ამ დროისთვის, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილ კაპიტანს იჯარის ვადა დაუსრულდა. თანაც, დრო ისე მიილია, 18 წლის ფორვარდს ესპანეთში ერთხელაც არ უთამაშია.
ესპანურ კლუბს არაბულზე უარი მაინც არ უთქვამს, პირიქით - შეთანხმება გაუხანგრძლივა.
"ესპანეთში ყოფნისას, "ალკორკონის" ხელმძღვანელებს შევუთანხმდით, რომ ბაჩანას იჯარა ივნისამდე გაგრძელდეს", - გვითხრა "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.
ერთი თვეა, რაც არაბული ესპანეთშია,
როგორც ევროკავშირის წევრ ესპანეთში, ქართველ მოთამაშეებზე შრომის ვიზას ხანგრძლივი და რთული პროცედურების შემდეგ გასცემენ. მართალია, ქართველების მიწვევით თავს დიდად არსად იკლავენ, მაგრამ იმ ერთეულებს, რომლებითაც ევროპელები დაინტერესდნენ, მსგავსი პრობლემები ექმნებათ.
გამოსავალი არსებობს: გემახსოვრებათ, ერთი ხანობა, უნგრულ "დიორი ეტოში" ბევრი ქართველი ჩაირიცხა, მაგრამ ყველას ვერ ათამაშებდნენ. უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო კლუბის პრეზიდენტის ქართველმა მრჩეველმა ლაშა ოდილაძემ ლოზანის სპორტულ სასამართლოში იჩივლა, პროცესი მოიგო და დღეს ამ ქვეყანაში ქართველები ლეგიონერებად აღარ ითვლებიან.
მაგრამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იგივე ვერ ხერხდება. არადა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულება ვიზების შეღავათიანი გაცემის თაობაზე ამის საფუძველს იძლევა. დროა, ეს შეთანხმება გამოვიყენოთ, რაც ქართულ ფეხბურთს ძალიან წაადგება და იქნებ ჩვენი ფეხბურთელები რუსულ-უკრაინულ ორბიტას მოსწყდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"