ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი ლევან ყენია მომავალი სეზონისთვის პრაღის "სლავიასთან" ერთად ემზადება. ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაში მან ტრავმა მიიღო. "სლავიას" დამრიგებელმა, დუშან უჰრინმა (უმცროსი) იმედი გამოთქვა, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნება და ქართველს ახალი კამპანიისთვის მზადებაში ხელს არ შეუშლის...

"ლელო" ყენიას შეეხმიანა და ინტერვიუ ჩაწერა...

- ახლა ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ორთაბრძოლა იყო და ჩამარტყეს. ორი დღე დავისვენე, ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩვეულებრივად, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. არც ტკივილს ვგრძნობ და
ხელსაც არაფერი მიშლის.

- ცოტა უკან გავიხედოთ და სანამ საკლუბო ამბებზე გავაგრძელებდეთ საუბარს, საქართველოს ნაკრების ავსტრიული შეკრება შევაფასოთ...
- ძალიან კარგი და საჭირო შეკრება იყო. ძლიერ მოწინააღმდეგეებს ვეთამაშეთ და იქ ძალიან კარგად გამოჩნდა ჩვენი პლუ-მინუსები. გამოჩნდა, რომელ კომპონენტებზე უნდა ვიმუშაოთ. სამუშაო კი ჯერ კიდევ ბევრია.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს როგორი განწყობით ხვდებით? ფაქტია, ჩვენმა მეტოქეებმა კარგად ითამაშეს ევროპის პირველობაზე, თუნდაც უელსის ნახევარფინალში გასვლა რად ღირს...
- როგორ გითხრათ... რა თქმა უნდა, იმედიანად ვხვდები ახალ შესარჩევ ციკლს. ყველას ძალიან გვინდა, რომ საქართველოს ნაკრებმა შედეგს მიაღწიოს და გაახაროს გულშემატკივარი.

- "სლავიაში" დარჩენა გადაწყვიტეთ. საინტერესოა, როგორია თქვენი ახალი კონტრაქტი?
- ერთწლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. გუნდი ამბიციურია, თამაშობს ევროთასებზე და გარდა ამისა, ჩეხეთის ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასვლაც გვსურს. მინდა, "სლავიას" ამ მიზნების განხორციელებაში დავეხმარო, მით უმეტეს, ევროპის ლიგაზე ჯგუფში მოხვედრა იგეგმება.

- რუსულმა მედიამ ცოტა ხნის წინ დაწერა - ლევან ყენია აქაურ, პრემიერლიგურ გუნდებს სურთო...
- მხოლოდ ლაპარაკის დონეზე იყო ყველაფერი. ამის იქით საქმე აღარ წასულა. ამ ეტაპზე "სლავიაში" დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე. მიმაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი.

- "სლავია" მნიშვნელოვნად გაძლიერდა?
- ბოლო დროს მართლაც მნიშვნელოვნად გავძლიერდით. 8 ფეხბურთელი მოვიდა გუნდში ზამთარში, ზაფხულში კიდევ 5 ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ. მოკლედ, შემადგენლობა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე იყო.

- როგორი იქნება თქვენთვის მომავალი სეზონი?
- წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, ყველაფერს ერთად ვნახავთ...

- ევროპის ჩემპიონატზე რომელ გუნდს ქომაგობთ?
- პორტუგალიას. ზოგადად, ევროპის ჩემპიონატი სიურპრიზებით სავსეა. ფეხბურთს უკვე ყველა კარგად თამაშობს და ისეთი გუნდებიც კი აღწევენ შედეგს, რომლებისგანაც ამას არავინ ელის. ყოველივე ეს მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის, საქართველოს ნაკრებისთვის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაისს ამაზე აქ გაჭედილი და ნაკრებს კაი ხნით დაემშვიდობა)))
0
ika რა გიხარია?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული