თარხნიშვილს რევიშვილზე გული დასწყდა: გაცილებით მეტს იმსახურებდა!

AutoSharing Option
ეს უკვე არახალია - ნუკრი რევიშვილი კარიერას მალტაში, მეორე ადგილზე მყოფ "ვალეტაში" გააგრძელებს.

ცხადია, საქართველოს ნაკრებისა და გორის "დილას" მეკარის გადაწყვეტილებამ ქართველი გულშემატკივარი არ გაახარა, რაკი მისთვის გაცილებით ძლიერი ლიგა და კლუბი ემეტებოდა, მაგრამ...

თავად რევიშვილმა გარკვევით თქვა, საქართველოში თამაშს იქ წასვლა სჯობიაო და მის არჩევანს, მოგვწონს თუ არა, პატივი უნდა ვცეთ.

მას ჰქონდა იმედი, რომ რუსეთში დაბრუნდებოდა და აზერბაიჯანული კლუბების (ლიდერების) წინადადებებზე უარი თქვა, რადგან მათთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება არ აწყობდა.

"ახლა ყველაზე კარგი ვარიანტი სწორედ "ვალეტა" იყო, რუსეთი
კი გამოირიცხა. მაგრამ მაისის შემდეგ შეიძლება ეს რეალური იყოს. 6 თვე როგორმე გავძლებ და, იმედია, რუსეთში გადავალ", - უთხრა რევიშვილმა "ლელოს".
იხილეთ: ნუკრი რევიშვილი: უბედურება ისაა, რომ აქ თამაშს მალტაში წასვლაც ჯობია

თუმცა შევიტყვეთ, რომ რევიშვილს "ვალეტაზე" არანაკლებ საინტერესო წინადადებაც ჰქონდა - მას მოლდოვის მრავალგზის ჩემპიონი და ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების მონაწილე, ტირასპოლის "შერიფი" იწვევდა.

ეს ამბავი ტირასპოლელთა სპორტულმა დირექტორმა ვაჟა თარხნიშვილმა გაგვიმხილა.

"როცა გავიგე, რომ ნუკრი რევიშვილი მალტურ კლუბში წავიდა, გული დამწყდა. ასეთი ნიჭიერი მეკარე გაცილებით მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებს. მის მენეჯერ მამუკა ჯუღელს ახლოს ვიცნობ, თბილისის "ლოკომოტივში" ერთად გვითამაშია და სწორედ მას ვთხოვე ნუკრისთან შუამავლობა.

რევიშვილი ძლიერი მეკარეა. ვიცი, რომ წლეულს მშვენიერ სეზონს ატარებს. სხვათა შორის, გორის "დილა" სპლიტში "ჰაიდუკს" რომ ხვდებოდა, ზუსტად იმ დროს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "შერიფი" ხორვატიაში ზაგრების "დინამოს" ეთამაშებოდა.

მატჩის შემდეგ, ოფიციალურ ვახშამზე ზაგრებელთა სპორტულმა დირექტორმა თქვა, რომ "ჰაიდუკი"-"დილას" შეხვედრას დაესწრო და გაოცებას ვერ მალავდა, ქართველებს მეკარემ მოაგებინაო. ამას რომ ვისმენდი, სიამაყით ავივსე.

მას შემდეგ დავინტერესდი რევიშვილით. ჯუღელსაც დაბრკოლებები არ შეუქმნია, ოღონდ მაღალ დონეზე ითამაშოს და მე არაფერი მინდაო. მაგრამ ევროპალიგიდან გავარდნის შემდეგ მოლდოვის ჩემპიონატში მისი თამაში საცოდაობა იქნებოდა და ეს ტრანსფერიც გამოირიცხა. არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ რევიშვილი "შერიფს" გამოადგებოდა", - ამბობს თარხნიშვილი.

"შერიფის" სპორტული დირექტორი, საერთოდ, ქართველი ფეხბურთელებითაა დაინტერესებული, მაგრამ სასურველი კადრი ვერ შეიგულა:

"ჩვენს პრეზიდენტ ვიქტორ გუშჩანს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა სურს და ამ მიზნით საკადრო პოლიტიკაც შეცვალა. თუ წლების განმავლობაში 17-18 წლის აფრიკელი, სამხრეთამერიკელი და პოსტსაბჭოელი ტალანტები მოჰყავდა და მათ გაზრდაზე ზრუნავდა, ახლა ჩამოყალიბებული, გაზრდილი მოთამაშეების ჩამოყვანას გეგმავს.

ამიტომაა, რომ დიდი ხანია, "შერიფში" ქართველი არ გამოჩენილა. ვინც ჩვენს მოთხოვნებს პასუხობს, ის ამბიციურია და მოლდოვისკენ გული არ მოუწევს, საშუალო დონის ფეხბურთელს კი "შერიფში" არ იწვევენ.

სამწუხაროდ, ქართველ ფეხბურთელებს ძველებურად აღარ ეტანებიან. ბევრიც უცნაურად იქცევა, ერთხელ გაიფაფხურებენ და მერე ჩერდებიან. არადა, ქართველებს უნიჭიერესი ბავშვები გვყავს".

თარხნიშვილი "შერიფის" საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელის, შოთა მახარაძის მუშაობითაც კმაყოფილია:

"კლუბის სპორტული დირექტორი ვარ და კარგად ვიცი, რომ თითოეულ მწვრთნელს დეტალურად აკვირდებიან.

თემურ მახარაძე კარგი მწვრთნელია და მადლობა მას წესიერი შვილის გაზრდისთვის. ხომ იცით, ყველგან გამადიდებელი მინით გვაკვირდებიან და ამიტომაც მიხარია, ქართველმა რომ გაგვიმართლა, რადგან ეს ჩვენი სახელია. "შერიფში" მკაცრი მოთხოვნებია და შოთა ყველას ათი თავით რომ არ სჯობდეს, არ დატოვებდნენ.

ახლა იყო ლაპარაკი, დუბლების მწვრთნელად დაეწინაურებინათ, მაგრამ მის ხელში 1999 წელს დაბადებულმა ბავშვებმა იმხელა პროგრესი განიცადეს, აინტერესებთ, გუნდს რა დონეზე განავითარებს და დროებით ისევ ასაკობრივ გუნდში დატოვეს.

პარალელურად, "შერიფს" თამაშების ანალიზშიც ეხმარება. ისეთი მონდომებულია, მნიშვნელოვანი მატჩის გარჩევის დროს ღამითაც ბევრჯერ დამკავშირებია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
:)
kukuna
21:30 30-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული