ეს არის ყველაზე საინტერესო ამბები ლეგიონის უქმეებიდან. ახლა კი მივყვეთ თანმიმდევრობით:
საფრანგეთი. ლიგა 1. დისკვალიფიკაციის მერე "რეიმსს" დაუბრუნდა ჯაბა კანკავა, რომელმაც "ტრუასთან" შამპანის დერბიში (1:1) 76-ე წუთამდე ითამაშა. ჯაბამ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის მეექვსეა 9 თამაშში
იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძე ტრავმის გამო არ ყოფილა "ვერონასთან" მატჩში ("ემპოლიმ" 1:0 მოიგო).
"ემპოლის" დუბლებში კვლავ გაიტანა რომან ჭანტურიამ. მან მე-80 წუთზე 2:2 გახადა "აველინოსთან" შეხვედრაში, რომელიც ბოლოს "ემპოლიმ" 3:2 მოიგო. ჭანტურიას 11 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (90 წ.) "ტუტოკუოიო" სტუმრად "პრატოსთან" დამარცხდა - 0:1.
გერმანია. II ბუნდესლიგა. ჩემპიონატის ლიდერმა "ფრაიბურგმა" შინ "უნიონს" 3:0 მოუგო, თუმცა ჩვენებური ლუკას ჰუფნაგელი მხოლოდ მაშინ შეუშვეს მოედანზე (85-ე წუთი), როცა მისი გუნდი უკვე ამ ანგარიშით იგებდა.
გიორგი ჭანტურია "დუისბურგის" სასტარტოში იყო, მაგრამ შესვენებისას შეცვალეს. ქართველის გუნდი "ლაიპციგთან" 2:4 დამარცხდა. სხვათა შორის, სანამ ჭანტურია მოედანზე იყო, ტაბლოზე 1:1 ენთო... ლაშა დვალი "დუისბურგის" განაცხადში არ ყოფილა. ქართველთა გუნდი ბოლო ადგილზეა.
III ბუნდესლიგა. 84-ე წუთამდე ითამაშა გიორგი პაპუნაშვილმა, "ვერდერის" დუბლები კი 1:1 დაუზავდნენ "აალენს". ქართველის ჩაწოდების მერე სტუმართა მცველმა საკუთარი კარი დალაშქრა.
ინგლისი. ჩემპიონშიფი. კარგა ხანია, აკაკი გოგიას შანსი არ ეძლევა "ბრენტფორდში". ამასობაში, მისმა გუნდმა "მილტონს" 2:0 მოუგო, ქართველმა კი თამაშს სათადარიგოთა სკამიდან უყურა.
ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიას დაბრუნებას ველოდით პსვ-სთან მატჩისთვის, მაგრამ ის მხოლოდ სათადარიგო იყო, წინა ტურის გმირი ვაკო ყაზაიშვილი კი მწვრთნელმა მატჩის მიწურულს შეცვალა. "ვიტესი" შინ 0:1 დამარცხდა. თავად ყაზაიშვილი ძალზე აქტიური იყო და რამდენჯერმე დაემუქრა სტუმართა კარს, თუმცა ხან დარტყმა იყო არაზუსტი, ხან მეკარე ზოეტი თამაშობდა კარგად.
ბელგია. ჟუპილერლიგა. თორნიკე ოქრიაშვილის "გენკი" "ანდერლეხტს" მასპინძლობდა. ჩვენებური 79-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, მატჩი კი 0:0 დასრულდა.
პროქსიმუსი. ლევან შენგელიას (58-ე წუთზე შეცვალეს) "ტუბიცემ" სტუმრად "გეელთან" 1:2 დათმო.
პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. გიორგი მაკარიძის (90 წ.) "ფეირენშემ" "პორტუს" დუბლებს 1:0 მოუგო და 36 ქულით მეორე ადგილზეა. პირველზე სწორედ "პორტუა".
ავთო ებრალიძის (90 წუთი) "ჟილ ვისენტე" "შავესს" დაუზავდა - 1:1.
თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძის (სათადარიგო) "რიზე" "მერსინს" ესტუმრა და 0:3 განადგურდა.
I ლიგა. ალეკო ამისულაშვილის (90 წ.) "ქარშიაქამ" სტუმრად 0:0 ითამაშა "ბალიქშეშირთან".
საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილი "ვერიას" შემადგენლობაში განაცხადში არ ყოფილა "პანათინაიკოსთან" შეხვედრაში.
რუსეთი. პრემიერლიგა. მე-18 ტური უქმეებამდე დაიწყო. ნუკრი რევიშვილმა (7 ბალი) კარი "მშრალად" შეინახა "ტერეკთან" შეხვედრაში - 0:0. "მორდოვიას" რიგებში სათადარიგო იყო მამუკა კობახიძე, სტუმრებში - თედო გრიგალაშვილი.
