აკაკი გოგია ინგლისის ჩემპიონშიფის "ბრენტფორდში" გადავიდა

AutoSharing Option
"ვოლფსბურგისა" და "აუგსბურგის" ყოფილი ფეხბურთელი აკაკი გოგია ამბობდა - სეზონის ბოლოს გერმანიას დავტოვებ და ძალებს უფრო მაღალი დონის ლიგაში მოვსინჯავო. ასეც მოხდა - III ბუნდესლიგის "ჰალეშერის" შემტევი ნახევარმცველი "ბრენტფორდში" ჩაირიცხა.

ჩემპიონშიფის მეხუთეადგილოსან გუნდთან კონტრაქტი გოგიამ 16 მაისს გააფორმა - ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა. ხელშეკრულების ვადა მითითებული არ არის, მხოლოდ ის წერია, რომ გარიგება გრძელვადიანია.

23 წლის გოგიას "ჰალეშერთან" (ამ გუნდის შემადგენლობაში მან 32 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი) კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. მან სწორედ ამით ისარგებლა და "ბრენტფორდთან" გარიგებას ხელი
სეზონის დასრულებამდე მოაწერა.

რუსთავში დაბადებულ-გაზრდილი ფეხბურთელი გერმანიაში 11 წლისა წავიდა და ამ ქვეყნის 18, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში ითამაშა. კარიერა "ვოლფსბურგში" დაიწყო, საიდანაც იჯარით ჯერ "აუგსბურგში" გადავიდა, ხოლო მერე - "ზანკტ პაულიში", კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი "ჰალეშერს" მიაშურა.

გოგია "ბრენტფორდს" ივლისში შეუერთდება. მიმდინარე სეზონი ამ გუნდმა მე-5 ადგილზე დაასრულა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში "მიდლსბროსთან" არკვევდა ურთიერთობას. სამწუხაროდ, "ბრენტფორდმა" ორივე შეხვედრა წააგო (1:2 და 0:3) და პრემიერლიგაში გადასვლა ოცნებად დაიტოვა - იქნებ ეს ქართველთან ერთად შეძლოს...

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინათ, "მიტელდოიჩე ცაიტუნგთან" ინტერვიუში, გოგიამ გაამხილა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ და ნაკრებში თამაში შესთავაზეს. სურვილი თავადაც აღმოაჩნდა, ოღონდ მთავარია, ახლა მოქალაქეობის საკითხი მოგვარდეს და 11 ოქტომბერს, ლაიპციგში, გერმანიასთან შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრების ფორმაც მოირგოს.

ლონდონის ახლოს გაშენებული პატარა ქალაქ ბრენტფორდის კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია - ის 1889 წელს დაარსდა, თუმცა დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის. ისე კი, სხვადასხვა დროს მისი ფორმით ბევრ ცნობილ ფეხბურთელსა თუ შემდგომში მწვრთნელს უთამაშია - პოლ მერსონს, ლეს ფერდინანდს, ცნობილ სპეციალისტ ჰარი რედნაპს, ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელ რონ გრინვუდს, ირლანდიის ნაკრების მცველ კრის ჰიუტონს... ამ გუნდიდან გაიცნეს ბრიტანელებმა პოლონეთის ნაკრებისა და "არსენალის" მეკარე ვოიცეხ შჩესნი, ისლანდიელი ჰერმარ ჰრეიდარსონი...

იმედია, გოგიაც მათ გზას გაუყვება, მაგრამ საკითხავი ისაა - საქართველოს პასპორტის აღების შემთხვევაში, ინგლისში თამაშის უფლება ექნება?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული