ზურაბ არზიანი: პასპორტითაც და გულითაც ქართველი ვარ!

AutoSharing Option
27 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ზურაბ არზიანმა, დავით დარციმელიასთან ერთად, უნგრული "სპარტაკუსი" დატოვა და ახალი კლუბის ძიებაშია.

არზიანი საინტერესო ფეხბურთელია. ის 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" მარცხენა მცველის, მალხაზ არზიანის ვაჟია. ზურაბის თითქმის მთელმა კარიერამ რუსეთში ჩაიარა, თუმცა უთამაშია საქართველოშიც. რუსეთში ის "სატურნის", "რუბინის", "ანჟის", ვოლგას", "გაზოვიკისა" და "სახალინის" ღირსებას იცავდა, საქართველოში კი სხვადასხვა დროს თამაშობდა რუსთავის "ოლიმპში", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილაში".

არზიანთან საუბარი უნგრულ "სპარტაკუსში" განვითარებული მოვლენებით დავიწყეთ.

- იძულებული ვიყავი, დავით დარციმელიასთან ერთად გუნდი დამეტოვებინა. გადაწყვეტილი ამბავია: "სპარტაკუსს" მესამე
ლიგაში აქვეითებენ.

- რატომ, რა გახდა ამის მიზეზი?
- საქმე ისაა, რომ კლუბს ერთ-ერთი ფეხბურთელის დავალიანება ჰქონდა. ისე მოხდა, რომ ეს ვალი გაისტუმრეს, მაგრამ გვიან. ამის გამო უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ "სპარტაკუსს" ლიცენზია არ მისცა.

- კლუბის ხელმძღვანელობას თქვენთვის გუნდში დარჩენა არ შემოუთავაზებია?
- კი, და თან - არაერთხელ. რაღა შორს წავიდეთ, ორშაბათსაც დამირეკეს და მთხოვეს, გუნდში დაბრუნდიო. უარი ვთქვი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძველებურად აღარ დაფინანსდება კლუბი. არის მეორე მომენტიც - მესამე ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის.

- რას იტყვით უნგრეთის ჩემპიონატზე, როგორ შეაფასებთ მის დონეს?
- პირველად ვითამაშე ნაღდ ევროპულ ჩემპიონატში და ვერ გეტყვით, რომ ბოლომდე აღფრთოვანებული ვარ. უნგრეთის პირველობაზე რამდენიმე კარგი გუნდია, მაგალითად - "ფერენცვაროში" და "ვიდეოტონი". დანარჩენები კი დაახლოებით ერთი დონისანი არიან. რასაც ვერ წაართმევ უნგრეთის ჩემპიონატს, ეს არის არნახული დაძაბულობა. ვერ გაიგებ, ვინ ვისთან მოიგებს და ვინ ვისთან წააგებს. საერთო დონე თანაბარია. აქცენტი სწრაფ ფეხბურთზე კეთდება.

მთლიანობაში, უნგრეთის ჩემპიონატს საშუალო დონის ევროპული პირველობების რიცხვს მივაკუთვნებდი. ინფრასტრუქტურის კუთხით კი ყველაფერი წესრიგშია.

- თქვენი კარიერა რუსეთში ძალიან იმედისმომცემად დაიწყო. რატომ ვერ გაამართლეთ ბოლომდე გაცემული ავანსები? ხომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ქართველობის გამო დაიჩაგრეთ?
- არა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი. უბრალოდ, არიან ისეთი ადამიანები, რომელთა დანახვაც დღეს არ მსიამოვნებს... აღარ მინდა დავწვრილმანდე ამ თემაზე...

- თქვენთვის განსაკუთრებული შანსი იყო ყაზანის "რუბინი". რატომ ვერ დამკვიდრდით ამ გუნდში?
- მართლაც კარგად მახსენდება ის პერიოდი. 17 წლის ვიყავი, ძირითად გუნდთან ერთად რომ ვცხოვრობდი და ვვარჯიშობდი. ვერავის დავაბრალებ იმას, რომ არ ამეწყო ამ გუნდში კარიერა. სიმართლე მიყვარს და ასე ვიტყვი - ყველაფერი ჩემი ბრალია. რას ვიზამთ, დროს უკან ვერავინ დააბრუნებს.

- რადგან "რუბინზე" ვსაუბრობთ, ყურბან ბერდიევზე ვთქვათ - ის განსაკუთრებული ადამიანია, არ იშორებს კრიალოსანს, ცოტას ლაპარაკობს და ჟურნალისტებს არ სწყალობს. როგორია თქვენ მიერ დანახული ბერდიევი?
- ბერდიევი ის მწვრთნელი არ არის, ძალიან ახლოს რომ მიგიშვებს. ამის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი ერუდიციის კაცია და ბრწყინვალედ ესმის ფეხბურთი. მასთან რამდენჯერმე პირადად მისაუბრია. დიდ პიროვნულ სითბოს ამჟღავნებს ჩემ მიმართ.

- ამის მერე იყო "ანჟი", სადაც ძირითადის ფეხბურთელი იყავით...
- დაღესტანში მართლაც შესანიშნავი პერიოდი გავატარე. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ჩემი იქ ყოფნის პერიოდში აღზევდა "ანჟი" რუსულ პრემიერლიგაში. უმაღლეს ლიგაში რომ გადავიდა გუნდი, მერე უკვე ცოტას ვთამაშობდი, თუმცა ეს სხვა თემაა.

- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში პირველად 2007 წელს ითამაშეთ რუსთავის "ოლიმპში". მას შემდეგ საით მიდის ჩვენი პირველობა, თუ ადევნებთ თვალყურს?
- "ოლიმპში" ძალიან ცოტა ხანს ვითამაშე, მხოლოდ ერთ მატჩში მივიღე მონაწილეობა და 30 წუთი ვიყავი მინდორზე. უფრო მეტად იმ დროზე შემიძლია ვიმსჯელო, როცა თბილისის "დინამოსა" და გორის "დილაში" ვიყავი.

ქართული ფეხბურთი ძალიან მიყვარს. არ მინდა, მასზე თუნდაც მცირე რამ ვთქვა უარყოფითად. უბრალოდ, წინსვლას ვერ ვატყობ. ალბათ, უფრო უკუსვლაა. თუნდაც ის პერიოდი ავიღოთ, "დილაში" რომ ვიყავი. მაშინ ჩვენს ჩემპიონატში ამინდს "დილა", "დინამო" და "ზესტაფონი" ქმნიდნენ.

- თქვენ არასდროს გითამაშიათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. როგორც ვიცით, რუსული პასპორტი გაქვთ. ესეც ხომ არ არის მიზეზი?
- სადაც კი მითამაშია, მითამაშია ორი პასპორტით - რუსულითა და ქართულით. მაქვს ორმაგი მოქალაქეობა და ჩვეულებრივად შემიძლია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში.

- ეროვნულ გუნდში იყავით უკვე გამოძახებული...
- დიახ, ეს იყო თემურ ქეცბაიას დროს. სამწუხაროდ, მაშინ ვერ შევძელი თამაში, ტრავმა მაწუხებდა.

- სანაკრებო ამბიცია არ გაგიქრებოდათ...
- რა თქმა უნდა, არა. რა ვიცი, ცდას არ ვაკლებ... უნგრეთის ჩემპიონატში სტაბილურად ვთამაშობდი ძირითადში, შეფასებები კარგი მქონდა...

მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ნაკრების ხელმძღვანელობამ არც კი იცოდეს, რომ რუსულთან ერთად ქართული პასპორტიც მაქვს. რა თქმა უნდა, ეს არავის ბრალი არ არის. გულწრფელად გეუბნებით - ზურაბ არზიანი გულითაც და პასპორტითაც ნაღდი ქართველია!

- "სპარტაკუსიდან" წამოსვლის შემდეგ რომელიმე კლუბმა ხომ არ მოიწადინა თქვენი გადაბირება? შევიტყვეთ, რომ ლაპარაკია უზბეკეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდზე...
- არის სხვა შეთავაზებებიც. არ ვჩქარობ, განვიხილავ ყველაფერს და ამის მერე არჩევანსაც გავაკეთებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული