ლაშა დვალი: მჯერა, საქართველოს ნაკრებში ადგილს არ დავკარგავ

AutoSharing Option
პოლონური "შლიონსკის" ოფიციალური ვებგვერდი ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - ვროცლავურ კლუბთან 2,5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის მცველმა ლაშა დვალმა.

ეს ახალი გამოწვევაა ნიჭიერი მცველისთვის, რომელიც ბოლოს "დუისბურგში" თამაშობდა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერ კლუბში დვალს თავის გამოჩენის შანსი არ ეძლეოდა. სწორედ ამიტომ დატოვა მან გერმანული გუნდი და პოლონეთში არჩია კარიერის გაგრძელება.

ამ დროისთვის, "შლიონსკი" პოლონეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლავთ ადგილობრივი სპეციალისტი ტადეუშ პავლოვსკი. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის წინა ჩემპიონატში "შლიონსკიმ" მეოთხე ადგილი დაიკავა, დღესდღეობით კი უჭირს:
16-გუნდიან ექსტრაკლასაში ვროცლაველები მე-14 ადგილზე არიან, თუმცა მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან მე-8 საფეხურზე მყოფ "იაგელონიას". ეს კი ის პოზიციაა, რომელიც რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ უფრო მაღალი მიზნებისთვის (ვთქვათ, ევროპალიგის საგზურისთვის) ბრძოლის შანსს იძლევა.

ამ დროისთვის, "შლიონსკის" ღირსებას იცავენ ინგლისელი, ბრაზილიელი, ჩეხი, რუმინელი, სლოვაკი და პორტუგალიელი ლეგიონერები. გუნდის კაპიტანია პოლონელი მარიუშ პაველეკი.

ცნობილი გახდა, რომ პოლონური კლუბის რიგებში დვალი 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. "შლიონსკი" ტრადიციული პოლონური კლუბია, სადაც, იმედია, ჩვენებურს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ექნება.

ლაშა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. გერმანიასთან თბილისურ შესარჩევ მატჩში კახა ცხადაძე თამამად ენდო ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელმაც ეს ნდობა გაამართლა კიდეც.

დვალის პირველი პროფესიული კლუბი რიგის "სკონტო" იყო. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დვალი ამ გუნდის წამყვანი ფეხბურთელი, დაცვის ბურჯი იყო.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი ინგლისური "რედინგის" თვალთახედვის არეშიც მოხვდა. ინგლისელებმა ახალგაზრდა ქართველთან კონტრაქტიც კი გააფორმეს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ობიექტური მიზეზების გამო ლაშას "რედინგში" ერთი მატჩიც არ უთამაშია.

ამას მოჰყვა დაბრუნება "სკონტოში", სადაც ქართველი სპეციალისტის, თამაზ პერტიას ხელმძღვანელობით დვალმა კიდევ უფრო დიდი პროგრესი განიცადა. მერე კი ის შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილ "ქასიმფაშაში" აღმოჩნდა, რის შემდეგაც იყო "დუისბურგი" და ახლა კი "შლიონსკი".

პოლონურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დვალმა თქვა:

"ბედნიერი ვარ, რომ "შლიონსკისთან" კონტრაქტი გავაფორმე. ჩემი აზრით, მივიღე სწორი გადაწყვეტილება და შევძლებ, გუნდს დავეხმარო. 100 პროცენტით დავიხარჯები "შლიონსკის" წარმატებისთვის.

იმისიც მჯერა, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნება და არ დავკარგავ ადგილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ თამაში გადავწყვიტე. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება".

პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატში დვალი მეოთხე ქართველი იქნება. "იაგელონიაში" ახლახან გადავიდნენ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები - ლუკა გუგეშაშვილი და ლუკა ასათიანი, "პოგონში" კი საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ფორვარდი, 29 წლის ლადო დვალიშვილი ირჯება.

არის პერსპექტივა, რომ ეს კვარტეტი მალე კვინტეტად იქცეს. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ პოლონეთში შეიძლება დაბრუნდეს საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, 24 წლის ნიკა ძალამიძე, რომელსაც თურქულ "რიზესფორში" სისტემატური სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ თამაში ისწავლე და ნაკრებს მერე მოეპოტინე, ადრეა ჯერ შენთვის ნაკრები, ხომ მოგეხმარენ, მაგრამ შენ მეორე ლიგაც ვერ გაქაჩე ასე, რომ დამშვიდდი და იმუშავე. მოუნდა ნაკრები ერთ საშუალოზე დაბალი დონის "ფეხბურთელს" აგენტებით გაქაჩული....
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული