"შიშხანოვმა მაშინვე მითხრა, სელექციონერად გნიშნავ და საქართველოში ჩვენი კლუბისთვის იმუშავეო"

AutoSharing Option
ლევან კორღალიძემ კარიერა შარშან, სექტემბერში დაასრულა და მამის, ოთარ კორღალიძის გზით წასვლა გადაწყვიტა. უფროსმა კორღალიძემაც ხომ საფეხბურთო კარიერის შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი...

მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ - მცირე ხნის წინ ლევანის ყოფილ კლუბ კიშინიოვის "დაჩიაში" "ზესტაფონის" თავდამსხმელი ჯაბა დვალი მიიწვიეს, ახლა კი იქ კარიერას, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი დავით სირაძე გააგრძელებს. როგორც შევიტყვეთ, ორივე შემთხვევაში ქართველებს რეკომენდაცია სწორედ უმცროსმა კორღალიძემ გაუწია.

"მენეჯერობა არ მსურდა, მაგრამ "დაჩიას" მეპატრონე ადლან შიშხანოვთან კარგი ურთიერთობა მაქვს და როცა პრობლემურ პოზიციებზე მოთამაშეების შერჩევა
მთხოვა, ქართველებიდან დვალი და სირაძე ვურჩიე. ამით ჩვენს ფეხბურთელებსაც ვეხმარები და კიშინიოველებსაც.

შიშხანოვმა მაშინვე მითხრა, სელექციონერად გნიშნავ და საქართველოში ჩვენი კლუბისთვის იმუშავეო", - ამბობს კორღალიძე.

ის სირაძეზეც გველაპარაკა:

"ამ ინფორმაციის გავრცელებისას, მოლდოვურმა მედიამ ძალიან იჩქარა. საქმე ისაა, რომ საკითხი ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი - სირაძეს ამ მომენტისთვის კონტრაქტი არ გაუფორმებია. ყველაფერი ერთ კვირაში გვეცოდინება".

კორღალიძე იქვე დასძენს, რომ მას სელექციონერობა არ სურს:

"ჩინელი ფილოსოფოსის ნათქვამია - "იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს და აღარასოდეს მოგიწევს მუშაობა". შიშხანოვსაც ეს ვუთხარი, რომ მაინც მწვრთნელობა მინდა, თანაც - ძალიან, სელექციონერობა კი დიდად არ მხიბლავს-მეთქი.

ისე, ჩემს სამწვრთნელო მომავალზეც მელაპარაკა და ამაზეც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ჯერ ფეხს ვითრევ, მინდა, მუშაობა საქართველოში დავიწყო, A-ლიცენზია ავიღო და მწვრთნელობით ქართულ ფეხბურთს მცირედით მაინც გამოვადგე".

კორღალიძის თქმით, მოლდოვაში საფეხბურთო მეურნეობას საკმაოდ კარგად მიხედეს:

"მოლდოვურ ფეხბურთში ზღაპრული პირობები არაა, მაგრამ საფეხბურთო ატმოსფერო შექმნეს. არაფერს ვამბობ ტირასპოლის "შერიფზე", რომელსაც ევროპული გრანდების დარი სავარჯიშო პირობები აქვს.

ბოლო პერიოდში უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს აუშენეს სერიოზული ბაზები, სტადიონები... მოედნებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - ყველა ბუნებრივ მინდორზე ვარჯიშობს, ხელოვნურ საფარზე კი მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობს.

სამწუხაროდ, მოლდოველებმა ამ მხრივ საქართველოს საკმაოდ გაუსწრეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული