შოთა მახარაძე: თუ ვინმეს კაცი არ ხარ, საქართველოში არავინ გამუშავებს

AutoSharing Option
"ლელო" ნოემბერში წერდა, რომ ტირასპოლის "შერიფში" 34 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა მახარაძე მიიწვიეს - ცნობილი მწვრთნელის, თემურ მახარაძის ვაჟი.

მახარაძე "შერიფის" 1999 წელს დაბადებულთა გუნდის მთავარი მწვრთნელია და როგორც გვითხრა, შესაძლოა, მალე დუბლებში დააწინაურონ.

"ლელოსთან" ინტერვიუში შოთა მახარაძე სხვა საინტერესო ამბავსაც ჰყვება...

- ჯერ იმით დავიწყოთ, თუ როგორ მოხვდით "შერიფში"?
- ჩემი "სივი" ჰქონდათ, ინფორმაციები თავადაც გადაამოწმეს, დაინტერესდნენ და შევთანხმდით. 16-წლამდელებს ვავარჯიშებ და უფრო პატარა ასაკის ყველა გუნდს ვკურირებ. მადლიერი ვარ ვაჟა თარხნიშვილის, რომელმაც რეკომენდაცია გამიწია.

ამას გარდა, უკრაინელ და
ხორვატ მწვრთნელებთან ერთად, "შერიფის" ანალიტიკური ჯგუფის წევრი ვარ - ჩვენი და მეტოქე გუნდების მატჩების გარჩევა გვევალება, მათ შორის - მთავარი გუნდის და მისი მეტოქეების. სხვათა შორის, ევროპალიგაზეც ვიმუშავეთ.

- ევროპალიგაზე "შერიფი" შეხვდა "ტოტენჰემსაც", რომელმაც ჩვენი "დინამო" დაამარცხა...
- ეს შეხვედრაც გავარჩიეთ. მთავარია, ჩემი მუშაობით კმაყოფილები დარჩნენ და არაა გამორიცხული, მალე დუბლებში გადამიყვანონ. ყველაზე კარგი ის არის, რომ პატარებიდან დავიწყე, "შერიფის" სტრუქტურას გავეცანი და ასეც ჯობია. მათი პრინციპია - კლუბის სისტემაში თუ არ გაიარე სხვადასხვა საფეხური, ისე არ დაგაწინაურებენ. ასე დაიწყო ლეონიდ კუჩუკმაც, რომელიც ახლა მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელია. ეს არის აწყობილი სისტემა - დისციპლინა და მყარი საფეხბურთო კონცეფცია.

- ვაჟა თარხნიშვილის შესახებ რას გვეტყვით?
- ის "შერიფის" ცოცხალი ლეგენდაა. ფეხბურთელისადმი კლუბისა და ხალხის მსგავსი სიყვარული და პატივისცემა არსად მინახავს. ის ახლა "შერიფის" სპორტული დირექტორია და მისი დამსახურებაც არის, ევროპალიგაზე კიდევ ერთხელ რომ მოხვდნენ. სამწუხაროდ, გუნდში ქართველები მარტო ჩვენ ვართ.

- უცნაურია, რომ პატარა მოლდოვის გუნდი ასეთი წარმატებულია...
- ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ პოსტსაბჭოეთში "შერიფი" და "შახტარი" ყველაზე წარმატებული პროექტია. მაგრამ დონეცკელებს ლამის შეუზღუდავი ფინანსური საშუალებები აქვთ, ისინი დიდ ქვეყანას წარმოადგენენ. ევროპისა და ჩემპიონთა ლიგაში პატარა მოლდოვის გუნდის სისტემატური მოხვედრა კი ფანტასტიკაა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოკლე პერიოდში სერიოზული გარღვევა მოახერხო და ტრადიცია ჩამოაყალიბო. არა მგონია, ეს მოდელი ჩვენთვის, ქართველებისთვის უინტერესო იყოს. 1999 წელს ჩამოყალიბებული კლუბი თავისი ქვეყნის უპირობო ლიდერი და ევროპაში დაფასებული გუნდია.

- თქვენი აზრით, მსგავსი პროექტის საქართველოში განხორციელება შესაძლებელია?
- საამისოდ სისტემის აწყობაა საჭირო. "შერიფში" ყველა თავის ფუნქციას ასრულებს, ერთმანეთის საქმეში არავინ ერევა. მსგავსი კლუბის შექმნა საქართველოშიც შესაძლებელია, მით უფრო, რომ ძალიან დიდი რესურსი გაგვაჩნია და უნიჭიერესი ბავშვები გვყავს. მაგრამ ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ყველაფერს დეტალები წყვეტს. ეს დეტალები კი პროფესიონალიზმია.

- რესურსი თუ გვაქვს, ხელს რა გვიშლის, ვითომ მხოლოდ უფულობა?
- არა, უაზრო ამბიციებიც. ვითომ ყველამ ყველაფერი იცის და ყველა ყველას ასწავლის. მაგრამ რეალურად, პროფესიონალები ძალიან ცოტა გვყავს.

- ლატვიაში გიმუშავიათ, ახლა მოლდოვაში საქმიანობთ. უცხოეთიდან ჩამოსული ქართული ფეხბურთის პრობლემებს უფრო ადვილად შეამჩნევდით...
- ჩვენი პრობლემა არა იმდენად უფულობა და მწირი ინფრასტრუქტურაა, რამდენადაც სხვა - მუშაობა თუ გინდა, ვინმეს კაცი უნდა იყო. სწორედ ეს გვღუპავს. რაც უნდა ძლიერი იყო მოთამაშე ან მწვრთნელი, თუ ვიღაც გავლენიანის პროტექციით არ სარგებლობს, არავინ აგიყვანს და დაიჩაგრები. საქართველოშიც მიმუშავია და ვიცი, რასაც ვამბობ.

"შერიფში" კი სულ სხვა რამ აინტერესებთ - სარგებლობა უნდა მოუტანო სისტემას და შენი წვლილი შეიტანო კლუბის მშენებლობაში.

ჩვენთან პრობლემაა პროფესიონალიზმიც, განათლებაც და წინსვლის სურვილიც. ყოველდღე სიახლეს უნდა გაეცნოს როგორც მწვრთნელი, ასევე ფეხბურთელი. მომზადება, ტაქტიკა, ვარჯიშის მეთოდები ძალიან წინ წავიდა. ჩვენ კი მსოფლიოს ისე ჩამოვრჩით, რომ ამის აღმოფხვრა გაგვიჭირდება.

- მოლდოვაში სელექციას როგორ აწარმოებენ?
- ბავშვი იმ პერსპექტივით აჰყავთ, შეძლებს თუ არა ის ჩემპიონთა ლიგაში თამაშს და მერე ამისთვის სპეციალურად ამზადებენ. პატარა ასაკის გუნდები ხშირად დაგვყავს საერთაშორისო ტურნირებზე, რადგან ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შემთხვევაში, გუნდი 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაშიც უნდა ვათამაშოთ. ამ მიზნებისთვის მუშაობა მსიამოვნებს და დიდი სტიმულიც მაქვს. მაგრამ სამუშაო მეთოდების შერჩევაშიც ზომიერებაა საჭირო. მიბაძვა დამღუპველია, ორიგინალი კი ყოველთვის შეუცვლელია.

ჩვენთან ახლა ყველა "ბარსელონას" ჰბაძავს, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის საუკეთესო თვისებებს ვერ ვავითარებთ და საბოლოო ჯამში ვკარგავთ. ჩვენი სტილი და მეთოდები საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე უნდა ვიპოვოთ. საამისოდ, დეტალების დაზუსტება, დისციპლინა და ხარისხის მკაცრი მოთხოვნაა საჭირო. ევროპალიგაზე "ტოტენჰემი"-"დინამოს" შეხვედრები გავაანალიზე. ლონდონელებმა უზარმაზარი უპირატესობა იმის ხარჯზე მოიპოვეს, რომ ყველა დეტალში უკეთესები იყვნენ.

- ამ ჩამორჩენას ოდესმე თუ მოვსპობთ?
- დარწმუნებული ვარ, პროტექციას თუ მოვსპობთ, ჩამორჩენაც თანდათან შემცირდება. რა გგონიათ, მოლდოვამდე საქართველოში მუშაობა არ მსურდა?

არც განათლება მაკლია და არც პრაქტიკა: ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მწვრთნელობას გერმანიაში, ჰილდესჰაიმის სპორტული მეცნიერების უნივერსიტეტში ვეუფლებოდი და A-ლიცენზია მაქვს. პრაქტიკა გერმანულ სამოყვარულო გუნდშიც მქონდა, "ნორჩი დინამოს" ასაკობრივ ჯგუფებში და პირველი ლიგის გუნდშიც, "დაუგავას" საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი ვიყავი და დუბლებისაც, ბოლოს კი მამაჩემს, თემურ მახარაძეს, უმაღლესი ლიგის გუნდის გორის "დილას" საწვრთნელ პროცესში ვეხმარებოდი.

მუშაობაც მსურს. უცხო ქვეყანაში ადგილის დამკვიდრება ადვილი არ არის, მით უფრო, "შერიფის" დონის კლუბში. მაგრამ საქართველოში ნორმალური სამუშაო ვერ ვიპოვე და სხვა რა გზა მქონდა?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველო სამწუხაროდ ჩამორჩენილი ქვეყანაა, თუმცა ბევრ რაღაცეებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს (ბალტიის გარდა) უწრებს; აზერებს უკვირთ თქვენთან მებაჟე ფულს არ იღებს, ექიმთანაც მარტო ქვითრით მიდიხარ, პოლიციელთანაც; არის რაღაც მომენტები რითაც მათთვის (რუსებისთვისად, უკრაინელებისთვის) ეს ქვეყანა სამაგალითოა, მიუხედავად ყველა იმ უბედურებისა რაც აქ ხდება; რა გახდა ეს ფეხბურთი, რომ ამ პროტექციით და კორუპციით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ბოლო ადგილზე ვართ, და ზოგადად მოლდავასნაირი საცოდავი (ყველა სფეროში ჩვენზე საცოდავი)ქვეყანა გვჯობია
mauricio
14:30 25-01-2014
0
სიმართლე გადაარჩენს ქართულ ფეხბურთს!
guja_kakhadze
15:10 25-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული