ლევან შენგელია: ბელგიური დატვირთვები? პირიქით, მსიამოვნებს...

AutoSharing Option
ლევან შენგელია "ტუბიცეში" ამ ზაფხულს გადავიდა. მას შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ბელგიის პირველი დივიზიონის ლიდერ გუნდში 7-ჯერ ითამაშა. მაგრამ იმედოვნებს, რომ მთავარი მწვრთნელი კოლბერტ მარლოტი ძირითად შემადგენლობაში დააყენებს.

"მწვრთნელმა შემადგენლობაში პირველად ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან თამაშამდე დამაყენა, მანამდე სულ შეცვლაზე შევყავდი. საქართველოდან დაბრუნებულსაც ასეთი პრობლემა შემექმნა: ბელგიის პირველ დივიზიონში არც სანაკრებო პაუზის დროს გაჩერებულან და მწვრთნელმა ისევ სათადარიგოებში დამსვა.

"ტუბიცე" დივიზიონის ლიდერია, პროლიგაში გადასვლა სურს და სულ იგებს, მოგებულ შემადგენლობას კი არავინ ცვლის. ამის გამო, სასტარტოში მოხვედრას ჯერ ვერ ვახერხებ.

მაგრამ მწვრთნელი მენდობა და ვიცი - როცა ამის საშუალება მიეცემა, აუცილებლად მათამაშებს. მე კი ჩემს შანსს დაველოდები", - იმედოვნებს შენგელია.

20 წლის თავდამსხმელი ამბობს, რომ ბელგიელების ფიზიკურ და ტაქტიკურ მოთხოვნებს შეეგუა:

"ვგრძნობ, რომ ძირითადში სათამაშოდ უკვე მზად ვარ, ტრავმა აღარ მაწუხებს და კონდიციები აღვიდგინე. აქაურ მოთხოვნებთან შეგუებაც არ გამჭირვებია. ეგ არის, რომ აქ, საქართველოსთან შედარებით, უფრო ხისტად თამაშობენ.

იმანაც გამაკვირვა, რომ თამაშამდე სამი დღით ადრე, ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, ბურთითაც და უბურთოდაც მძიმე დატვირთვებია. მაგრამ მერე მსუბუქი ვარჯიშები გვეწყება, რადგან ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღვიდგინოთ.

სხვა მხრივ, გასაოცარი არაფერია, თეორიულ და ტაქტიკურ საკითხებში იოლად გავერკვიე და არც დიდი დატვირთვებია აუტანელი. პირიქით, ეს მსიამოვნებს კიდეც".

ჯერ კიდევ "ტუბიცეში" გადასვლისას ითქვა, რომ შენგელიას ბელგიის მთავარი ლიგის გუნდში მოხვედრის შანსი ჰქონდა, პირველ დივიზიონში კი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაუშვეს და ზამთარში ტრანსფერზე მოლაპარაკება განახლდება.

მაგრამ შენგელია ჯერ ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ხვდება და რამდენად რეალურია მისი იმედი?

"აქ იმიტომ გადავწყვიტე გადასვლა, რომ მეტი სათამაშო დრო მექნებოდა. ასე არ მოხდა და უთამაშებლობის მიზეზი უკვე გითხარით. მაგრამ მწვრთნელს ყოველდღიურად ველაპარაკები. მან კი ჩემი შესაძლებლობები კარგად იცის, 100 პროცენტით მენდობა და როგორც კი შანსი იქნება, მაშინვე დამაყენებს. მერე კი, არც პროლიგაში მოხვედრა იქნება შეუძლებელი.

ჯერჯერობით, იმითიც კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენი გუნდი პირველ ადგილზეა და მე ყველა თამაშში ჩართვა მიწევს".

შენგელიას სანაკრებო თემაზეც ველაპარაკეთ. ცნობილია, რომ მას სასწრაფოდ ბელგიის ვიზის გაკეთება დასჭირდა, რის გამოც ესტონეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშა:

"ნაკრებში გამოძახება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებ. სამწუხაროდ, ესპანეთთან მატჩის შემდეგ სავიზო პრობლემა შემექმნა და ბელგიაში დაბრუნება მომიხდა. მაგრამ ახლა ყველა აუცილებელი საბუთი შევაგროვე, საჭირო დოკუმენტები 9 ნოემბრამდე მექნება და ამის შემდეგ ვიზა აღარ დამჭირდება".

ახალგაზრდა თავდამსხმელმა ახალგაზრდული ნაკრების ბოლო მატჩები და შანსებიც შეაფასა:

"ესპანეთთან თამაში ყველას უჭირს და ცხადია, აქედან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. რაც შეეხება შანსებს, ჯერჯერობით, სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც არ დაგვიკარგავს. შეუძლებელი არაფერია და ამ იმედით, თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმს გააკეთებს".

შენგელიას ბელგიაში მოთამაშე ქართველებზეც ვკითხეთ:

"ჯიმი ტაბიძე და გიორგი ბერიძე ჩემი მეგობრები არიან და ერთმანეთის ამბებით ყოველდღიურად ვინტერესდებით. ისინი "გენტში" არიან და დარწმუნებული ვარ, ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას მოახერხებენ. სამწუხაროდ, გიორგის ხელი ჰქონდა მოტეხილი, მაგრამ ოპერაცია გაიკეთა და ვარჯიში უკვე დაიწყო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული