როგორც შევიტყვეთ, გუნდში მესამე ქართველიც მიიწვიეს, ოღონდ ის არც მწვრთნელია და არც ფეხბურთელი - ექიმი ემზარ ჭუმბურიძე სპორტული მედიცინის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია: იყო "საბურთალოს", "გაგრასა" და გიორგი დევდარიანის 19-წლამდელთა (1993 წელს დაბადებულებში) ნაკრების ექიმი, ბოლო დროს კი კლინიკა "სიტი სპორტის" ხელმძღვანელი
"მესამე თვეა, რაც ჩიხრაძემ და ჯელაძემ "სიმურგში" მიმიწვიეს. ერთად გვიმუშავია და ეტყობა მიიჩნიეს, რომ გუნდს გამოვადგები. რა თქმა უნდა, ამ დაინტერესებამ გამახარა და მუშაობა დავიწყე", - ამბობს ჭუმბურიძე.
მოგვწონს თუ არა, თანამედროვე სპორტში წარმატება დიდწილად ფარმაკოლოგიასა და მედიცინაზეცაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო საქართველო ამ მიმართულებითაც ჩამორჩა მსოფლიო ტენდენციებს.
ჭუმბურიძე ყურადღებას სწორედ ამაზე ამახვილებს:
"ვიცოდი, რომ აზერბაიჯანელები საკმაოდ წინ წავიდნენ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არა მხოლოდ სავარჯიშო, არამედ სამედიცინო მომსახურების მხრივაც ფანტასტიკური პირობებია და გადაუჭარბებლად ვიტყვი - ამ მხრივ არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ ჩამორჩებიან.
ზაქათალაში შემიძლია იმ აპარატურით ვისარგებლო, რაც თბილისში სარეაბილიტაციო კლინიკებს არ გააჩნიათ. სამედიცინო საკითხებში ჩახედული ადამიანი მიხვდება, რასაც ვამბობ.
ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ფეხბურთელები კარიერას ტრავმის გამო ამთავრებენ, მაგრამ ასეთებიც მომხდარა - უფულობის გამო მკურნალობის საშუალება ბევრს არ ჰქონია. აზერბაიჯანში ასეთი რამ გამორიცხულია.
არადა, ქართველებს სპორტულ მედიცინაში ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები გვყავს. უბრალოდ, მათ პირობები უნდა შეუქმნან და ნახავთ, როგორც იმუშავებენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"