საბა კვირკველიას (7 ბალი) "რუბინი" სტუმრად "როსტოვთან" 0:1 დამარცხდა. ჩვენებურმა, ჩვეულებისამებრ, შეუცვლელად ითამაშა.
მოსკოვის "სპარტაკმა" ერთი გოლის გატანა მოახერხა გიორგი ლორიას (6,5 ბალი) კარში და 1:0 მოუგო "კრილია სოვეტოვს". ტრავმის გამო "სპარტაკში" ვერ თამაშობს ჯანო ანანიძე.
უკრაინა. პრემიერლიგა. ჯაბა ლიპარტიას (83-ე წუთზე შეცვალეს) "ზორიამ" სტუმრად დაამარცხა "ვორსკლა".
სანდრო კობახიძემ კი თავისივე გუნდს მოუგო - "ვოლინი" "დნიპროს" ესტუმრა, რომელსაც ეკუთვნის ქართველი ფეხბურთელი და 1:0 დაამარცხა. ჩვენებური 94-ე წუთზე, დროის გაყვანის მიზნით შეცვალეს.
დავით თარგამაძის (83-ე წუთზე შეცვალეს) "ოლექსანდრიამ" სტუმრად მოუგო "ჰოვერლას" - 2:1. ჩვენებური ძალიან აქტიური იყო პირველ ტაიმში. საგოლე პასიც მის ანგარიშზეა, მეორე ტაიმში კი მან დაცემისას ტრავმა მიიღო.
დავით ხოჭოლავასა და გიორგი გადრანის "ჩერნომორეცი" ქართველთა გარეშე ესტუმრა "მეტალისტს" და 2:2 ეთამაშა.
პოლონეთი. I ლიგა. "ზავიშამ" 6:1 გაანადგურა ერთ-ერთი ლიდერი "ზაგლებიე", თუმცა გიორგი ალავერდაშვილი მაშინ გამოვიდა (73-ე წუთზე), როცა მის თანაგუნდელებს ყველა გოლი გატანილი ჰქონდათ.
ჩეხეთი. ლევან ყენიას (65-ე წუთზე შეცვალეს) "სლავია" "ლიბერეცს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
დანია. მათე ვაწაძის "ორჰუსმა" ერთ-ერთ ლიდერ "მიდტიულანდს" მოუგო - 2:1. სამწუხაროდ, მათე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიას (90 წ.) "მიხალოვცე" სტუმრად "სენიცას" დაუზავდა - 1:1.
კვიპროსი. გიორგი აბურჯანიას (64-ე წუთზე შეცვალეს) და ირაკლი მაისურაძის (90 წ.) "ანორთოსისმა" სტუმრად 2:0 მოუგო "პარალიმნის" და გალიდერდა.
საქმე ისაა, რომ სეზონში მეორე მარცხი იწვნია თემურ ქეცბაიას აპოელ-მა, რომელმაც შინ "აპოლონთან" 0:1 წააგო.
"ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში უკვე კარგად გამოვიყურებოდით. ძნელია, როცა ზედიზედ ოთხ დერბის ვერ იგებ, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ჩვენი მიზნები არ შეცვლილა", - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა თამაშის შემდეგ.
"პაფოსის" და "დოხას" უხვგოლიან თამაშში (3:3) ორი ქართული გოლი გავიდა. ლევან ხმალაძემ 74-ე წუთზე გაუტანა "დოხას" და ანგარიში 2:2 გახადა, ხოლო ნიკოლოზ გელაშვილმა 90-ე წუთზე პენალტით ქულა გადაურჩინა "პაფოსს".
გელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გოლის გარდა, ყვითელი ბარათითაც "გამოიჩინა" თავი. ხმალაძეც გააფრთხილეს, ის მატჩის მიწურულს შეცვალეს. მასპინძელთა კარში როინ კვასხვაძე იდგა, დაცვაში შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ, ხოლო ელგუჯა ბერიშვილი 67-ე წუთზე გამოჩნდა და იმ დროისთვის "პაფოსის" შემადგენლობაში ერთბაშად ხუთი ქართველი დაფიქსირდა.
შოთა გრიგალაშვილისა (90 წუთი, გააფრთხილეს) და ბექა ტუღუშის (28-ე წუთზე შევიდა, გააფრთხილეს) "ახნასი" სტუმრად დაუზავდა "ნეა სალამინას" - 2:2.
უჩა ლობჟანიძის (90 წუთი) "ომონია" ესტუმრა აელ-ს და 1:2 დამარცხდა.
აზერბაიჯანი. ზაურ სვანაძის "ინტერი" სტუმრად ლიდერ "ყარაბაღთან" დამარცხდა - 0:1. ლაშა სალუქვაძემ და ლაშა კასრაძემ სასტარტოში ითამაშეს, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ნიკა კვეკვესკირი და ზურაბ ხიზანიშვილი განაცხადში არ ყოფილან. "ინტერი" 24 ქულით მე-4 ადგილზეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"