ნიკა კაჭარავა: არა, რა, საქართველოში ფეხბურთელობა ძნელია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა საფეხბურთო ოჯახშია გაზრდილი. მამამისი, კახა კაჭარავა, თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი, ეროვნული ნაკრების პირველი მატჩის მონაწილე და გოლის ავტორი გახლდათ. შემდეგ კი თბილისურ კლუბში წლების განმავლობაში იმუშავა მთავარ მწვრთნელად, ახლა კი "ცხინვალის" დამრიგებელია.

ნიკას რაც შეეხება, ის 15 მატჩში 13 გოლით საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ახლახან რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "როსტოვში" ჩაირიცხა.

ვინ არის ეს გოლიათი თავდამსხმელი? ვფიქრობ, ნიკა კაჭარავას მონათხრობიდან ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ...

პირველი ნაბიჯები
- მამაჩემი ნიქოზიის "ოლიმპიაკოსში" თამაშობდა და მეც
ამიტომ დავიბადე კვიპროსში. თემურ თვალჭრელიძესთან "ნორჩ დინამოელში" რომ შემიყვანეს, 7 წლის ვიყავი. იმ პერიოდში თამარ მეფის გამზირზე ვცხოვრობდით და ეზოში სულ ფეხბურთს ვთამაშობდი. ეზოში ტევა არ იყო, ზამთარშიც კი. დღეს ნახეთ, რა ხდება - ამხელა უბანს ერთი საფეხბურთო სკოლა აღარ დაუტოვეს: ძველი 35-ე სკოლა დაანგრიეს და მანქანების სადგომია, "ნორჩი დინამოელი" კი გაყიდეს...

ოლიმპიური მომზადების ცენტრში ბაგრატ ჩადუნელთან 2 წელი ვვარჯიშობდი და იცით, გუნდი რატომ დაიშალა? მოედნის ადგილას კორპუსები ააშენეს - ასეთები ხომ მხოლოდ ჩვენთან ხდება...

ბოლოს, სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, გუბაზ დოლიძესთან 35-ე სკოლაში ვიყავი. იმ გუნდის წევრები იყვნენ ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია და კიდევ რამდენიმე ცნობილი მოთამაშე. ბიჭები დღემდე ვხუმრობთ, "გუბაზიჩები" ვართო, რადგან დოლიძემ ჩვენს აღზრდაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.

ამ დროსაც კი, ვარჯიშიდან მოსული ეზოში სიამოვნებით ვთამაშობდი, სახლში არც ავდიოდი და გვიანობამდე "ვუბერავდით". მაშინ საქართველოს ჩემპიონატი უფრო მაღალი დონის იყო და ევროპულ გრანდებზე არანაკლებ, თბილისის "დინამოსა" და "ამერში" მოხვედრაზე ვოცნებობდი. იმ დროს ჯერ კიდევ თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც პატარა ბიჭები ვბაძავდით.

ახლა რომ ვუყურებ, ბავშვები მსგავსი ოცნებით არ იზრდებიან. სამწუხაროდ, დღევანდელი ჩემპიონატისა და ცარიელი ტრიბუნების შემხედვარეთ, საქართველოში თამაშის სურვილი არც გაუჩნდებათ...

დინამო და რუბინი
- 15 წლის ვიყავი, თბილისის "დინამოს" აკადემიაში რომ მიმიწვიეს. იქ ერთი წლით უფროსებში ვთამაშობდი. მალე "დინამო 2-ში" დამაწინაურეს. მაგრამ შვეიცარიაში წასვლის შანსი გამიჩნდა და ამაზე უარი ვერ ვთქვი. თავიდან, ჩელენჯლიგის "კიასოში" ვვარჯიშობდი, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად კი სამოყვარულო "ვანდიშში" გამანათხოვრეს. მაგრამ სამოყვარულო გუნდის უცხოელ მოთამაშეს 3 თვეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვს. იქ დარჩენა კი შეუძლებელი აღმოჩნდა - ხომ იცით, ევროპაში ქართველების შეშვება პრობლემაა, მე კი შრომის ვიზას არ მაძლევდნენ.

თუმცა, ამაზე დიდად არც მინანია, რადგან 2013 წლის იანვარში ჩემით რუსეთის პრემიერლიგის მაშინდელი ერთ-ერთ ლიდერი, ყაზანის "რუბინი" დაინტერესდა. გუნდს პირველი შეკრების დასასრულს შევუერთდი. მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა გადაწყვიტა, შემდეგ შეკრებაზე მეც წავეყვანე და მალე კონტრაქტიც გამიფორმა.

თავიდანვე დუბლშემადგენლობაში ვიყავი, მაგრამ სეზონის დაწყებიდან 20 დღეში ბერდიევმა ძირითად გუნდში გადამიყვანა და მას შემდეგ იქ ვვარჯიშობდი, დუბლებში კი პრაქტიკისთვის მათამაშებდა. სხვათა შორის, "რუბინში" საბა კვირკველია დამხვდა, რომელიც გვერდში დამიდგა და ადაპტაცია ძალიან გამიადვილა. ძლიერი გუნდი იყო და ყოველდღე რაღაცას ვსწავლობდი, ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეებთან ვვარჯიშობდი.

ყაზანური პერიოდიდან განსაკუთრებით კარგად მოსკოვის ცსკა-ს დუბლებთან შეხვედრა მახსენდება: მათ წინააღმდეგ დიდი ჟინით ვითამაშე და ისეთი ლამაზი გოლი გავუტანე, საქართველოში რომ ენახათ, ყველა ქართველის გულს მოვიგებდი.
ნიკა კაჭარავას სუპერგოლი ცსკა-ს კარში
Sportall.Ge

მაგრამ მერე დავშავდი. პლუს, ბერდიევიც მოხსნეს და მთავარი გუნდის შეკრებაზე არ წამიყვანეს. 19 წლის ბიჭს მთავარ "რუბინში" თამაშის ამბიცია მქონდა, თავმოყვარე ფეხბურთელი დუბლებში დარჩენაზე არ იოცნებებს.

Sportall.Ge

სასარგებლო დაბრუნება
- რუსეთის შემდეგ საქართველოში დაბრუნება ძნელი იყო, მე ხომ სხვა დონეზე თამაში მსურდა. მაგრამ ამ დროს შენი თავი ხელში უნდა აიყვანო და ცხვირი არ უნდა ჩამოუშვა. პირიქით, სტიმული გამიჩნდა და მსურდა დამემტკიცებინა, რომ თამაში შემეძლო.

ახლა რუსეთში ისევ დავბრუნდი და მიმაჩნია, რომ მაშინდელი არჩევანი გამართლებული იყო: საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაში მართლაც ძალიან წამადგა - ეს რუსეთის ჩემპიონატის დუბლებში თამაშს ნაღდად სჯობდა, იმიტომ, რომ იქ უმაღლესი ლიგის მსგავსი დაძაბულობა და სტრესები არ არის და, აქედან გამომდინარე, არც - პასუხისმგებლობა.

წნეხის ქვეშ რომ თამაშობ, ფსიქოლოგიურადაც უფრო იზრდები და სპორტულადაც, ვიდრე ბავშვების ჩემპიონატში.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ეგრევე უცხოეთში წასვლა არც ისე სასურველია. ერთი-ორი სეზონი საქართველოში მაინც უნდა გაატარო, როგორღაც მაინც შეეჩვევი დიდების ფეხბურთს და უცხოეთში წასასვლელად უფრო მზად იქნები.

სხვათა შორის, კარგი თამაშები ჩვენს ჩემპიონატშიც არის ხოლმე, რომელზეც ხალხს წარმოდგენაც არ აქვს. არადა, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კარგად რომ შეფუთონ და მატჩები საღამოს, განათებულ სტადიონზე და სავსე ტრიბუნების წინ ჩაატარონ, ზოგიერთი ევროპული ლიგის მატჩებზე არანაკლები სანახაობრივი იქნება.

ჩვენს ჩემპიონატში 6 გუნდი მაინც არის, რომელიც აზრიან და გამართულ ფეხბურთს თამაშობს. მაგრამ ბევრს ნიშნავს პირობები და მაყურებელი. ხალხი რომ მოდის, შესაძლოა, ფინანსური პრობლემები დაგავიწყდეს და უდიდესი ჟინით ითამაშო.

ჩვენთან კი არც პირობებია, არც მაყურებელი და არც ნორმალური, ლამაზი სტადიონები - აბა, ფეხბურთელს სტიმული საიდან უნდა გაუჩნდეს? არა, რა, საქართველოში ფეხბურთელობა ძნელია.

ამ დროს, "ცხინვალს" საყვედურობდნენ, "ბოტოშანის" ბარიერი რატომ ვერ გაიარეთო. როგორ? რანაირად? ჩვენთან შეხვედრამდე რუმინელებმა ფეხბურთელი 1,2 მილიონ ევროდ შეიძინეს. ეს თანხა "ცხინვალის" სამი წლის ბიუჯეტია და ოდნავ მეტიც. ასეთი პირობებით ევროპის ლიგაზე რომელი გუნდი გავა?

უჩვეულოდ მაღალი
- ბავშვობიდან მაღალი ვარ და ამის გამო, სულ უხერხულობა მექმნებოდა. ლამის ყველა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებსა და მშობლებს ასაკგადაკეთებული ვეგონე და უსიამოვნებაც ბევრჯერ შემხვედრია.

როგორ დამემტკიცებინა, რომ არაფერს ვიტყუებოდი, როცა ასაკთან შედარებით, ძალიან მაღალი ვიყავი - 11 წლისა 177 სანტიმეტრი! მაგრამ რა მექნა, მამაჩემიც მაღალია და დედაც, ლია მიქაძე, ყოფილი კალათბურთელია. აბა, მე დაბალი როგორ ვიქნებოდი?

სხვათა შორის, სიმაღლის გამო, ერთი ხანობა, პრობლემა შემექმნა, რადგან სისწრაფეშიც მოვუკელი და გამძლეობაშიც. ორგანიზმი ტანის სწრაფ ზრდას ვერ ეგუებოდა და ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა. ამის გამო 2 თვე დავისვენე.
მერე კიდევ გავიზარდე, მაგრამ ორგანიზმი სიმაღლეს უკვე შეჩვეული იყო. ამაში "ვანდიშში" ვარჯიშებმაც შემიწყო ხელი - შვეიცარიული გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელმა სისწრაფეში, მოქნილობასა და სისხარტეში საგანგებო ვარჯიშები დამინიშნა და ამან ძალიან კარგად იმოქმედა.

სიმაღლე დიდ უპირატესობას მაძლევს "მეორე სართულზე", პოზიციის მოგებაში, ტანის ჩადგმაში და ვცდილობ, ეს უპირატესობა გამოვიყენო. ჩემნაირი აღნაგობის მოთამაშეებიდან ჩეხი კოლერი მომწონდა. ჩემი აზრით, მან ძალიან მაგარი ფეხბურთი ითამაშა...

Sportall.Ge


ოჯახი
- ჩვენ ისეთი საფეხბურთო ოჯახი გვაქვს, სახლში ქალებიც ფეხბურთზე ლაპარაკობენ. დედაჩემი ბავშვობიდან თამაშებზე დამყვებოდა და ისეთი ემოციურია, ერთხელ სტადიონზე მოსვლაც კი ავუკრძალე. დაც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.

დედა უფრო კარგად ერკვევა ფეხბურთში, რადგან ჯერ მამას თამაშებზე დადიოდა, ახლა "ცხინვალის" გულშემატკივარია და გაერკვა.

კარგია, მამა თავადაც ფეხბურთელი რომ იყო. მოედანზეც და მის მიღმაც კახასგან ბევრი ვისწავლე. თუკი რამეს მივაღწიე, ყველაფერში კახას წვლილია. თავად სულ დაკავებული იყო და ჩემს შეხვედრებს იშვიათად ესწრებოდა. მაგრამ თუ მოვიდოდა, შეცდომებს მიხსნიდა. ტელევიზორში თამაშების ყურების დროს კი თავდამსხმელების მოქმედებებს განიხილავდა, რომ ამითიც მესწავლა.

დიდი სტრესია, როცა მამა მწვრთნელია: კახა "ცხინვალში" მენდობოდა და ვცდილობდი იმედები გამემართლებინა. არ მინდოდა, ვინმეს რამე წამოეძახებინა და ვცდილობდი, მოედანზე თავი დამედო - ბუნებრივია, მე მეტი მომეთხოვებოდა. საერთოდაც, კახა მომთხოვნია, ჩემს მიმართ კი - ორმაგად მკაცრი გახლდათ. ასეთი მწვრთნელი ისევ ფეხბურთელისთვისაა უკეთესი.

თავიდან "ცხინვალში" თამაში არ წამივიდა და ამაზე ბევრს ვნერვიულობდი. დიდი წნეხი იყო. მაგრამ მერე უცებ დავლაგდი და მიხარია, პირველი წრის ბომბარდირი რომ გავხდი. ისე, თუ დააკვირდით, ეს ეტაპი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. ქვილითაია, მარცვალაძე და სიხარულიძეც ძალიან შედეგიან სეზონს ატარებენ. წლეულს შეტევაზე ორიენტირებული მეტი გუნდი გამოჩნდა.

ოცნება
- ოცნება? ამას მაინც არ უნდა ბიუჯეტი და ჩემგან რა მიდის - მინდა მოვიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლება, საკლუბო და სანაკრებო დონეზე.

სხვათა შორის, ახლა ისეთი თაობები წამოვიდნენ, დიდი იმედი გამიჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალი აქვს. იქნებ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვითამაშოთ და მეც ამ გუნდის წევრი ვიყო.

ბლიცი
- საყვარელი მუსიკის სტილი?
- ჰიპ-ჰოპი. სხვათა შორის, კახასაც ასეთი მუსიკა მოსწონს.

- მომღერალი?
- კენდრიკ ლამარი.

- საყვარელი ფილმი?
- "გლადიატორი". ანუ ფილმი იმაზე, რომ ღირსება და სულის ძლიერება დაუმარცხებელია.

- საყვარელი მსახიობი ქალი?
- ემა უოტსონი.

- ყველაზე სასურველი მანქანის მოდელი?
- "როლს როისი", ახალგაზრდულიცაა და ამავე დროს, მდიდრულიც.

- საყვარელი წიგნი?
- "დათა თუთაშხია", რადგან ამ წიგნში ბევრ ისეთ კითხვაზეა პასუხი, რაც ადამიანს სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვა, იქ წერია, როგორ უნდა იცხოვრო.

- ფეხის ზომა?
- 47,5.

- ამხელა ზომის ბუცს საქართველოში ყიდულობ?
- აქ თითქმის შეუძლებელია და ამიტომ უცხოური საიტებიდან ვიწერ.

- რომელი ფირმის ბუცებს იცვამ?
- "ნაიკის" ჰიპერვენომი მომწონს, მაგრამ რომელიმე მარკის ახირებაც არ მჩვევია. "ადიდასიც" ბევრჯერ მიყიდია. უცებ თუ მომეწონება, "რეალის" ლოგოიან ბუცსაც სიამოვნებით ჩავიცვამ.

- საყვარელი გუნდი?
- ორივეს, მეც და მამაჩემსაც შემტევი ფეხბურთი გვიყვარს. მაგრამ მე "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ, კახა - "რეალის". ერთადერთი, ამაზე ვერ ვთანხმდებით.

- ყველაზე მეტად რომელი გუნდის კარში გსურს გატანა?
- "ბარსას" კარში!

- შენი საყვარელი გუნდი არაა? ადექი და "რეალს" გაუტანე - ოცნებაში ხომ ყველაფერი მოსულა?
- "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და მას რომ გაუტან, სულ სხვა სიხარულია. ნაკრებებიდან კი ესპანეთისა და ბრაზილიის კარის აღებაზე ვოცნებობ, თანაც მსოფლიოს ჩემპიონატზე!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Он слабый игрок
джамбул
05:08 06-03-2016
0
ნიკუშამ ავაზას გუნდი გაიხსენოს და მიხვდება რატოა ძნელი საქართველოში ფეხბურთი ზამენიდან როგორ გადავიდა ძირითადში თვითონ კარგად იცის
avazaa
15:24 05-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული