ასე იყო თუ ისე, კობახიძე ჯერაც "ვოლინისთვის" ირჯება. გუშინწინ ამ გუნდის შემადგენლობაში მან დუბლი შეასრულა "მიკოლაივთან" სათასო მატჩში (5:0).
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს უკრაინაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...
- გილოცავთ "მიკოლაივის"
- დიდი მადლობა! ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გოლი გაგაქვს, თუმცა ჩემთვის მთავარია გუნდის წარმატება.
- საერთოდ, როგორ აფასებთ სეზონის პირველ ნაწილს? როგორი იყო ის პირადად თქვენთვის?
- სეზონი ჩემთვის საკმაოდ კარგად დაიწყო. გოლები ხშირად გამქონდა და გუნდიც ლიდერებში იყო, თუმცა მერე დასანანი ტრავმა მივიღე და, ფაქტობრივად, ერთი თვე გამიცდა. ახლა თავიდან მიწევს ფორმის აღდგენა. მთლიანობაში, თუ ტრავმას გამოვრიცხავთ, სეზონის პირველ ნაწილს დადებითად ვაფასებ.
- ცოტა ხნის წინათ თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა "დნიპროში" თქვენი დაბრუნება. ამის თაობაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმაც ისაუბრა. დღეს ისევ "ვოლინში" ხართ. მაინც რა მოხდა?
- ეს ჩემთვისაც დღემდე გამოცანად რჩება. თითქმის დაბრუნებული ვიყავი "დნიპროში"... მერე რატომღაც გაიწელა ეს საქმე, ბოლოს კი სულაც ჩაიშალა. არ ვიცი, რა ხდება. ყველაზე უკეთ ეს მარკევიჩს ეცოდინება.
- მოგვიყევით ლუცკის "ვოლინის" შესახებ. როგორი გუნდია, რა მიზნები აქვს?..
- საკმაოდ კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ვთამაშობთ შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს... ეს ჩემთვის პრიორიტეტია. მიზნად ევროპალიგის საგზურის მოპოვება გვაქვს დასახული. ბოლო ორ ტურს თუ არ ჩავთვლით, მესამე-მეოთხე ადგილებზე ვიყავით, ახლა წავაგეთ და ჩამოვრჩით ორი საფეხურით, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მენდობა, მათამაშებს...
- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ზამთარში "დნიპროში" დაბრუნდეთ ან სხვა რომელიმე გუნდში ითამაშოთ?
- "დნიპროში" დაბრუნება გამორიცხული ნამდვილად არ არის, თუმცა ყველაფერი ისევ და ისევ მწვრთნელის პოზიციაზეა დამოკიდებული. მე მზად ვარ ყველანაირად. რა თქმა უნდა, უფრო მაღალ დონეზე მინდა თამაში. თუ "დნიპროში" არ დავბრუნდები, მაშინ სერიოზულად ვიფიქრებ გუნდის გამოცვლაზე.
- საქართველოს ნაკრებზე, მის აწმყოსა და მომავალზეც გკითხავთ...
- პროგრესი რომ შეინიშნება, ფაქტია. აქვე დავეთანხმები ჯაბა კანკავას და მეც ვიტყვი, რომ ეიფორიაში არამც და არამც არ უნდა ჩავვარდეთ. უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა და თამაშის ხარისხი. საქართველოს ნაკრები აღარ უნდა იყოს "ერთი მოგების" გუნდი. გვაქვს ახალი ტაქტიკა, გვაქვს ბევრი სამუშაო... ურთიერთობები და განწყობა ეროვნულ გუნდში შესანიშნავია. ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ შედეგი დავდოთ და იმედი მაქვს, ასეც იქნება.
- ცოტა ხნის წინათ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრებისთვის საკვანძო ფეხბურთელად დაგასახელათ. რას იტყვით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფზე?
- ძალიან გამახარა კახა ცხადაძის სიტყვებმა და, ამავე დროს, კიდევ უფრო მომიმატა ისედაც დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს ნაკრები ჩემთვის არის გუნდი, რომლისთვისაც მზად ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო და სად დამაყენებს, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.
ჩემთვის უფრო კომფორტულია შემტევი ნახევარმცველის პოზიცია, თუმცა არც ფლანგზე თამაშია პრობლემა...
რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ძალიან საინტერესო შემადგენლობაა. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა გუნდი თითქმის თანაბარი ძალისაა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია შოტლანდიასთან მოგება და გერმანიასთან ღირსეული თამაში. შოტლანდიაზე უკეთესი გუნდები კი, ჩემი აზრით, ამ ჯგუფში არ არიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი სავსებით რეალურია. ჩვენი კოზირი ამ ჯგუფში უნდა იყოს იმ შემტევი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ნამდვილად აქვს საქართველოს ნაკრებს.
- დაბოლოს, გკითხავთ თემურ ფარცვანიაზე, ვისაც ცოტა ხნის წინათ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უშუალოდ დააკვირდა...
- თემური ჩემი მეგობარია. თითქმის ერთი წელი ერთად ვითამაშეთ. როცა საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე, სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ დამიჯერეთ - ის იმსახურებს შანსს ნაკრებში და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეგობარია. სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი მცველია. შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე ცენტრში. მოუმატებს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს. ამისიც მჯერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"