ყველაზე დიდი ბედნიერება კი სპორტსმენისთვის ჯანმრთელობაა...
მათე ვაწაძე ახლა დანიური "ორჰუსის" ფეხბურთელია. მის გარდა, ამ კლუბში კიდევ ორი ქართველია - დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე.
თითოეულმა მათგანმა სხვადასხვა გზა გაიარა დანიაში მისვლამდე. ვაწაძის გადაწყვეტილება კი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ უკვე შემდგარი ფეხბურთელი იყო და აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთსა თუ უკრაინას ევროპის დასავლეთ ნაწილი ამჯობინა.
მათემ თითქოს უღელს დააღწია თავი...
მახსოვს, თბილისის "დინამოში" რომ დგამდა პირველ ნაბიჯებს,
თავიდან ვაწაძე ასეთივე ეფექტური თავდამსხმელის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიკვლევდა გზას და აღმოჩნდა, რომ "საჯარიმოს ფორვარდისთვის" ყველა საჭირო თვისება ჰქონდა. მცველთან ორთაბრძოლაში ადგილიდან ისე მოწყდებოდა, დასწრებაზე თამაშისთვის დიდ ფორას იქმნიდა; ბურთს იქ გააძვრენდა, სადაც ღრიჭო იყო და ბადეში ათავსებდა.
ვაწაძეს ზოგი ფილიპო ინძაგის ადარებდა. დინამოელი თავდამსხმელი არ კარგავდა დროს დრიბლინგისთვის, ეს მას არ სჭირდებოდა, ისედაც უსხლტებოდა დაცვას და თუ შეცდომაზე გამოიჭერდა მოწინააღმდეგეს, დანდობა არ იცოდა - გოლი გარდაუვალი ხდებოდა.
ქართველ ფეხბურთელს ახლა რეკლამა არ აქვს და ძალიან უჭირს კარგ უცხოურ გუნდში გადასვლა. ვაწაძემ "დინამოდან" ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მიაშურა.
ტრანსფერი წარმატებული გამოდგაო, ვერ ვიტყვით და ვაწაძეც ზოგმა ჩამოწერა - დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებსო...
...მაგრამ ისე მოხდა, რომ გორის "დილაზე" შეფობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო, საქმეში ჩაერთო მამუკა ჯუღელი... მაშინდელი "დილა" ძვირიან პროექტს წარმოადგენდა. ჯუღელმა, ასე ვთქვათ, გუნდში "თავის" ფეხბურთელებს მოუყარა თავი, ანუ მათ, ვის ტრანსფერებსაც აგვარებდა ჩრდილოელ მეზობლებში.
ვაწაძეც "დილაში" მოხვდა და მძლავრადაც ათამაშდა საქართველოს ჩემპიონატში, თასის გათამაშებასა და ევროტურნირზე. ის უკვე ნამდვილ გოლეადორად მოგვევლინა, "მატადორად", რომელიც ერთი მოქნევით აკრავდა ბეჭზე მოწინააღმდეგეს...
მოფულიანებული "დილას" ისტორია ხანგრძლივი ვერ გამოდგა. ესეც რომ არა, მათემ ისე ჩინებულად ითამაშა ამ გუნდში, რომ უკვე დრო იყო ისევ უცხოეთში წასასვლელად.
ცხადია, ვაწაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ყურადღებაც დაიმსახურა. ალბანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ლევან ყენიას საოცარი პასით ვაწაძემ ეფექტური თავური გაიტანა, დასწრებაზე ჩინებულად ითამაშა და იმედიც გააჩინა, რომ ჩვენს ნაკრებს მალე მაღალი დონის ცენტრფორვარდი ეყოლებოდა...
ალბანეთთან თამაშის შემდეგ (შარშან, მარტში) ვაწაძემ დანიაში მძიმე ტრავმა მიიღო - თოვლიან ამინდში ხელოვნურ საფარზე მცველთან ორთაბრძოლაში ისე დაშავდა, საოპერაციო შეიქნა - კარიერა დამუხრუჭდა.
მათე ახლა "ორჰუსთან" ერთად ვარჯიშობს, თუმცა სრულად გამოჯანმრთელებული ჯერ ვერ არის. იმ ფეხზე, რომელზეც ტრავმა მიიღო, კუნთი ორი სანტიმეტრით ნაკლები აქვს, ვიდრე საღსალამათ ფეხზე, ასეთ დროს კი სპორტსმენი დიდ დატვირთვებს, როგორც წესი, ვერ უძლებს.
ამასობაში დრო გადის...
მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესი რომ იწელება, ეს არაერთ ფეხბურთელს დამართნია. სპორტსმენი ამისთვისაც მზად უნდა იყოს. ვაწაძე 25 წლისაა და, ალბათ, ამ პრობლემასაც მოერევა.
კახა ცხადაძე, შოთა და არჩილ არველაძეები, გოგა გახოკიძე... ისინი ტრავმებს ბოლომდე ებრძოდნენ. მათაც არ გაუმართლათ, მაგრამ ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია.
ვაწაძისნაირი თავდამსხმელი კი ძალიან სჭირდება საქართველოს ნაკრებს. ამიტომაც დიდი ინტერესით ველოდებით მის სრულად გამოჯანმრთელებას, ბრძოლას ტრავმის დასამარცხებლად...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მათე ვაწაძე: ბედნიერი ვარ, რომ თამაში და სრულყოფილი ვარჯიში შემიძლია
მათე ვაწაძე: საქართველოს ნაკრებისთვის ჯერ ბევრი არაფერი გამიკეთებია