გზას ნელ-ნელა მივუყვები - ბელგიურ "გენტში" ჯიმი ტაბიძის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
ევროპულ ფეხბურთში სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზაა. "გენტის" ფეხბურთელებიც ბელგიისა და კიდევ სხვა ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს. ამით ისარგებლა გუნდმა და ქვედალიგელ "დეინცესთან" სტუმრად ამხანაგური მატჩი გამართა და... მოულოდნელად დამარცხდა - 0:1.

ჩვენთვის საინტერესო კი ის არის, რომ ბელგიის მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზბრუკმა რამდენიმე ახალგაზრდას თავის გამოჩენის საშუალება მისცა, მათ შორის - ჯიმი ტაბიძეს.

"გენტის" 19 წლის ქართველმა მცველმა, რომელიც ბელგიურ კლუბში "საბურთალოდან" ზაფხულში გადავიდა, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. აქამდე, მას პირველ გუნდში არ უთამაშია -
არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე. დუბლებშემადგენლობაში კი სისტემატურად თამაშობს და რამდენჯერმე მედიისგან კარგი შეფასებაც დაიმსახურა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებას შეძლებს...

"პირველი გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებშია წასული და ამიტომაც მათამაშეს. მე პირადად კმაყოფილი ვარ და გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ "დეინცესთან" ამხანაგური მატჩი კარგად ჩავატარე.

ხალხს ჰგონია, რომ რადგან დუბლებში ვარ, ლამის საბავშვო დონეზე ვთამაშობ. არადა, მთავარი გუნდიდან თითქმის ყველა 5-6 კაცს იმატებს, თამაშების ტემპიც მაღალია და ზოგადად - დუბლების ჩემპიონატის დონეც.

ამიტომ გვენდობა მწვრთნელი და ცდილობს, ამხანაგურ შეხვედრებში ახალგაზრდებს შორის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებისთვის საუკეთესო შემცვლელები მოძებნოს", - ამბობს ჯიმი ტაბიძე.

ქართველი ლეგიონერი ძირითადში მოხვედრის შანსებზე ლაპარაკობს:

"ეს იმედი რეალური მაშინ იქნება, როდესაც ადაპტაციას გავივლი და პირველ გუნდს ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდები.

ახლა კი საქართველოდან წასული 19 წლის ფეხბურთელი პირდაპირ პირველ გუნდში როგორ უნდა ათამაშონ? ეს არარეალურია, მით უფრო, ბელგიის ჩემპიონ გუნდში, სადაც ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები, სულ მაღალი მიზნები აქვს და ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს.

მაგრამ იმის მეიმედება, რომ ბელგიაში და, კონკრეტულად ჩვენს კლუბში, მოთამაშის გაზრდა კარგად იციან. მეც არავინ მაჩქარებს. "გენტში" ჩემი შესაძლებლობები დაინახეს და ნელ-ნელა მივუყვები იმ გზას, რომელიც აუცილებლად მთავარ გუნდზე გაივლის.

ისეთ კლუბში ვარ და ისეთ გარემოში ვვარჯიშობ, ახლა ყველაფერი იდეალურადაა და ბედს ნამდვილად არ ვუჩივი. დარწმუნებული ვარ, მცირე ხანში ყველაფერი ბევრად უკეთესადაც იქნება".

ძნელია, ტაბიძის აზრი არ გაიზიარო. "საბურთალო" თავის ასაკში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელებისგან იყო დაკომპლექტებული და ამიტომაც გახდა 19-წლამდელთა ჩემპიონი. მაგრამ უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიურ "მიდტიულანდთან" წაგებამ გამოაჩინა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ასეთ გუნდებსაც კი სისწრაფეში ჩამორჩებიან.

თუმცა ტაბიძე მიიჩნევს, რომ ჩვენი ასაკობრივი ჩემპიონატის ლიდერ გუნდებში დიდი პოტენციალია:

"ვერ ვიტყვი, რომ "საბურთალო" თავის ასაკში რომელიმე ევროპულ გუნდს რამით ჩამორჩება და ვინმეზე ნაკლებია, იმავე "მიდტიულანდზე". მაგრამ იქ იყო მიზეზები, რის გამოც გუნდი გათამაშებას გამოეთიშა. ზოგიერთ ეპიზოდში ბავშვური შეცდომები დავუშვით და მომენტები ვერ გამოვიყენეთ, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში.

რაც მთავარია, ასეთ ტურნირზე საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. დიახ, გვაკლია ასეთი მატჩები, მაგრამ ეს არა "საბურთალოს", არამედ, ზოგადად, საქართველოში შექმნილი ვითარების ბრალია - საკუთარ წვენში ვიხარშებით.

მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ მალე მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვლება, საერთაშორისო თამაშების სიმრავლე კი ჩვენს ბიჭებს თავდაჯერებასაც შემატებს და წარმატებებიც მოვა - ამ ასაკში ჩვენ არავისზე ნაკლები ფეხბურთელები, გუნდები და ნაკრებები არ გყავს".

ტაბიძესთან ერთად, "გენტის" დუბლებში ირიცხება კიდევ ერთი ქართველი - გიორგი ბერიძე. ის ოქტომბერში დაშავდა, ლავიწის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს და თბილისში დასრულებულ 19-წლამდელთა შესარჩევ ტურნირში ნაკრებს ვერ დაეხმარა.

ტაბიძის თქმით, ბერიძე მკურნალობას მალე დაასრულებს:

"გიორგი უკვე კარგად არის, 100-პროცენტიან დატვირთვებზეა გადასული და რამდენიმე დღეში თამაშსაც დაიწყებს. მაგრამ ნაკრებს ვერ დაეხმარა, რასაც ძალიან განიცდის. არადა, გიორგი 19-წლამდელებისთვის დიდი ძალა იქნებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული