საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მან რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და ჩვენ დავრწმუნდით: საქმე გვაქვს ძალიან ნიჭიერ, უზომოდ შრომისმოყვარე, სახიფათო ფორვარდთან...
იტალიის სერია A-ს ენდშპილი რომ მოახლოვდა, ყველას დიდი იმედი გვქონდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში კიდევ ერთი ქართველის დებიუტი შედგებოდა, მაგრამ... სამომავლოდ გადაიდო. მალე კი ახალი სეზონი დაიწყება და საინტერესოა, რას აპირებს რომან ჭანტურია.
"ლელომ" ჭანტურიასთან
- გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში...
- ფეხბურთის თამაში თბილისის "ლოკომოტივში" დავიწყე. იმთავითვე უნდა ვთქვა, რომ ამ გუნდში მისულს ძალიან კარგი გარემო დამხვდა. ყველანაირი პირობა იყო იმისთვის, რომ ფეხბურთელად ჩამოყალიბებულიყავი. ჩემი პირველი მწვრთნელები იყვნენ დიმა თოფურიძე და გია ჩიტაური. მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ჩემთვის და მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო ამისთვის.
- საქართველოში, "ლოკომოტივის" გარდა, არსად გითამაშიათ...
- არსად. ქართულ საკლუბო ფეხბურთში ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ "ლოკომოტივს" უკავშირდება.
- საინტერესოა, როგორ მოხვდით იტალიაში? ადაპტაცია ხომ არ გაგიჭირდათ?
- თუ გახსოვთ, იყო ასეთი მწვრთნელი ჯანი კარნევალე, რომელიც "ვიტ ჯორჯიაში" მუშაობდა. ის გარკვეული დროის განმავლობაში მაკვირდებოდა. შემდეგ გადავწყვიტეთ, "ემპოლიში" წავსულიყავით სინჯებზე. ორი ვარჯიშის შემდეგ მითხრეს, რომ გუნდში ამიყვანდნენ.
"ემპოლიში" ადაპტაცია არანაირად არ გამჭირვებია იმიტომ, რომ გვერდში მყავდა და მყავს ლევან მჭედლიძე. მან მნიშვნელოვნად გამიადვილა იტალიასთან და კერძოდ იტალიურ ფეხბურთთან შეგუების პროცესი.
- "ემპოლის" პირველ გუნდთან ვარჯიშობთ, პრიმავერას ბომბარდირი ხართ. ახლახან, ველოდებოდით თქვენს დებიუტს სერია A-ს ბოლო ტურში. რატომ გადაიდო ეს მომავლისთვის?
- პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ "ემპოლის" ძირითად გუნდთან, ამ დონის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში დიდი გამოცდილებაა ჩემთვის...
რაც შეეხება დებიუტს იტალიის ჩემპიონატში, ბოლო ტურში ეს მართლაც იყო დაგეგმილი და მეც, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდი ამ წუთს, მაგრამ მუხლმა არ გამიშვა, არ გამიარა ტკივილმა და დებიუტიც ვეღარ შედგა.
- ახლა რას აპირებთ, რჩებით "ემპოლიში"?
- ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, დავრჩები თუ არა "ემპოლიში". ეს მალე გადაწყდება და ყველა გაიგებს. ისე, ბევრი ვარიანტია და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
- დავბრუნდეთ საქართველოში. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეთ...
- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ძლიერი და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მოთამაშეებს ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ და გულწრფელად მჯერა, რომ პოზიტიურ შედეგს მივაღწევთ.
- ცხადია, ეროვნულ ნაკრებზეც ფიქრობთ...
- ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ისევე, როგორც - ჩემი. სულ ვფიქრობ ნაკრებში თამაშზე...
- ლევან მჭედლიძისგან გაგვიგონია, "ემპოლი" არნახულად მეგობრული გუნდიაო. თქვენ რას იტყვით?
- მართალი უთქვამს. მე მეტსაც გეტყვით - "ემპოლის" თუ რამ წარმატება აქვს, ეს სწორედ მეგობრული ატმოსფეროს წყალობითაა, როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ.
- პრიმავერას ჩემპიონატში, ან შედარებით დაბალი რანგის იტალიურ ლიგაში ხომ არ თამაშობს ისეთი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენში არ იცნობენ...
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია.
- რომან ჭანტურია და რეჟიმი...
- უმნიშვნელოვანესი თემაა. რეჟიმი ფეხბურთელის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. თუ მას არ იცავ, ისე წარმატების მიღწევა ძალიან გაგიჭირდება. მე რეჟიმთან "ვმეგობრობ".
- და ბოლოს, რას იტყვით საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე?
- ვფიქრობ, ძალიან მაღალი დონის პირველობაა. სიურპრიზებით ყველა გაკვირვებულია. რა თქმა უნდა, მთავარი მოულოდნელობა ისლანდიის ნაკრებია. როგორც უნდა დამთავრდეს საფრანგეთთან მეოთხედფინალური მატჩი, მათ უკვე მოახდინეს სასწაული.
- თქვენი ფავორიტი?
- ერთი გამოკვეთილი ფავორიტი არ მყავს, თუმცა... მაინც იტალიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"