სასიხარულო ამბავია - "საბურთალოს" ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე "გენტშია" და უახლოეს დღეებში კონტრაქტსაც გააფორმებს.
დიდი ხანია, რაც "საბურთალოსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი უცხოელთა ინტერესს იწვევდა. ის კლუბმა ჯერ "ლივერპულში" გაუშვა, შემდეგ მადრიდის "რეალში", ხოლო წლეულს, ზამთარში, დიუსელდორფის "ფორტუნაშიც" იყო ტესტირებაზე.
იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ზაფხულში ტაბიძე კვლავ "ფორტუნაში" უნდა წასულიყო, მაგრამ სიტუაცია ამასწინანდელი თბილისური ელიტრაუნდის შემდეგ შეიცვალა. ამ მინი-ტურნირს ცნობილი ბელგიელი მენეჯერი როჟე
გუშინ ბელგიაში "საბურთალოს" გენერალურ დირექტორ კახა ჭუმბურიძეს დავუკავშირდით, რომელმაც ბოლო ამბები გვითხრა:
"ბელგიელებთან ტრანსფერის დეტალებზე შევთანხმდით. საკითხი გადაწყვეტილია, ჯიმიმ უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და მალე გუნდთან ერთადაც ივარჯიშებს".
ქართველი ახალგაზრდა მოხვდა კლუბში, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელების გაზრდა-დაკვალიანებითაა ცნობილი. "გენტი", რომელიც წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, აქამდე 5-ჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე.
მისი ღირსება ბევრ ცნობილ ფეხბურთელს დაუცავს - მიშელ დე ვოლფს, ერვინ ვანდერბერგს, მარკ დეგრიზს, ვიტალ ბორკელმანსს, გიიომ ჟილეს, ნიკოლა ლამბერტსს, ეგვიპტისა და ჩილეს ნაკრებთა მოთამაშეებს - მუბარაქ ბუსუფასა და ჟან ბოსეჟურს.
მოკლედ, ჯიმი ტაბიძემ მშვენიერი ნახტომი გააკეთა. "გენტში" გადასვლა 19 წლის ქართველს კიდევ უფრო მაღალ დონეზე მოხვედრის შანსს აძლევს და იმედია, მას გამოიყენებს.
P.S. რამდენიმე წუთის წინ "საბურთალოს" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაბიძე "გენტში" უკვე ჩაირიცხა. ინფორმაციას თან ფოტოსურათებიც ახლავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"