სან მარინოსთან ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგებაა - ირაკლი გოგინაშვილს სხვა ევროპა უნდა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველი ირაკლი გოგინაშვილი გასულ სეზონში მოლდოვის უმაღლესი ლიგის ბინადარ ჩადირ-ლუნგას "საქსანის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მან სეზონი მაჟორულ ნოტაზე ჩაამთავრა - "აკადემიასთან" შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა.

გოგინაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემაც იხმო შეკრებაზე. 21-წლამდელებთან ერთად მან უკვე ივარჯიშა კიდეც.

გოგინაშვილმა "ლელოს" კითხვებს უპასუხა.

- ირაკლი, თავდაპირველად გაიხსენეთ, როგორ შემოვიდა ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში. ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი?
- ხუთი წლის ვიყავი, როცა ვაკეში, "ირაოზე" შემიყვანეს ფეხბურთზე. ამის შემდეგ გადავედი საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში", სადაც ჯონი ჯანელიძე და
კოტე მელქაძე მავარჯიშებდნენ. ამის შემდეგ მივედი 35-ე საფეხბურთო სკოლაში გუბაზ დოლიძესთან.

ამას მოჰყვა რუსთავის "მეტალურგში" გადასვლა. სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში ვითამაშე პირველად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ვარლამ კილასონიასი ძალიან მადლიერი ვარ.

- ოჯახში თუ მოგიწონეს არჩევანი?
- კი, ყველა გვერდით დამიდგა. სხვათა შორის, დღემდე პირველად მამას ვეკითხები რჩევას. ისაა ჩემი ყველაზე დიდი ქომაგი.

- როგორ მოხვდით მოლდოვაში?
- ჩემმა მენეჯერმა, დავით ყენიამ მამცნო "საქსანის" დაინტერესების თაობაზე. ეს გუნდი დასრულებული სეზონის წინ გადმოვიდა მოლდოვის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და ამის მიუხედავად, ამბიციები არ აკლია.

თავდაპირველად გუნდს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმირ ლიუტი წვრთნიდა. მერე ახალი მწვრთნელი მოვიდა. საბოლოო ჯამში "საქსანმა" მოლდოვის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც სადებიუტო სეზონის კვალობაზე შესანიშნავი შედეგია.

ის კი არა, გუნდს ევროთასებზე მოხვედრის შანსიც აქვს. კიშინიოვის "დაჩიაში" გარკვეული პრობლემებია და თუ გუნდი არ დაუშვეს ევროპალიგაზე, მაშინ ჩვენ ვითამაშებთ მათ მაგივრად.

- კიდევ რა შეგიძლიათ თქვათ "საქსანის" თაობაზე?
- გუნდში 13 ლეგიონერი იყო, მათ შორის, 10 - აფრიკელი. იყვნენ რუსები და მე. ვთამაშობდით ტაქტიკურად გამართულ, ორგანიზებულ ფეხბურთს.

- თქვენ რომელ პოზიციაზე გაყენებდათ მწვრთნელი?
- უფრო ჩემს საყვარელ ადგილას, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. როცა "საქსანი" შედარებით დიდ ყურადღებას უთმობდა დაცვას, მაშინ საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი.

- ორი სიტყვით შევეხოთ თქვენ მიერ შესრულებულ ჰეთ-თრიკს "აკადემიასთან" შეხვედრაში...
- ის მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდისთვის. მეხუთე ადგილზე გავდიოდით მოგების შემთხვევაში და სერიოზულად მოვემზადეთ.

სხვანაირად ნუ გამიგებთ და, მთელი გუნდი ჩემზე იყო აწყობილი. არის ხოლმე დღეები ფეხბურთელის ცხოვრებაში, როცა მას ყველაფერი გამოსდის. ასე იყო იმ დღეს ჩემს შემთხვევაშიც.

- "საქსანში" დარჩენას აპირებთ?
- არა, მინდა ძალა სხვა დონეზე მოვსინჯო. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას. მოლდოვის ჩემპიონატში თამაში ძალიან წამადგა. ახალგაზრდულ ასაკში სიძნელეების მარტო გადალახვას შევეჩვიე.

სტატისტიკა ყველაფერზე როდი მეტყველებს, მაგრამ მაინც ბევრს ნიშნავს. ყველა შეხვედრა ჩავატარე გუნდის შემადგენლობაში. ჩემს აზრს არ ვამბობ, პრესა წერდა ხოლმე - გოგინაშვილი "საქსანის" ლიდერიაო.

- ევროთასებზე თუ გავიდა გუნდი, მაშინ არ დარჩებით "საქსანში"?
- ასეთ შემთხვევაში დალაპარაკება შეიძლება, ოღონდ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ევროთასებზე ვითამაშებ გუნდის შემადგენლობაში. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი - მომავალი სეზონი ახალ გუნდში უნდა დავიწყო.

- ვიცით, რომ თქვენი გადაბირებით წამყვანი მოლდოვური გუნდები დაინტერესდნენ...
- კი, არის ინტერესი "შერიფისა" და "დაჩიას" მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა, თუმცა მე მაინც მინდა, რომ ნაღდ ევროპულ ჩემპიონატში მოვსინჯო ძალა.

- არის ვარიანტები?
- ჯერ კონკრეტული არაფერი, მხოლოდ - საუბრის დონეზე. ლაპარაკია ბულგარეთზე, რუმინეთზე... არის სლოვაკური ინტერესიც.

- სან მარინოსთან შესარჩევი მატჩისთვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ხართ გამოძახებული?
- უკვე ვივარჯიშე ნაკრებთან ერთად. სან მარინოსთან ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგებაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული