ტურინის "იუვენტუსს" ბოლოს მხოლოდ ალესანდრო მატრი შერჩა

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტურინის "იუვენტუსმა" სებასტიან ჯოვინკო გაუშვა, ალესანდრო მატრი კი დაიმატა.

სება ზაფხულში უნდა წასულიყო კანადაში, მაგრამ მასიმილიანო ალეგრიმ მის სამსახურზე უარი თქვა, შემდეგ კი არჩევანი მატრიზე შეაჩერა, რომლის კონკურენტი პაბლო ოსვალდო იყო. შესაბამისად, ოსვალდოს ტურინში გადაბარგება გამოირიცხა, 29 წლის მატრიმ კი "ჯენოა" უკვე დატოვა და ტურინშია.

"იუვენტუსის" გულშემატკივრები კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან - ვესლი სნეიდერის ნაცვლად, მათ მატრი შერჩათ და ამასთან, გუნდი ჯოვინკომ დატოვა, რომელიც არ იყო ცუდ ფორმაში და როცა კი შანსი მიეცა, თავი
ყოველთვის გამოიჩინა. "ვეკია სენიორას" წინ გადამწყვეტი ბატალიები ელის, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე და ვის იმედზეა გუნდი თავდასხმაში? - მხოლოდ კარლოს ტევესის, რომელიც კარგ სეზონს ატარებს, სხვებს კი გოლის გატანა აშკარად უჭირთ.

ვერც ფერნანდო ლორენტე ბრწყინავს, ვერც ალვარო მორატა და კინგსლი კომანით რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს ვერ მოიგებ, ცხადზე უცხადესია. რა მოხდება იმ შემთხვევაში, ტევესს რომ რამე დაემართოს? - "იუვე", ფაქტობრივად, გამტანი ფორვარდის გარეშე რჩება და მთელი იმედები ნახევარდაცვაზე უნდა გადავიდეს. იქნებ ანდრეა პირლომ გაისროლოს, ან არტურო ვიდალმა, ან პოლ პოგბამ...

შესაძლოა, სერია A-ში სამეულისთვის მებრძოლი გუნდისთვის ეს საკმარისი იყოს, მაგრამ როდესაც გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა აქვს დასახული, იქ გაცილებით მეტი რესურსია საჭირო.

ასეთი პოზიციაა გულშემატკივართა დიდ ნაწილში და იტალიურ სპორტულ პრესაშიც დაახლოებით მსგავსი პათოსის სტატიები იბეჭდება - "გაძეტა დელო სპორტმა" ტურინული გრანდის სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას კომენტარი ჩამოართვა:

"ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რთულია ვარსკვლავების გადაბირება და ხშირად კლუბები თავისუფალ აგენტებს იმატებენ ან ისეთი ფეხბურთელი მიჰყავთ, რომელსაც კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრა ძალუძს. ალესანდრო მატრი მაღალი კლასის ფორვარდია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერთოს თამაშში და გადამწყვეტი როლი შეასრულოს. მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და იმედია, კიდევ უკეთესად გააგრძელებს.

რატომ წავიდა ჯოვინკო? - ის უკვე "ტორონტოს" ფეხბურთელი იყო და ვარჯიშებზე მოტივაციის ნაკლებობა ეტყობოდა. აზრი არ ჰქონდა სებას სეზონის ბოლომდე შენარჩუნებას და წასვლამ თვითონ ფეხბურთელიც გაახარა. ჯოვინკოს წარმატებას ვუსურვებ, ჩვენ კი წინ მთავარი ბრძოლები გველის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული