უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე: თავს უფრო ქართველად მივიჩნევ

AutoSharing Option
უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებისა და დონეცკის "ოლიმპიკის" მეკარე ზაურ მახარაძე აცხადებს, რომ თავს უფრო ქართველად გრძნობს, ვიდრე უკრაინელად. დანარჩენს კი MatchDay-ს ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ამ სეზონში ბევრი ითამაშეთ. რა ნიშანს დაუწერდით საკუთარ თავს?
- არა, ჩემს თამაშს არ შევაფასებ. ეს მწვრთნელების, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების საქმეა. ასე თუ ისე, კმაყოფილი ვარ, თუმცა შემეძლო, ერთი-ორჯერ გუნდი კიდევ გადამერჩინა, უკეთ რომ მეთამაშა. 14 ტურიდან 8-ში ვითამაშე, ეს ცოტა არ არის, მაგრამ მხოლოდ ერთი მატჩი "ნულზე" ცოტაა. ასე რომ, მოსამატებელი მაქვს.

- "ჩერნომორეცთან" სადებიუტო
მატჩში 4 გოლი გაუშვით. არ შეგეშინდათ, რომ მეტი შანსი არ მოგეცემოდათ?
- სიმართლე გითხრათ, ამას მშვიდად შევხვდი. დიახ, საწყენია 4 ბურთის გაშვება, მაგრამ ეს ფეხბურთია. ამის შემდეგ გარკვეული ხანი არ მათამაშებდნენ, თუმცა წარუმატებლობამ უფრო ძლიერი, დიდი და ჭკვიანი გამხადა.

- რომელი მატჩი იყო თქვენთვის გამორჩეული?
- ყველა მატჩი გამორჩეულია, ცუდიც და კარგიც. რაც მეტს მოიგებს გუნდი, მით უკეთესი.

- რატომ აირჩიეთ მეკარეობა?
- მომწონს! სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მეკარეობა თავიდანვე მომეწონა. კალათბურთზე დავდიოდი და პარალელურად, ფეხბურთზეც შევედი, მაშინვე კარში ჩავდექი. 9 წელია, უკვე "ოლიმპიკში" ვარ.

- ალბათ, აკადემიაში ყოფნისას "მეტალურგში" ან "შახტარში" თამაში გსურდათ...
- "შახტარში" მეპატიჟებოდნენ და თან არაერთხელ, მაგრამ უარი ვთქვი. რა პერსპექტივა უნდა მქონოდა, მაქსიმუმ, იჯარით გამიშვებდნენ, მე ეს კარგად მესმოდა.

- თამაშის მერე თუ ნახულობთ ჩანაწერებს?
- დიახ და ვაანალიზებ, შეიძლება მწვრთნელიც შემეკითხოს.

- რომელი მეკარეები მოგწონთ?
- კასილიასი, დე ხეა, ჰარტი, ჰოვარდი, ბუფონი... მათ ჩანაწერებს ხშირად ვუყურებ. უკრაინელებში კი საუკეთესო პიატოვია.

- დაიბადეთ უკრაინაში, ქართულ ოჯახში. თავს უფრო უკრაინელად მიიჩნევთ თუ ქართველად?
- მამა ქართველი მყავს, დედა - უკრაინელი. სიმართლე გითხრათ, ქართული მეტია ჩემში. ბევრ სიტუაციაში მივმხვდარვარ, რომ უფრო ქართულად ვიქცევი, ვიდრე უკრაინულად.

- საქართველოში ხშირად ჩადიხართ?
- არა, არ გამოდის. დიდი ხანია, იქ არ ვყოფილვარ. დიდი ხნით წასვლისთვის დრო არ მაქვს, მოკლე ხნით კი საქართველოში წასვლას აზრი არა აქვს, თუმცა ვგეგმავ.

- როგორი ქართული თვისებები გაქვთ? ნუთუ, სადღეგრძელოებს ამბობთ ან საჭმელების გაკეთება შეგიძლიათ?
- არა, სადღეგრძელოები არ ვიცი. უბრალოდ, იმპულსური ვარ, როგორც ყველა ქართველი.

- კომენტატორობას ხომ არ აპირებთ, როგორც თქვენი გამოჩენილი მოგვარე კოტე მახარაძე?
- არა, მამა მიყვებოდა მასზე, თუმცა მას სურდა, რომ ფეხბურთელი გამოვსულიყავი.

- ქართულ ფეხბურთს თვალყურს თუ ადევნებთ?
- ჩემპიონატს არა, ნაკრებს - რა თქმა უნდა! ვუყურებ, ვგულშემატკივრობ.

- რომელ ჩემპიონატს ადევნებთ თვალყურს?
- პრემიერლიგას, ლა ლიგას, სხვებსაც.

- "ოქროს ბურთს", ალბათ, ნოიერს მისცემდით?
- არავითარ შემთხვევაში! კრიშტიანო რონალდოს, რა თქმა უნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული