საქართველოში ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებ. ყოფილა შემთხვევა, მაგალითად, საბა კვირკველიას საქართველოს ჩემპიონატშიც არ ჰქონდა ნათამაშები და უცებ ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე ყაზანის "რუბინის" შემადგენლობაში ვიხილეთ. ასე მოხდა მათე ღვინიანიძის შემთხვევაშიც, რომელიც რეგიონული ლიგის "ნორჩი დინამოდან" ასევე ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მოსკოვის "ლოკომოტივში" აღმოჩნდა...
დღესაც რაღაც ამის მსგავსზე მოგითხრობთ. სანდრო ხაბაძე 20 წლის თავდამსხმელია, გოლიათური აღნაგობით. 2-მეტრი სიმაღლის მქონე ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" დუბლებსა და თამარაშენის "ლიახვში" თამაშობდა, იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი. სხვათა შორის, ეს ბიჭი ეროვნული
მერე კი კარიერა ლიტვის ჩემპიონატის პირველი ლიგის კლუბ კლაიპედას "გრანიტასში" გააგრძელა, სადაც 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. შარშან, ზამთარში, ქართველი ფორვარდი პოლონეთში, კერძოდ - მელეცის "სტალში" ისინჯებოდა. მაგრამ საბოლოოდ, ახალგაზრდა თადამსხმელი ფინეთის საფეხბურთო კლუბ "კაიაანში" აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც შვედურ "ჰუდინგეში" გადავიდა.
წლეულს გაზაფხულზე კი მის კვალს ვერსად მივაგენით. და აი, ახლახან გავარკვიეთ, რომ ხაბაძე ცენტრალური ზონის დუშეთის "არაგვში" თამაშობს:
"ახლა მეორე ლიგის გუნდში ვთამაშობ. ლიტვაში ვიყავი, მერე კი ფინეთში, ბოლოს კი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ ოფი-ში ვვარჯიშობდი. დიახ, იქ, სადაც ლორია და მერებაშვილი იყვნენ. მე მგონი, ეს ამბავი საქართველოში არავინ იცის", - ამბობს ხაბაძე.
ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, ოფი-ში მისი ჩარიცხვა რეალური იყო: "სამი თვე მთავარ გუნდში ვიყავი და არა დუბლებში - ახალგაზრდულში ერთხელაც არ მივარჯიშია. ოფი-ს ხელმძღვანელები და მთავარი მწვრთნელი სამი თვე მაკვირდებოდნენ და ჩემთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებდნენ. მწვრთნელი კარგი თვალით მიყურებდა.
ოფი-ში ჩასვლა ძალიან ცუდ დროს მომიხდა. ფედერაციამ კლუბს ლეგიონერების დამატება აუკრძალა, რადგან ფეხბურთელების ხელფასები გასტუმრებული არ ჰქონდა. ფეხბურთელებმაც კლუბს საბერძნეთის ფედერაციაში უჩივლეს და ჩემი დამატებაც ამიტომ ვერ შეძლეს.
მერე კი ყველამ იცის, რომ ფინანსური პრობლემების გამო - ჩემს კონტრაქტს ვინღა ჩიოდა, კლუბი საერთოდ დაიშალა. არადა, გუნდმა მთელი სეზონი ერთი თავდამსხმელით ითამაშა. მე კი...
ისე, ყველაფერს ბედი უნდა, საქართველოში არ მითამაშია, არც ლიტვასა და ფინეთში ვიყავი გასაოცარ კლუბებში და ამ ყველაფრის შემდეგ საბერძნეთის ჩემპიონატის გუნდში მოხვედრა ზღაპარი იქნებოდა".
ხაბაძეს შანსი ამის შემდეგაც გაუჩნდა:
"გუნდი რომ დაიშალა, საქართველოში წამოსვლას ვაპირებდი. მაგრამ ოფი-ს მთავარმა მწვრთნელმა რეკომენდაცია სხვა კლუბში გამიწია. იქაც დათანხმდნენ ჩემს ჩარიცხვას. თუმცა საბერძნეთში დაზღვევის პრობლემა შემექმნა და არც ვიცი, ამდენი უიღბლობა რას დავაბრალო.
მესმის, ამას რომ წაიკითხავენ, ბევრი არ დაიჯერებს. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საქართველოს პასპორტით პრობლემა მხოლოდ მე არ შექმნია. გაიხსენეთ, ამის გამო ევროკავშირის ქვეყნების გუნდებში რამდენი ჩვენი ფეხბურთელი ვერ ჩაირიცხა".
ამის მიუხედავად, ხაბაძე მაინც იმედიანადაა:
"სიმართლე გითხრათ, საქართველოში თამაში არ მინდოდა, მაგრამ მესამე თვე დაიწყო, რაც დუშეთის "არაგვში" ვარ. შინ ჯდომას მირჩევნია თუნდაც მე-15 ლიგაში ვითამაშო და მუდმივი პრაქტიკა მქონდეს. დღეში ორჯერ ვვარჯიშობ, მონდომება არ მაკლია და მჯერა, ადრე თუ გვიან ევროპულ კლუბში სათამაშოდ მაინც წავალ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"