ამის შესახებ "გენტმა" ოფიციალური განაცხადი მხოლოდ ახლახან გააკეთა, თუმცა "ლელო" ამაზე ჯერ კიდევ ივნისში წერდა. ეს ტრანსფერები საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ამჟამად კი საფეხბურთო მენეჯერ ლაშა ჯაკობიას დამსახურებაა...
"ლელო" ბერიძე ბელგიაში დაუკავშირდა. დავინტერესდით, როგორ მიდის მათი საქმეები და რეალურია თუ არა,
- ბედნიერი ხართ, ასეთ ცნობილ კლუბში რომ მოხვდით?
- რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. აქ სულ სხვა გარემოა. "გენტში" ყველაფერი განსხვავებული და უკეთესია - ვარჯიშებიც, საქმის ორგანიზებაც... წინასწარ ვიცით, ვინ რას და როდის ვაკეთებთ და ასე შემდეგ. სასიამოვნოა მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ურთიერთობა. მეგობრული უფროა, ვიდრე უფროს-უმცროსული. მაგრამ თავისი ადგილი ყველამ იცის.
ახლა კლუბი ჩემთვის და ჯიმისთვის ბინას ეძებს, ერთმანეთთან ახლოს რომ ვიყოთ, ერთად ვიმოძრაოთ და ქალაქში თავი უცხოდ არ ვიგრძნოთ.
- უცხოეთში ბევრ ქართველს პრობლემა შეექმნა ენის უცოდინრობის გამო. ინგლისური თუ იცით?
- ცოტა ვიცი, მაგრამ კლუბმა ორივეს მასწავლებელი გვიქირავა. ის "გენტის" პრესატაშეა და ინგლისურის სპეციალისტიც გახლავთ. ენის პრობლემა აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ, თორემ სხვაგვარად, ევროპაში დამკვიდრება ძნელი იქნება.
- ენას რამენაირად ისწავლით, მაგრამ ბელგიაში ქართული საფეხბურთო განათლებით წასულს არ გიჭირთ?
- დიდ ჩამორჩენას ვერ ვგრძნობ. მთავარია, აქაურ სისწრაფეებსა და დატვირთვებს შევეგუოთ. ბელგიელები ისეთ ტემპში თამაშობენ და მოძრაობენ, აქაურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის კარგი მომზადება იქნება საჭირო. მაგრამ არა მგონია, დიდი დრო დამჭირდეს. თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა.
ისიც ბევრს ნიშნავს, რომ გუნდში კარგად მიგვიღეს, მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც.
- ახლა "გენტის" მთავარ გუნდში ვარჯიშობთ?
- არა, ორივე დუბლებში ვართ. უფრო სწორად, ჯიმი გუნდში თავიდანვე იყო და კარგად არის. მე კი, 19-წლამდელებს პოლონეთთან ორი ამხანაგური მატჩი რომ გვქონდა, მაშინ დავშავდი და სულ ორიოდე დღეა, რაც მოვმჯობინდი და საერთო ჯგუფს შევუერთდი.
- საქართველოდან ევროპაში იმედით ბევრი ფეხბურთელი წასულა, მაგრამ ვერაფრისთვის მიუღწევია. თქვენ თუ გაქვთ "გენტის" ძირითადში მოხვედრის შანსი?
- ახლა არ მაქვს, რადგან "ზესტაფონი" შუა სეზონში დაიშალა და ნორმალურად ვარჯიშის საშუალებაც არ მქონია, დაკარგულმა დრომ კი ცუდად იმოქმედა. მაგრამ დროის განმავლობაში, ამაში შეუძლებელს ვერაფერს ვხედავ. მიმაჩნია, რომ ახლა ჯიმი უფრო მზადაა, ძირითადის ფეხბურთელებს მალევე რომ გაუწიოს კონკურენცია.
ორივე "გენტის" დუბლებში ვითამაშებთ, 19-წლამდელთა გუნდს კი იუნიორების ჩემპიონთა ლიგაზე დავემატებით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"