გიორგი ჭანტურია: გადაწყვეტილია, "ვერონასთან" ოთხწლიანს გავაფორმებ!

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გიორგი ჭანტურია რუმინულ "კლუჟში" დაბრუნდა, საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევს აღარ შევხმიანებივართ. გიორგისთან სასაუბრო საკმაოდ დაგროვდა - აქეთ "კლუჟის" გაჭირვება და "ტოკიოს" ვარიანტი, იქით ფეხბურთელის მომავალი და კარსმომდგარი სანაკრებო შეხვედრები...

"ლელო" ჭანტურიას რუმინეთში დაუკავშირდა და მისგან ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური სიახლე შეიტყო. ამაზე ქვემოთ, საუბარი კი რუმინულ კლუბში არსებული სიტუაციის განხილვით დავიწყეთ.

- "კლუჟში" უმძიმესი სიტუაციაა. კვლავ ფინანსური კრიზისი მძვინვარებს. ამას ისიც დაემატა, რომ გუნდს 24 ქულა დააკლეს და ტრანსფერები აუკრძალეს. მოკლედ, საქმეები ვერ მიდის კარგად.

- კლუბის
ასეთი მდგომარეობა თქვენზე უარყოფითად არ მოქმედებს?

- მე მაინც პოზიტიურად ვუყურებ ყველაფერს და ჩემს მომავალს. რაც მთავარია, 31 ივნისს იწურება "კლუჟთან" ჩემი კონტრაქტის ვადა და უკვე გადაწყვეტით შემიძლია გითხრათ, რომ საბოლოოდ გაიყრება ჩვენი გზები - ამ გუნდში აღარ ვითამაშებ.

- როგორ გესახებათ თქვენი მომავალი? "ვერონადან" ხომ არავინ შეგეხმიანათ?
- პირველად თქვენ გეუბნებით: სულ ახლახან მქონდა შეხვედრა "ვერონას" წარმომადგენლებთან. გადაწყვეტილი ამბავია, რომ 1-ელ ივლისს კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოვაწერ ხელს და ამ გუნდის სრულუფლებიანი წევრი გავხდები.

- ეს კარგია. ახლა ის გვითხარით, რატომ დაბრუნდით "კლუჟში"? იაპონური "ტოკიო" ხომ გთავაზობდათ გამზადებულ კონტრაქტს?
- "ტოკიოს" მართლა ძალიან უნდოდა ჩემი აყვანა, მზად იყო ძალიან კარგი კონტრაქტიც, მაგრამ იაპონიაში წასვლაზე თავად ვთქვი უარი. ბევრი ვიფიქრე, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად და ყველა იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჯერ ჩემთვის ძალიან ადრეა მატერიალურ ასპექტზე აქცენტის გაკეთება.

მე ასე მგონია: იაპონიაში ჩემი წასვლა მხოლოდ კონტრაქტის ხათრით, ეს იქნებოდა ჩემს კარიერაში უკან გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. ჯერ დიდი ხანი არაა, რაც ფეხბურთს ვთამაშობ და ასეთი შეცდომები უკვე დავუშვი. სიმართლე გითხრათ, აღარ ვაპირებ მათ გამეორებას.

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. მოუთმენლად ველით მარტის ბოლოს - ჯერ მალტასთან გვაქვს საშინაო ამხანაგური მატჩი, მერე კი გამომცდელად თვით მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია გვესტუმრება...
- საქართველოს ნაკრებს ახალი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს და მთელი გულით ვუსურვებ მას წარმატებას. მჯერა, ერთად დგომით, ბევრი შრომითა და პროფესიონალიზმით შეგვიძლია წარმატების მიღწევა, ქართველი გულშემატკივრის გახარება.

რაც შეეხება ორ კონკრეტულ მატჩს, მალტასთან უდავო ფავორიტები ვართ და მგონია, რომ მოვიგებთ, თუმცა მოდუნება და მეტოქის შეუფასებლობა არ შეიძლება. დღეს ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა.

რაც შეეხება გერმანიას, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და ჩვენთან კი არა, ნებისმიერ სხვა ნაკრებთანაც ფავორიტია. ვიცი, რომ ბიჭები ამ თამაშში 100 პროცენტით დაიხარჯებიან. დასაკარგი არაფერი გვაქვს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვისიამოვნებთ დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშით.

საქართველოს ნაკრები ყველა ჩვენგანისთვის არის უმთავრესი. ჩვენ ყველანი ვოცნებობთ მის წარმატებაზე და იმაზე, რომ ხალხს სიამოვნება მივანიჭოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მარად ახალგაზრდა პერსფექტიული ფეხბურთელი :(
jorj
00:08 10-03-2015
0
ბევრი გვინახავს ეგეთი რომ ევროპულ კლუბში გადადის, დღედღეზე აფორმებს კონტრაქტს, მაგრამ ცარიელი ოპტიმიზმი და სასურვილის რეალობად გასაღება საკუთარი თავის და გულშემატკივრის მოტყუება არის.
გადახტი და ოპლა მერე დაიძახე!
18:19 11-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული