რა ურჩია კარლუშ კეირუშმა ირანში მოთამაშე ერთადერთ ქართველ ფეხბურთელს

AutoSharing Option
ირანის უმაღლეს ლიგაში ერთადერთი ქართველი თამაშობს - "საბას" ღირსებას 21 წლის სოსო ჩახვაშვილი იცავს.

ირანული ლიგა ერთ-ერთი გამორჩეულია აზიაში. ფაქტია, ქართულმა საფეხბურთო საზოგადოებამ ჩახვაშვილის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა...

- ფეხბურთში პირველი ნაბიჯები როგორ გადადგით?
- თუ გახსოვთ, თბილისის "ლოკომოტივს" ჰქონდა ტალანტების აღმოჩენის პროგრამა. 7 წლის ვიყავი, როცა ამ კლუბში მოვხვდი.

- ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი?
- გიორგი ჩიტაური.

- რომელ ამპლუაში თამაშობთ?
- ეგრეთ წოდებული, "9 ნომერი" ვარ, ცენტრალური თავდამსხმელი.

- როგორ წარიმართა
თქვენი კარიერის ქართული ნაწილი?

- თავდაპირველად, "ნორჩ დინამოელში" ვითამაშე ზორბეგ ებრალიძის ხელმძღვანელობით. ამას მოჰყვა ცხინვალის "სპარტაკი", მერე მივედი ბოლნისის "სიონში", მაგრამ იქ მხოლოდ ვვარჯიშობდი, რადგან უცხოურ ვარიანტს ველოდი.

- ირანში როგორღა აღმოჩნდით?
- ირანული ვარიანტი ჩემმა არაბმა აგენტმა შემომთავაზა. თავდაპირველად, "ესტეღლალში" მივედი. ეს არის ნამდვილი გრანდი ირანული მასშტაბით. დაახლოვებით ისეა, როგორც თბილისის "დინამო" საქართველოში. ამ გუნდის შემადგენლობაში ამხანაგური მატჩები ჩავატარე და 3 გოლი გავიტანე. ერთ-ერთ მატჩში "საბას" მთავარმა მწვრთნელმა მნახა. მას მოეწონა ჩემი თამაში და თავის გუნდში გადასვლა შემომთავაზა.

- ამ კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი გაკავშირებთ?
- წლინახევარიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, მაგრამ ყოველი შესვენებისას მაქვს უფლება, შევიცვალო კლუბი, თუ იქნება შესაბამისი დაინტერესება. ირანელები ხელს არ შემიშლიან.

- რამდენად კმაყოფილი ხართ გასულ სეზონში "საბას" მიერ ნაჩვენები შედეგით?
- სულ ცოტა დაგვაკლდა აზიის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე. შეიძლება ითქვას, ბოლოს არ გაგვიმართლა.

- ლეგიონერები არიან თქვენს კლუბში?
- საერთოდ, ირანელებს ურჩევნიათ, აქცენტი საკუთარ ფეხბურთელებზე გააკეთონ. ამ ქვეყნის ჩემპიონატში არცთუ ბევრი ლეგიონერია. მაგალითად, ჩვენს გუნდში ერთი კამერუნელი თამაშობს.

- რას იტყვით "საბას" მთავარ მწვრთნელზე?
- მეჰდი ტარტარი ახლახან დაინიშნა ამ თანამდებობაზე. მცოდნე მწვრთნელია, ადრე "პერსეპოლისში" თამაშობდა. ავტორიტეტიანი კაცია ირანულ ფეხბურთში, ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა.

- თქვენი კონტრაქტის თავისებურებებზე უკვე ვისაუბრეთ. არის რაიმე კონკრეტული შემოთავაზება?
- როგორც ჩემმა აგენტმა მითხრა, არის ინტერესი ფრანგული და გერმანული კლუბებიდან.

- ამ დროისთვის, ირანში ერთადერთი ქართველი ხართ?
- ასეა. ისე კი, იქაურებს დღემდე ახსოვთ ჯაბა მუჯირის შესანიშნავი თამაში.

- გულწრფელად გვითხარით: არ გიჭირთ ირანში?
- არანაირად! პირიქით, ამ ქვეყანაში ყველანაირი პირობაა შექმნილი ფეხბურთელის პროგრესისთვის. კი, არ არის ბევრი გასართობი, მაგრამ მე ამას ასე ვუყურებ: დღეს ბურთის გაჩერება და დარტყმა ყველამ იცის. რეჟიმის დაცვა კი წარმატების წინაპირობაა...

- საიდუმლო არავისთვისაა, რომ ფეხბურთელებს უყვართ გართობა, კლუბური ცხოვრება... თქვენ კი ძალიან ახალგაზრდა ხართ...
- მე ფეხბურთი მიყვარს და რადგან ვაკეთებ ამ საქმეს, მინდა, ბოლომდე გამოვავლინო თავი.

- ბაზაზე ცხოვრობთ თუ ბინა გაქვთ?
- თავიდან ბაზაზე ვცხოვრობდი, მერე კლუბმა ბინა გამომიყო.

- ხალხზე რას იტყვით?
- ძალიან მეგობრულები არიან. ქართველები უყვართ. მესმის, ისტორიულად სხვანაირად იყო, მაგრამ ახლა ასეა.

- რას იტყვით ირანის ჩემპიონატის დონეზე?
- დაახლოებით ისეთი დონეა, როგორიც უკრაინაში, ოღონდ, კიევის "დინამოს", "შახტარისა" და "დნიპროს" გარეშე.

- ხალხი თუ დადის მატჩებზე?
- სტადიონები სულ სავსეა. 70 ათასი მაყურებელი იქ ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენი გუნდის ყველა საშინაო შეხვედრისას სტადიონზე ანშლაგია. 55 ათასი ქომაგი სულ მოდის.

- ირანის ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელზე, "რეალის" ყოფილ დამრიგებელ კარლუშ კეირუშზე რას იტყვით?
- ძალიან ძლიერი მწვრთნელია. ირანის ჩემპიონატის ყველა საკვანძო შეხვედრას ესწრება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამხანაგურ შეხვედრებზეც კი დადის. მეამაყება, რომ კეირუშთან მეც მქონდა შეხება...

- რასთან დაკავშირებით?
- ერთ-ერთ მატჩს ესწრებოდა. თამაში რომ მორჩა, მოვიდა და შემაქო. ისიც მითხრა - მიმაჩნია, კიდევ მეტი უნდა გერბინა, სახეზე დაღლილობა არ გეტყობაო...

- რამდენ კილომეტრს დარბიხართ თამაშის მსვლელობისას?
- იმ მატჩში, კეირუშმა რომ მნახა, 9 კილომეტრი ვირბინე. მგონი, ჩემი ამპლუის ფეხბურთელისთვის არ არის ცოტა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მარიო მანჯუკიჩმა 10 კილომეტრი ირბინა.

- ვის რჩევებს ითვალისწინებთ ყველაზე მეტად?
- მშობლების რჩევა ყოველთვის ფასეულია, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი აგენტის რჩევებს ვითვალისწინებ.

- ვინ არის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა თქვენი კარიერისთვის?
- ჩემი პირადი მწვრთნელი ჯუმბერ აბაშიძე. სანამ არ დავასრულებ კარიერას, მასთან ვითანამშრომლებ.

- სწავლას ასწრებთ?
- ჩემი აზრით, ფეხბურთელი აქტიური კარიერის მსვლელობისას უნდა მოემზადოს იმ ცხოვრებისთვის, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ დადგება. ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში, მენეჯმენტის ფაკულტეტზე. 1 წელიწადი დამრჩა. როგორც კი დრო გამომიჩნდება, ვკითხულობ სხვადასხვა ლიტერატურას.

- რომელ გუნდს, ნაკრებსა და ფეხბურთელს ქომაგობთ?
- ჩემი აზრით, "ბარსელონა" დღეს უძლიერესია. ფეხბურთელებიდან გამოვარჩევ კრიშტიანო რონალდოს, ნაკრებებიდან კი ბრაზილიას ვქომაგობ მას შემდეგ, რაც 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფრაგმენტები ვნახე ინტერნეტით.

- რა არის თქვენი მიზანი ფეხბურთში?
- ვითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ყოველ დღეს ვიყენებ ამ მიზანთან მისაახლოვებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი მამის დიდი შვილი წარმატებები სოსო შენ გენაცვალე მიაწეკი ბოლომდე სანამ ყველა ოცნებას არ აისურვებ
dvijoka
28 ივნისი 2015 19:05
0
კარგი კაცი ჩანს და წარმატებებს ვუსურვებ. წესიერი ადამიანია
levani
28 ივნისი 2015 16:06
0
გენაცვალე სოსო. პატრიოტი და პროფესიონალი ბიჭი ჩანხარ. მაგ დამოკიდებულებით ბევრს მიაღწევ,ნაკრებშიც აუცილებლად ითამაშებ,- წარმატებები.
georgiano
28 ივნისი 2015 03:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული