როინ კვასხვაძე: ახლა "ოთელოსიდან" წასვლა ჩემგან კარგი საქციელი არ იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ათინუს "ოთელოსის" მეკარე როინ კვასხვაძემ თავის გუნდთან ერთად კვიპროსის ჩემპიონატის პირველი წრე მეათე ადგილზე დაასრულა და სეზონის მეორე ნახევარში უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

"ოთელოსმა", კვიპროსის ჩემპიონატში თავიდანვე გამოკვეთილ აუტსაიდერად რომ მიიჩნეოდა, პირველი წრის 14 მატჩში მხოლოდ 16 გოლი გაუშვა და ამაში დიდია საქართველოს ნაკრების 25 წლის მეკარის წვლილიც.

შეგახსენებთ, რომ "ოთელოსის" ღირსებას კიდევ ერთი ქართველი, საყრდენი ნახევარმცველი ლევან ხმალაძე იცავს.

"ლელო" როინ კვასხვაძეს დაუკავშირდა...

- კვიპროსის ჩემპიონატის პირველი წრე მეათე ადგილზე დავასრულეთ და ახლა უმაღლეს ლიგაში
ადგილის შენარჩუნებისთვის მოგვიწევს ბრძოლა. მეტიც შეგვეძლო, მაგრამ ასეთი უიღბლობა არ მინახავს - ვინ მოთვლის, რამდენჯერ წავაგეთ ბოლო წუთებზე.

- რამდენად გადაწყვეტადია ელიტაში ადგილის შენარჩუნების ამოცანა?
- მეორე წრე უკეთესად უნდა ჩავატაროთ. მგონი, უპრობლემოდ დავრჩებით უმაღლეს ლიგაში.

- ვიცით, რომ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გქონდათ. რა მოხდა ასეთი?
- "ომონიასთან" შეხვედრაში საჯარიმოს გარეთ დავასწარი მოწინააღმდეგეს და ბურთი ავიღე. წითელი ბარათი და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს. უკვე მოვიხადე სასჯელი და კვიპროსის ჩემპიონატის განახლებისთანავე შემეძლება მინდორზე გასვლა.

- გუნდისთვის რა გითხრათ, მაგრამ თქვენთვის მიმდინარე სეზონი კარგია. ნუთუ, არ გაქვთ სხვა, უკეთესი ვარიანტები?
- ნამდვილად მაქვს, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, "ოთელოსს" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო. ახლა წასვლა ჩემგან კარგი საქციელი არ იქნება.

- ვარიანტებს არ დააკონკრეტებთ?
- ახლა ამას აზრი არ აქვს. აკი გითხარით, რომ "ოთელოსში" ვრჩები.

- არ იქნება, "ზესტაფონზეც" არ გკითხოთ. თქვენ წლების განმავლობაში იყავით ამ გუნდის ლიდერი და კაპიტანი...
- ძალიან მწყდება გული, რომ ასე მოხდა. ზესტაფონში ყოველთვის უნდა იყოს გუნდი და, რაც მთავარია, ისეთი გუნდი, რომელიც საქართველოში პირველობისთვის იბრძოლებს.

მჯერა, რომ მალე გამოსწორდება ყველაფერი. მივმართავ ჩემს მეგობრებს, რომ არ დაკარგონ უკეთესი მომავლის რწმენა. მეც თქვენთან ერთად მიგულეთ ამ წუთებში - ასე მივმართავდი ზესტაფონელ ქომაგებს.

მარტო ქალაქს კი არა, მთლიანად ქართულ ფეხბურთს სჭირდება "ზესტაფონი" და ის არ უნდა დაიშალოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი კაცი ხარ როინ
avto
14:22 28-12-2014
0
ოტელოსსჰი სავარაუდოტ მესამე ქარტველიც უნდა იყოს აბა კარგად მოდზებნეტ :)
zuzu
16:10 28-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული