დიუსელდორფის "ფორტუნას" ფეხბურთელის გადაბირებით, რომელიც მანამდე ლვოვის "კარპატის" ღირსებას იცავდა, სიმფეროპოლის "ტავრიაა" დაინტერესებული და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ყენიას "ტავრიაში" მიწვევის ინიციატორი კი გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვია, რომელიც ქართველს ჯერ კიდევ "კარპატიში" მუშაობისას წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ "ტავრია" ამ დროისთვის უკრაინის ჩემპიონატში ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფება. სიმფეროპოლელებს 17 მატჩის შემდეგ მხოლოდ 8 ქულა აქვთ.
ამასობაში, "ტავრიის" ფანკლუბის საიტმა ყენიას შესაძლო ტრანსფერის თემა უკვე აქტიურად აიტაცა
"ლევან ყენია ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იყო "კარპატიში", თუმცა ის იქ მხოლოდ თავის შესაძლებლობების 50-60 პროცენტს ავლენდა. ეს გასაგები იყო, რადგან ის ორი წელი მკურნალობდა და დროს სჭირდებოდა, რათა ფორმაში შესულიყო.
ყენია ბუზღუნებდა, როდესაც უკმაყოფილო იყო კლუბში ადმინისტრაციული სახის პრობლემების გამო, თუმცა საკმარისია მოედანზე გავიდეს და თვალი ბურთს მოჰკრას, რომ უმალ ყველაფერი ავიწყდება. ყენია წამიერად იღებს გადაწყვეტილებას და მცველებს მისი განზრახვის გამოცნობა არ შეუძლიათ.
ჩემთვის გასაგები იყო, რომ ვარჯიშებზე ის ასი პროცენტით ვერ დაიხარჯებოდა და ამიტომ ზოგიერთი სავარჯიშოს შესრულებისგან ვათავისუფლებდი. მთლიანობაში, მასთან განსაკუთრებული მიდგომა მქონდა. საბედნიეროდ, დანარჩენ ფეხბურთელებს ესმოდათ, რომ ის გარკვეულ დატვირთვებს დაზარების გამო არ ტოვებდა".
თავის მხრივ, ლევანიც თბილად საუბრობდა ნიკოლაი კოსტოვზე:
"მიუხედავად იმისა, რომ "კარპატიში" არცთუ კარგ ფორმაში მყოფი მივედი, ნიკოლაი კოსტოვმა ჩემი ირწმუნა და ამისთვის მისი მადლიერი ვარ. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთ ჭკვიან მწვრთნელთან მუშაობა".