა.

მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ თითქმის მთელი სტადიონი "ნეფთჩის" გულშემატკივრობდა, "ინტერის" ქომაგები კი გაცილებით ნაკლებნი იყვნენ.

"გიორგი ბოლო დროს ფორმაში შევიდა და მე მისი თამაშით კმაყოფილი ვარ, მის მიმართ პრეტენზიები არა მაქვს", - გვითხრა ცხადაძემ. მართლაც, ამ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, ლომაია სტაბილურად თამაშობდა და ერთხელ აშკარა გოლისგანაც იხსნა "ინტერი".

რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა მასპინძლებმა მაინც თავისი გაიტანეს. ჯერ ჯავადოვმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ინტრიგა იაშვილმა მოკლა, როცა მეკარეს დუელი მოუგო და სეზონში მეორე გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ასე იმარჯვა ტურის ცენტრალურ მატჩში მოულოდნელად ქართველთა გუნდმა და ნიკოლოზ გელაშვილის "ყარაბახს" პირველ ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა, თავად კი 20 ქულით მეხუთეა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მატჩი შესანიშნავი შანსია, "ინტერმა" მისთვის ცუდად დაწყებული სეზონი სათავისოდ მოატრიალოს? - ვკითხეთ ცხადაძეს მატჩის შემდეგ.

"რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან გამარჯვება დიდად ფასობს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონი საჩვენოდ შემოვატრიალოთ, თუმცა მთავარი მაინც სტაბილურობაა და ამისკენ ვისწრაფვით. დღეს კი "ინტერი", უბრალოდ, ძლიერი იყო "ნეფთჩიზე",
- განაცხადა მწვრთნელმა, რომელმაც პირწმინდად მოუგო დუელი ნაზიმ სულეიმანოვს (წარსულში ცნობილ აზერბაიჯანელ ფეხბურთელს).

ერთი, რაც ნათლად შევამჩნიეთ - ცხადაძეს ბაქოში არცთუ მეგობრულ გარემოში უწევს მუშაობა, ის ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგებისგან (და ალბათ, არა მარტო მათგან) მუდმივ პრესშია (ზოგჯერ უსამართლოდაც) და ყოველივე ამის შემდეგ, 2009 წლის ივნისიდან "ინტერის" თავკაცის თანამდებობაზე გაძლება არ არის უმნიშვნელო მიღწევა.

...რაც ჩვენ გვაკლია
ზემოთაც ვახსენეთ, გინდა არ გინდა, უცხო გარემოში მოხვედრილი ყველაფერს საკუთარს ადარებო და ჩვენც ვერ გავექეცით ამას. "შაფა" საკმაოდ მარტივი, მაგრამ კოხტა სტადიონია, რომელსაც თავისუფლად უწოდებ თანამედროვეს. ზუსტად ისეთი, როგორის ნაკლებობაც საქართველოშია. ასეთ არენაზე თამაშიც და გულშემატკივრობაც ერთიორად სასიამოვნოა.

შესაძლოა, აზერბაიჯანელები სიღრმისეულად ვერ ერკვევიან ფეხბურთში, მაგრამ ფაქტია, რომ მათ სპორტის ეს სახეობა უყვართ და ყურადღებას აქცევენ. სხვა საქმეა, რომ "ნეფთჩის" ფინანსებით ორჯერ უფრო ძლიერი გუნდის "შენება" შეიძლება, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ჩემპიონატზე, რომელიც უეფას მიხედვით, სულ ოდნავ სჯობს ჩვენსას.

ერთი თამაშით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ძნელია, თუმცა ცოცხლად ნანახმა შეავსო და დაგვიდასტურა აქამდე ჩამოყალიბებული მოსაზრება - იქ უფრო მაღალ ტემპში თამაშობენ, 90 წუთს ხშირად ვერ ძლებენ და სქემებიც ერევათ, მაგრამ ფაქტია, ცდილობენ და რაც უნდა მაღალი დონის იყო, მოუმზადებლად იქ ბევრს ვერაფერს მიაღწევ, რაც ჩვენს ჩემპიონატში, სამწუხაროდ, შესაძლებელია.

ვარსკვლავების თემას გვერდს ვერ ავუვლით და თუნდაც ჩვენი ბიჭები ავიღოთ - ლომაია წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების შეუცვლელი გოლკიპერი იყო, ახლაც ერთ-ერთი საუკეთესოა; იაშვილსა და მის კლასზე უკვე ვილაპარაკეთ. სწორედ ასეთი ფეხბურთელები დაამშვენებდა ქართულ ჩემპიონატს, ისევე, როგორც ისინი ამშვენებენ აზერბაიჯანულს.

დაბოლოს, დერბი - დიახ, დედაქალაქის დერბი, რომელმაც შაბათის "ინტერი"-"ნეფთჩის" დამატებითი ინტრიგა მიანიჭა. აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის ნახეთ კარგი თბილისური დერბი?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ალექსანდრე იაშვილისა და ლადო დვალიშვილის გოლები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული