გიორგი ჭანტურიას ბავშვობიდანვე აჰკიდეს ძალზე დიდი და მძიმე ტვირთი. ის თავისი თაობის ლიდერი იყო. იმ თაობას "ცქიფოს ბიჭებს" ვეძახდით. ძალიან მაგარი გუნდი იყო. მაგრად უტევდა. იმ გუნდიდან რამდენიმე დღეს უკვე საქართველოს ნაკრების კარზე აკაკუნებს, ვაკო ყაზაიშვილი კი სულაც ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
გიორგის ბავშვობიდან ბევრს სთხოვდნენ - მან ითამაშა "ბარსელონას" ჭაბუკთა
არადა, გინდა "ვიტესი" აიღეთ, გინდა "ალანია" და გინდაც "კლუჟი"- ეპიზოდურად ის ყველგან დგამდა სანახაობას - ვლადიკავკაზში ჯერაც უწვერული ქართველის სახელს მთელი სტადიონი სკანდირებდა, ჰოლანდიაშიც იყო რამდენიმე კარგი მატჩი და ლამაზი გოლი, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც ჩვენ გვინდოდა - სტაბილურობა და დიდი ფეხბურთი.
დღეს ქართველი დიდ ფეხბურთში ეგრევე ვერ მოხვდება. მან იქამდე გარკვეული გზა უნდა გაიაროს. ხშირად ჩვენები ამ გზას ვერ გადიან, ან იწყებენ და დასაწყისში იჭედებიან. უკეთეს შემთხვევაში - შუა გზაზე.
ჭანტურია არ უნდა გაიჭედოს. არ უნდა გაიჭედოს თუნდაც იმიტომ, რომ კარგ ფორმასა და კლუბში მყოფი ის დიდ სარგებლობას მოუტანს საქართველოს ნაკრებს. კახა ცხადაძის ხელში საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთის თამაში და შეტევა დაიწყო.
ჭანტურიას საკმარისზე მეტი შეცდომა ჰქონდა თავის ჯერაც ხანმოკლე კარიერაში, მაგრამ ისეთი არაფერი უქნია, გამოსწორება რომ არ შეიძლებოდეს. ამიტომ, მას ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ.
გერმანიამ ჭანტურია ნამდვილ პროფესიონალად უნდა გამოძერწოს. ამის შანსი არის და გიორგიმ ეს შანსი არამც და არამც არ უნდა გაფლანგოს. ეს უკვე ფეხბურთელის პირადი ამბავია - თავად უნდა მისცეს ყველაფერი იმას, რაც ცხოვრების კრედოდ აირჩია.
ფაქტი ერთია - ვერსად გასწავლიან ისე პროფესიონალიზმს, როგორც გერმანიაში. ვერსად გასწავლიან დროის ყადრსა და რეჟიმის დაცვას ისე, როგორც გერმანიაში. ვერსად, ვერსად... გაგრძელება შეიძლება.
მერე რა, რომ მეორე ბუნდესლიგაა. თავის დროზე "იაშკამ" და "კობიმაც" მეორე ბუნდესლიგიდან დაიწყეს. იქ იყო ფოლკერ ფინკე და სულაც არ მჯერა იმის, რომ ფინკეს თავიდანვე მზე და მთვარე ამოსდიოდა ქართველებზე. მას ქართველები სწორედ ალექსანდრე იაშვილმა და ლევან კობიაშვილმა შეაყვარეს და მერე "ფრაიბურგში" პატარა ქართული სათვისტომოც შეიქმნა...
ჭანტურია "დუისბურგში" მარტო არ არის. იქ ლაშა დვალია. დვალი გიორგიმდე მივიდა გერმანულ კლუბში. დვალი ძალიან ნიჭიერია და თავდადებული. მე რაც გამიგონია, მაგრად უყვარს ფეხბურთი და ვარჯიში. ეს უკვე პლუსია იმ ქართველი ფეხბურთელისთვის, რომელმაც თინეიჯერულ ასაკს გადააბიჯა.
დვალი მაგრად შევიდა შეცვლაზე გერმანიასთან. თავის დროზე კახა კალაძეც ასე შევიდა იტალიასთან და მერე რა და როგორ აეწყო, ეს ყველამ ვიცით. კალაძეობა ფეხბურთში ძნელი იქნება, მაგრამ არა - შეუძლებელი. დასაწყისი კი ჰგავს და დანარჩენი ხვალემ უნდა იცოდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი ბიჭებისა გვეიმედება და დანარჩენი მომავლის საქმეა. საქართველოს ნაკრების წარმატება კი ევროპაში მოთამაშე, ევროპული მენტალიტეტის ფეხბურთელებმა უნდა გამოჭედონ.
"დიუსბურგი" ახლა მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერია, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა მგონია. ჯერ ერთი, შემადგენლობა ცუდი არ არის და მეორეც - მეორე ბუნდესლიგა ერთ-ერთი ყველაზე "მჭიდრო" ტურნირია მსოფლიოში - საკმარისია, ერთი-ორი თამაში მოიგო და ეგრევე მაღლა იწევ, ხშირად ძალიან მაღლაც კი...
იმ ქართველ მენეჯერს კი, ვინც ჭანტურიასა და დვალის ტრანსფერები გაჩარხა, მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნის - ქვეყანაც სწორადაა არჩეული და კლუბიც. ქართველ ფეხბურთელს დღეს პირდაპირ ბუნდესლიგის გრანდში არავინ წაიყვანს. ასეთია ჩვენი რეალობა. სამწუხარო რეალობა.
სამაგიეროდ, ჩვენმა ბიჭებმა ბრძოლით უნდა მოიპოვონ "მზის ქვეშ" ადგილი. ფეხბურთი, ისევე როგორც ცხოვრება, ხომ ერთი დიდი ბრძოლაა. დაუნდობელი ბრძოლა. ამ ბრძოლაში მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ. და ეს გამარჯვება მხოლოდ კარგი კონტრაქტი და კიდევ უკეთესი მანქანა არ არის.
ფეხბურთელის ყველაზე დიდი გამარჯვება ქომაგის ტაშია. ქართველ ფეხბურთელს გაუცხოებული გულშემატკივრის ტაში ენატრება და ეს უკვე უბედურებაა. ფეხბურთელებმა თვითონ დაკარგეს ეს პატივი და ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით თუ მოიპოვებენ. მეორე გზა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ.
რთულია? იოლი საქმე ამ ცხოვრებაში არ არსებობს.
იმედია, ქომაგს ეს ბიჭები რწმენას დაუბრუნებენ. ჩვენ ყველას გვჭირდება რწმენა, რათა ეპიზოდური წარმატება პროცესში გადავზარდოთ. ბოლოს და ბოლოს, ქართველებმა პროცესის მოგება უნდა ვისწავლოთ და არა - ცალკეული მატჩების.
ჭანტურია და დვალი უკვე "დუისბურგში" არიან. ჩვენ გვინდა, რომ იქ ქართველები კიდევ იყვნენ. ამიტომ გიორგის და ლაშას განსაკუთრებული მონდომება სჭირდებათ.
ბილიკი უკვე გაკვალულია. ბიჭებმა ბილიკზე საკუთარი კვალიც უნდა გაავლონ... მათ ეს შეუძლიათ...
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"