თედო გრიგალაშვილი: ტრავმამ "ტერეკის" ორი შეკრება თითქმის გამაცდენინა

AutoSharing Option
თუ ვინმეზე ითქმის, ქართული ფეხბურთის იმედიაო, უდავოდ, თედო გრიგალაშვილზე. ვისაც 22 წლის ცენტრალური მცველის თამაში უნახავს, დაგვეთანხმება - ასაკისთვის შეუფერებლად აკადემიურიც კი არის.

მეორე მხარეა თედოს პიროვნული თვისებები. უზომოდ თავმდაბალი, ფეხბურთზე გადამკვდარი - ასე ვიცნობთ თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ვისაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია.

"ტერეკის" მიერ გამართულ ბოლო საკონტროლო მატჩებში გრიგალაშვილი არ ჩანდა. მიზეზით დავინტერესდით და თედოს იტალიურ ვერონაში შევეხმიანეთ, სადაც ჩეჩნური კლუბი შეკრებას გადის.

- თედო, ხომ მშვიდობაა, რატომ არ თამაშობთ "ტერეკის" შემადგენლობაში საკონტროლო
მატჩებს?

- საქმე ისაა, რომ შეკრების დასაწყისში ტრავმა მივიღე და ამან, ფაქტობრივად, ორი შეკრება გამაცდენინა. ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ. სავარაუდოდ, გუნდთან ერთად ვარჯიშს მესამე შეკრებაზე დავიწყებ.

- რას გეუბნებიან, რამდენ ხანში ივარჯიშებთ გუნდთან ერთად?
- ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიში, წესით, მალე უნდა დავიწყო. ასე ამბობენ ექიმები.

- ფსიქოლოგიურად ხომ ხართ მხნედ?
- კი. ტრავმა და ფეხბურთი განუყოფელია - ეს კარგად ვიცი. რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო, რაც მოხდა, მაგრამ რას ვიზამ. ცხოვრება გრძელდება.

- რა ტრავმა გაწუხებდათ?
- კოჭი გადავიბრუნე ვარჯიშზე. ამდენ ხანს სწორედ ამან დამასვენა.

- სად ემზადებით სეზონის განახლებისთვის?
- ორი შეკრება მალტაზე გვქონდა, ახლა ვერონაში ვართ, იტალიაში. ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს, რაც იმის იმედს მაძლევს, რომ რუსეთის ჩემპიონატს ბოლომდე მზად შევხვდებით.

- ახალი ფეხბურთელები თუ შეიმატა "ტერეკმა"?
- სამი ახალი ფეხბურთელია გუნდში.

- დაცვაში კონკურენცია გაიზარდა?
- დიახ, ერთი ახალი მცველი დაგვემატა. კონკურენცია, რა თქმა უნდა, დიდია. სხვანაირად არც შეიძლება იყოს. "ტერეკი~ ხომ რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

- თქვენს განათხოვრებაზე ხომ არ ყოფილა საუბარი?
- არა, მაგაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ახლა მთავარია, მალე აღვიდგინო ფორმა და ჩემს შანსს დაველოდო. ჩემპიონატი მალე იწყება და იმედიანად ვარ განწყობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული