ლატვიის ვირსლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი შეიყვანეს

AutoSharing Option
ფოტოზე: თამაზ პერტია, ირაკლი კლიმიაშვილი და ლაშა დვალი
ლატვიის ვირსლიგაში სეზონი დასრულდა. მოგეხსენებათ, რიგის "სკონტოში" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, გუნდში კი ირაკლი კლიმიაშვილი, ლევან ჭაჭიაშვილი და ლაშა დვალი ირიცხებიან.

"სკონტო" ლატვიის ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ქართველები კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაასახელეს.

12 ნოემბერს ინტერნეტგამოცემა "სპორტსცენტრმა" სეზონის სიმბოლური ნაკრები 4-4-2 სისტემით შეადგინა. იქ სამი ქართველი მოხვდა - ლიგის საუკეთესო მწვრთნელად პერტია დაასახელეს, ხოლო კლიმიაშვილი და დვალი, შესაბამისად, მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველის, ხოლო დვალი მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. გარდა ამისა, კლიმიაშვილი ნახევარმცველებში მე-3 პოზიციაზე
აღმოჩნდა, ხოლო დვალი მცველებში - მეოთხეზე.

ეს ყველაფერი ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფინანსური დავალიანების გამო "სკონტოს" 8 ქულა ჩამოაჭრეს და სწორედ ამდენით ჩამორჩა ჩემპიონ "ვენტსპილსს", რომელმაც 81 ქულას მოუყარა თავი.

საინტერესოა, რომ პერტია ზედიზედ მეორედ გახდა ლატვიის საუკეთესო მწვრთნელი, 2012 წელს კი საუკეთესო ახალგაზრდა სპეციალისტად დაასახელეს.

ირაკლი კლიმიაშვილი თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. "ვიტ ჯორჯიას" შემტევი ნახევარმცველი ამბიციურ მახაჭყალის "ანჟიში" ჩაირიცხა, იყო ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ხოლო 2008-09 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5-ჯერ ითამაშა.

მაგრამ დღემდე მისი კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა. მახაჭყალელებმა ჯერ ტაშკენტის "ფახთაქორში" გაანათხოვრეს, 2013 წელს კი რიგის "სკონტოში" აღმოჩნდა, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კი მისით აღარ ინტერესდება. კლიმიაშვილის აღიარება იმადაც გვიხარია, რომ დასაკარგავი ფეხბურთელები არ გვყავს...

ირაკლის ლატვიაში დავუკავშირდით და ჯერ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაზე ველაპარაკეთ:

"სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა ძალიან სასიამოვნოა. გამოდის, მთელი წელი ტყუილად არ მითამაშია.

საერთოდ, ლატვიაში წელიწადნახევრის წინ წამოვედი და მას შემდეგ სულ ძირითადში ვხვდები. ცხადია, ეს წამადგა.

ორმაგად სასიამოვნო კი ისაა, რომ სიმბოლურში ორი ქართველი ერთად მოვხვდით. ლაშა დვალი ძალიან ნიჭიერი მცველია და დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი აქვს".

26 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ "სკონტოს" სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა:

"ლატვიის ვიცე-ჩემპიონები გავხდით, რაც ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ კლუბს ფინანსური პრობლემები რომ არ ჰქონოდა, ჩემპიონობაც რეალური იყო. სეზონის დაწყებამდე, დავალიანების გამო, ლატვიის ფედერაციამ ახალი ფეხბურთელების განაცხადში შეყვანის უფლება არ მოგვცა და, პლუს ამას, 8 ქულაც დაგვაკლო.

თამაზ პერტია რომ არ ყოფილიყო, "სკონტო" დაიშლებოდა. გუნდში ფეხბურთელები მისი ავტორიტეტის გამო დავრჩით. წარმოიდგინეთ, პირადად მე 12 თვის ხელფასი მქონდა ასაღები, ზოგიერთს კი - 17 თვისაც! უცხო ქვეყანაში ასეთ ვითარებაში ცხოვრება ძალიან ძნელია.

კრიტიკული სიტუაცია ადრეც მქონია, მაგრამ წინ ყოველთვის ურთიერთპატივისცემას ვაყენებდი. პრეზიდენტთან და პერტიასთან კი კარგი ურთიერთობა მაქვს და თავს უფლებას ვერ ვაძლევდი, ქუდი დამეხურა და წამოვსულიყავი. მაგრამ ბოლო დროს უკეთესობა შეინიშნება და გუნდი დავალიანებას ნელ-ნელა ისტუმრებს.

აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და ეროვნულ ნაკრებს პოლონეთთან წარმატებას ვუსურვებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული