ლეგიონი გუშინ: შოთა არველაძემ წარსული დაამარცხა

AutoSharing Option
გუშინ, 14 სექტემბერს, ევროპაში რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

* * *
თურქულ სუპერლიგაში "ტრაბზონსფორი" და მისი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე "ქაისერისფორს" ესტუმრნენ და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ოსკარ კარდოსოს მიერ გატანილი გოლით 1:0 მოუგეს.

შეგახსენებთ, რომ "ქაისერისფორი" შოთას ყოფილი გუნდია - ის იქ 2010-12 წლებში მუშაობდა.

* * *
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "დუისბურგი" გასვლაზე დაუპირისპირდა "ზანკტ პაულის" და 0:2 დამარცხდა. სტუმართა გუნდში არ შედგა ლაშა დვალის დებიუტი. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. გიორგი ჭანტურია კი უკვე გერმანიაშია და
"დუისბურგში" პრეზენტაციას ელის.

* * *
რუსულ პრემიერლიგაში "კრილია სოვეტოვმა" შინ 1:0 მოუგო "მორდოვიას". მასპინძელთა რიგებში ჯერ არ ჩანს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია.

"მორდოვიას" კარს 90 წუთის განმავლობაში იცავდა ეროვნული გუნდის კიდევ ერთი გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი. სტუმართა შორის სათადარიგო იყო მამუკა კობახიძე.

რუსეთის პირველ დივიზიონში კი ხაბაროვსკის "სკა ენერგიამ" შინ 2:1 მოუგო "ზენიტის" მეორე გუნდს. კახა ალადაშვილი გააფრთხილეს და 66-ე წუთზე შეცვალეს. ხაბაროვსკელთა შორის მეორე ჩვენებურმაც ითამაშა - გოჩა ხოჯავამ მინდორზე მხოლოდ პირველი ტაიმი გაატარა.

* * *
ფინეთის ჩემპიონატში (ვეიკაუსლიგა) ირაკლი სირბილაძის "კუპსმა" გასვლაზე 3:1 მოუგო ჰიფკ-ს. ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე შეხვდა მატჩის დასაწყისს და მინდორზე მხოლოდ 72-ე წუთზე შევიდა.

იმავე ლიგაში გიორგი ოსიტაშვილის "კოოტეპე" შინ 0:4 განადგურდა "როვანიემისთან". ჩვენებურმა სრული მეორე ტაიმი ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული