გიორგი ჭანტურია: ერთი თვეა აქ ვარ და უკვე 8 კილოგრამამდე დავიკელი...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია "დუისბურგში" გვარიანი ხმაურით მივიდა. ჯერ იყო გამარჯვების გოლი "პადერბორნთან" დერბიში, მერე კი შესანიშნავი და შედეგიანი თამაში საკონტროლო მატჩებში, სანაკრებო პაუზის დროს.

ჭანტურიას პროგრესზე საგანგებოდ ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯინო ლეტიერიმ. გიორგის წინსვლა ჩვენც ძალიან გვახარებს - მისი პოტენციალის გათვალისწინებით, ის დიდი ძალა უნდა იყოს საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში...

ჭანტურიას გერმანიაში შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- ბოლომდე გაიარეთ ახალ კლუბსა და ქვეყანასთან ადაპტაცია?
- კი, ყველაფერი კარგადაა. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა,
რომ "დუისბურგში" ბოლომდე ვარ ადაპტირებული. ქვეყანასაც კარგად შევეჩვიე, გუნდსაც და აქაურ ატმოსფეროსაც. მოკლედ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

- ყველაფერი პირველი - განსაკუთრებულია. გაიხსენეთ "პადერბორნის" კარში თქვენ მიერ გატანილი გოლი, რომელიც ოფიციალურ დებიუტს დაემთხვა...
- ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო. რომ არ მოგვეგო, მწვრთნელს უშვებდნენ გუნდიდან და ეს ჩემთვის ძალიან ცუდი იქნებოდა. სწორედ ჯინო ლეტიერის დიდი მოწადინებით მოვხვდი "დუისბურგში". მან თავიდანვე მომცა შანსი.

მთელი კვირის განმავლობაში ძალიან ნერვიულობდა. მე მას შევპირდი, რომ შევიდოდი და გავიტანდი. დიდ ნდობას ვგრძნობ ამ კაცისგან და მიხარია, რომ გავუმართლე. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჯინო ლეტიერი დღეს ჩემი ძალიან ახლო მეგობარია.

- უფრო დაწვრილებით გვითხარით, როგორი დამოკიდებულება აქვს მწვრთნელს თქვენ მიმართ?
- ჯინო ძალიან კარგი პიროვნებაა. ის მაშინ დამიდგა გვერდით, როცა ყველამ ზურგი მაქცია. მე მას ეს დავუფასე და მომავალში უფრო მეტს გავაკეთებ მისთვის. ჩვენი ურთიერთობა უფრო მეგობრულია, ვიდრე ზოგადად, ფეხბურთელისა და მწვრთნელის...

Sportall.Ge
ფოტოზე: ჯინო ლეტიერი და გიორგი ჭანტურია
- რა მიზანს ისახავს "დუისბურგი" მიმდინარე სეზონში?
- ჩვენი მიზანი მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

- გიორგი, გულწრფელად გვითხარით, გერმანულ დატვირთვებს ბოლომდე შეეგუეთ? მათზე ლეგენდები დადის...
- "დუისბურგი" ამბიციური კლუბია, ნამდვილი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ხუთ გუნდში მაქვს ნათამაშები და ალალად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს სიცოცხლეში ამხელა დატვირთვები არსად მქონია. მაგრამ ეს ჩემთვის კარგია. ერთი თვეა აქ ვარ და უკვე 8 კილოგრამამდე დავიკელი. საქმეს ძალიან პროფესიულად უდგებიან...

- რა რეზონანსი ჰქონდა საქართველოს ნაკრების თამაშს გერმანიაში?
- ყველამ აღიარა, რომ ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. მე კი, ცხადია, მსიამოვნებს ჩვენს ნაკრებზე ამდენი დადებითი აზრის მოსმენა. რომ არა ნოიერი, მჯერა, მოგებაც შეგვეძლო.

- საინტერესოა უშუალოდ თქვენი აზრი საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით...
- ფაქტია, თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვექნება.

- მაშ, თქვენი აზრით, მომავალ შესარჩევში ჯგუფიდან გასვლა რეალურია?
- მჯერა, ეს შეგვიძლია. ყველამ მაქსიმალურად უნდა ვიშრომოთ და ვივარჯიშოთ კლუბებში. როცა სანაკრებო მატჩების დრო მოვა, მზად უნდა ვიყოთ. ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ისეთი კოლექტივია შეკრული, იმხელა ერთიანობაა, რომ ამის შანსი ნამდვილად გვაქვს.

- კითხვა, რომელიც ქართველ ქომაგს აწუხებს: როდის გვაჩვენებს თავის მაქსიმუმს გიორგი ჭანტურია?
- მე მოკლედ ვუპასუხებ ამ კითხვას: ძალიან მალე!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
უნდა დათანხმებოდი იტალიაში 2-ჯერ მეტ ხელაფსს გთავაზობდნენ ვიდრე მაგ დუისბურგში მეტი მოითხოვე და უარი გითხრეს. არ გერჩივნა სერია A ში თამაში? თუ მოუმატებ ისევ იქნები კარგ გუნდებში დარწმუნებული ვარ.შენ ეგ შეგიძლია და ნუ გაანიავებ რა ამხელა ნიჭს როგორც ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა.
Kakha
16:50 20-10-2015
0
უნდა გახდე!ბოლოს ძლივს დაგორავდი!
Vova
19:35 19-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული