ვინ არის უკრაინაში მოთამაშე ზურაბ ოჩიგავა?

AutoSharing Option
საქართველოს დამოუკიდებლობის დროიდან, ჩვენი ეროვნული ან ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთა ინტერესის სფეროში უცხოეთში დასახლებული ბევრი ქართველი მოხვდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში მათგან მხოლოდ რამდენიმემ ითამაშა - ჯერ იყო მიხეილ ფოცხვერია, შემდეგ გია გრიგალავა, ლადო მოხევიშვილი, ბოლოს კი ეროვნული ნაკრების ფორმა ლუკას ჰუფნაგელმაც (მამით გერმანელი, დედით ქართველი) მოირგო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ "ფრაიბურგის" წევრი, ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში მოედანზე არც ისე კარგ დროს გავიდა, თამაშისთვის მონდომება და თავდადება არ დაუკლია.

ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც კიდევ ერთ ქართველს
უკავშირდება.

წლეულს, 6 და 9 ივნისს, უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზალცბურგში ჩეხებთან ორი საკონტროლო შეხვედრა რომ გამართა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმა ნაკრებში ზაპოროჟიეს "მეტალურგის" საყრდენი ვაკო გვილია და მარიუპოლის "ილიჩევეცის" მცველი ზურაბ ოჩიგავა გამოიძახა.

ოჩიგავა ქართველებისთვის შედარებით უცნობი მოთამაშეა. "ილიჩივეცის" უკანახაზელი 20 წლისაა (სიმაღლე 186 სმ). მან მარიუპოლელთა შემადგენლობაში 8-ჯერ ითამაშა - ხუთჯერ ძირითადში, სამჯერაც - შეცვლაზე. ოჩიგავა მარცხენა მცველია და ძალიან აქებენ.

ზაფხულში ის გამოჩნდა კიევის "დინამო 2-ში", სადაც უმაღლესი ლიგიდან "ილიჩევეცის" გავარდნის შემდეგ გადავიდა. ოჩიგავა ფლანგის მცველია - მარცხნივაც თამაშობს და მარჯვნივაც. ბავშვობაში ვარჯიშობდა პეტროპავლოვსკაია ბორშაგოვკას "ლიდერში", საიდანაც 2013 წელს "ილიჩევეცში" მიიწვიეს, ერთი წლის შემდეგ დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდულ გუნდში, ხოლო 2014 წლის 20 სექტემბერს კი მთავარი გუნდის ფორმაც მოირგო.

უკრაინელები ამბობენ, რომ ოჩიგავა მოედანზე ენერგიულობითა და დიდი შრომისუნარიანობით გამოირჩევა. უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობა მისით 2015 წელს დაინტერესდა. იმავე წლის აპრილში "უა-ფუტბოლი" იმ საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე წერდა, რომლებიც, ამ გამოცემის აზრით, იქაური პრემიერლიგის გუნდების გაძლიერება შეეძლოთ და მათ შორის ოჩიგავაც დაასახელა.

საინტერესოა, რომ გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტის" შეფასებით, წარმოშობით ქართველი მცველის ფასი 250 ათასი ევროა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული