ჯანო ანანიძე: ალენიჩევი ჩემგან სეზონში 10 გოლსა და 10 საგოლე პასს ითხოვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ბოლო დროს რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია, რაც გარკვეულწილად, გასული სეზონის ბოლოს მისმა ათამაშებამ და მოსკოვური გუნდის თავკაცის, დმიტრი ალენიჩევის გამონათქვამებმა განაპირობა, რომელიც ქართველ ჰავბეკს დიდ ნდობას უცხადებს.

- ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს - "სპარტაკის" მწვრთნელი ჯანოს ძირითადს პირდება

ამჯერად ჯანოსთან ვრცელი ინტერვიუ საიტმა championat.com-მა გამოაქვეყნა, სადაც საკლუბო და სანაკრებო ამბებზე ელაპარაკა.

* * *
ჯანო "სპარტაკის" ღირსებას უკვე ცხრა წელიწადზე მეტია იცავს, მისი კარიერა კი იმისდა მიხედვით იცვლებოდა, თუ ვინ წვრთნიდა გუნდს:
ვალერი კარპინის
ხელში ქართველი ტალანტი რეგულარულად თამაშობდა, დმიტრი გუნკოს დროს ის "როსტოვში" იჯარით წავიდა და რუსეთის თასის მფლობელი გახდა, მურატ იაკინის ხელში კი სულაც მეორე გუნდში აღმოჩნდა..

ალენიჩევის მოსვლის შემდეგ ჯანოს პოზიციები სასტარტო შემადგენლობაში გამყარდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ ქართველმა გაცემული ავანსები ჩემპიონატის ფინიშზე გაამართლა, ახალი სეზონის წინ გამართულ "სპარტაკის" შეკრებაზე კი აშკარაა, მწვრთნელი ენდობა ქართველ ნახევარმცველს, "წითელ-თეთრების" შეტევის სულისჩამდგმელად განიხილავს და მის ადგილს "თავდამსხმელის უკან" პოზიციაზე ხედავს.

ჯანოს თქმით, სწორედ ამ ამპლუაში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად, - წერს საიტი.

"საგოლე პასისთვის ზე ლუიშს მადლობა წვენით გადავუხადე"
- ჯანო, "სპარტაკი" სეზონისთვის მთელი დატვირთვით ემზადება. როგორ გრძნობთ თავს?
- ახლა დიდი დატვირთვების ქვეშ ვართ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე პირობებში ვემზადებით. დადებითი ემოციები მოგვგვარა შეკრებაზე პირველმა გამარჯვებამ "რუდართან". თანაც, იმ თამაშში გოლიც გავიტანე.

- ლეგიონი: ჯანო ანანიძემ სლოვენიურ "რუდარს" გაუტანა [VIDEO]

- ზე ლუიშს საგოლე გადაცემისთვის მადლობა როგორ გადაუხადეთ?
- წვენი დავუსხი (იცინის).

- თქვენ, როგორც ნახევარმცველს, უფრო გატანა მოგწონთ თუ პასების გაკეთება?
- კარგი პასი გოლს სჯობია. ზოგჯერ ხდება, რომ მაგარი გადაცემის შემდეგ ბურთზე მხოლოდ ფეხის დახვედრებაღა გმართებს. თუმცა, მოედანზე ერთის გაკეთებაც გინდა და მეორისაც...

- გასულ წელს ტრავმის გამო ბევრი გაგიცდათ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?
- გმადლობთ, ძალიან კარგად! მადლობა ღმერთს, აღარაფერი მაწუხებს.

- ალენიჩევისგან ნდობას გრძნობთ?
- დიახ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დმიტრი ანატოლის ძე პირადად მესაუბრება. ამას წინათ მითხრა, რომ ამ სეზონში 10 გოლი უნდა გავიტანო და ამდენივე საგოლე გადაცემა შევასრულო. ასეთ თემებზე მწვრთნელი არ ხუმრობს.

- რეალური მიზანია?
- ვფიქრობ, რომ კი.

- ასეთი შედეგისთვის სტაბილურად თამაშია საჭირო...
- ფიზიკაში მჭირდება მომატება - უნდა ვივარჯიშო, რომ ფეხზე მყარად ვიდგე. კვირაში სამჯერ სატრენაჟორო დარბაზში ფიზმომზადების მწვრთნელთან ინდივიდუალურად ვვარჯიშობ.

- ამჟამად თავდამსხმელის ზურგსუკან გათამაშებენ...
- არ დავმალავ - ყველაზე მეტად ამ პოზიციაზეა ჩემთვის თამაში კომფორტული.

- და პარტნიორებიდან ვისთან ერთად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
- ყველასთან ერთნაირად: კვინსი პრომესთანაც, იველინ პოპოვთანაც და ზე ლუიშთანაც. ენობრივი ბარიერი ხელს არ გვიშლის - ჩვენ ყველა ერთ, საფეხბურთო ენაზე ვმეტყველებთ. თანაც, უკვე ყველამ ვისწავლეთ მთავარი სიტყვები რუსულად: "პას", "გაუშვი", "მომეცი", "ერთი"...

- ერთ-ერთ ვარჯიშზე "კედელს" ალენიჩევთან და ტიტოვთან ერთად ამუშავებდით. "სპარტაკის" ლეგენდებმა განგებ გიხმეს თავისთან?
- არა, შემთხვევით მოხდა ასე! როგორც წესი, წყვილში ჩემს მეზობელ გიოსთან (რედ. გიორგი მელქაძე) ერთად ვვარჯიშობ, მაგრამ მაშინ ის რომულსთან აღმოჩნდა.

- ურთიერთგაგება ალენიჩევსა და ფეხბურთელებს შორის განსხვავდება იმასთან შედარებით, რაც მურატ იაკინის დროს იყო?
- დიახ, რუს მწვრთნელთან უფრო მჭიდრო კავშირი გაქვს, უკეთესად გესმის მისი. უცხოელთან კი შედარებით ჭირს საუბარი - მუდმივად თარჯიმანი გჭირდება.

- ალენიჩევმა უკვე ისაუბრა მიზნებზე, რომლებიც გუნდს ახალ სეზონში ექნება დასახული?
-  "სპარტაკს" ყოველთვის მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ჩემპიონობა. ევროპალიგაზე კი აუცილებლად უნდა მოვხვდეთ ჯგუფურ ეტაპზე.

"იყო ინტერესი ინგლისიდან, ესპანეთიდან და გერმანიიდან"
- სამი წლის უკან ვისი ინიციატივით გადახვედით იჯარით "როსტოვში"?
- ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ძალიან მსურდა მუდმივად მეთამაშა მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა. ძიუბასთან ერთად "როსტოვში" წავედი და ძალიან კარგი წელიწადი გამომივიდა.

- რაში წაგადგათ ეს იჯარა?
- პირველ რიგში, საკმაოდ დიდი სათამაშო პრაქტიკა მივიღე, მაგრამ არ იფიქროთ, რომ რადგან "სპარტაკიდან" გადადიხარ, ძირითადში ადგილი გარანტირებული გექნება. ვამტკიცებდი, ვიბრძოდი იმისთვის, რომ სასტარტოში მოვხედრილიყავი. გამიმართლა, რომ მიოდრაგ ბოჟოვიჩი პირველსავე დღეებიდან კარგად განეწყო ჩემ მიმართ და მენდო. "როსტოვში" თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში, რადგან ვთამაშობდი ბევრს და რეგულარულად.

- "როსტოვთან" ერთად რუსეთში პირველი ჯილდო მოიგეთ. რა არ გყოფნით "სპარტაკში", რომ ბოლოს და ბოლოს, მოიგოთ ჯილდო?
- ვფიქრობ, დღეს "სპარტაკში" ყველაფერია საიმისოდ, რომ გუნდი ჩემპიონი გახდეს. იმედია, ეს ძალიან მალე მოხდება. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

"როსტოვთან" ერთად რუსეთის თასის მოგებამ დაუვიწყარი ემოცია მომცა და მინდა, იგივე "სპარტაკის" მაისურით განვიცადო. ამ გუნდში ხომ უკვე თითქმის ათი წელია, რაც ვარ.

- დადიოდა ხმები, რომ თქვენით ევროპული კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი...
- მსმენია, რომ თავის დროზე ჩემით ინგლისური კლუბები, "სევილია" და მადრიდის "ატლეტიკო" ინტერესდებოდნენ, თუმცა იმხანად "სპარტაკი" არანაირ წინადადებას არ განიხილავდა.

არცთუ დიდი ხნის წინ გერმანიიდან დამირეკეს, მაგრამ "სპარტაკთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს - გუნდთან, რომელთან ერთადაც მსურს ტიტულების მოგება.

- თქვენი ხელშეკრულება 2017 წლამდეა განსაზღვრული. ხელმძღვანელობამ მის გაგრძელებასთან დაკავშირებით საუბარი არ წამოიწყო?
- არა.

- "სპარტაკი" კირილ კომბაროვმა დატოვა და ნომერი "7" გამოთავისუფლდა...
- ნომერი შევიცვალე, "რუდართან" სწორედ "შვიდიანით" ვითამაშე. მამაჩემი მთელი ცხოვრება ამ ნომრით თამაშობდა და ის ბავშვობიდან მომწონს. როდესაც "სპარტაკში" მივედი, "შვიდიანი" დაკავებული იყო. სწორედ ამიტომ ავირჩიე 49, ანუ - 7 კვადრატში.

"ჩემი კუმირი რონალდო და მესია"
- თქვენს "ინსტაგრამში" არის ფრანჩესკო ტოტისთან ერთად გადაღებული ფოტო...
- კოჭის გამოსაკვლევად იტალიაში ვიმყოფებოდი და კლინიკაში ტოტის შევხვდი. სამწუხაროდ, გამოლაპარაკება ვერ მოვახერხე - იტალიური არ ვიცი. ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი, თუმცა კუმირად მაინც ვერ დავასახელებ. უწინ მეც, როგორც ყველას, რონალდოს თამაში მხიბლავდა, დღეს კი - მესის.

- ევროპის ჩემპიონატზე ვის ქომაგობთ?
- თავიდან ესპანეთს ვგულშემატკივრობდი. ჩემი საყვარელი კლუბი, "სპარტაკის" შემდეგ, "ბარსელონაა". მომწონს ანდრეს ინიესტა. ევრო 2016-ს შემორჩენილი ოთხი ნაკრებიდან გერმანელებს ვუქომაგებ, პერსონალურად კი - მესუთ იოზილს.

- დღეს რა დონეზეა საქართველოს ნაკრები?
- ნაკრებში ახალი მწვრთნელი მოვიდა, ვლადიმირ ვაისი. მასთან ერთი შეკრება გავიარე, რომლის დროსაც ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგურად ვითამაშეთ. ცვლილებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც მოხდა - პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა და უკეთესობა შეიმჩნევა. მაგალითად, შენდება ახალი საფეხბურთო ბაზები.

სხვათა შორის, ევროპის ჩემიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მოუგო. ალბათ, ჩვენს გუნდს უფრო მეტად სურდა გამარჯვება.

- თქვენ რატომ არ ითამაშეთ?
- სამედიცინო შემოწმების დროს ექიმებმა თქვეს, რომ ცხვირით ცუდად ვსუნთქავ და ნაკრებიდან გათავისუფლება ვითხოვე, რათა ცხვირის ძგიდეზე ოპერაცია გამეკეთებინა. ახლა ყველაფერი კარგადაა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბიჭო წადი მაქედან წადი ! ყოველ წელს ერთიდაიოგივეა წადი გაასწარი !
0
ჯანო! შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ სწორედ ჯანი აკლია! ცოტა "ფიზიკა", რომ ჰქონდეს მსოფლიო თუ არა, ევროპის დონის ნამდვილად არის! რუსეთში არ მოხვედრილიყო, უკეთესი იქნებოდა! ხელი მოუმართოს ღმერთმა!
jiji
17:02 11-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული