საბა კვირკველია: ვვარჯიშობ, მზად ვარ, საქართველოში სიამოვნებით მოვდივარ!..

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის სეზონის დაწყების წინ "რუბინის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი ხავი გრასია მიიყვანა. პირინეელს გუნდში რამდენიმე საკმაოდ მაღალი დონის ახალწვეული მიჰყვა, თუმცა მაინც ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის მცველი საბა კვირკველია გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავდა...

საიდუმლო არ არის, რომ "რუბინს" ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით არაერთხელ ჰქონდა საინტერესო შეთავაზება, მაგრამ ყაზანური კლუბი ყოველთვის ძალიან ძვირად აფასებდა ჩვენებურს და სწორედ ამან შეაფერხა მისი ტრანსფერი რომელიმე ევროპულ კლუბში.

ყველაზე საკვირველი ის არის, რომ კვირკველია "რუბინის" განაცხადშიც კი არ
ჩანს. ასე გაგრძელება კი შეუძლებელია.

კვირკველია საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც სულ მალე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი მატჩი ელის ავსტრიასთან.

"რუბინის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სულ მოკლე ხანში გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ადვილი შესაძლებელია, მათ შორის კვირკველიაც იყოს. გუშინ "ლელო" მას ყაზანში შეეხმიანა...

- საინტერესოა, რატომ შეიქმნა ასეთი სიტუაცია? რატომ აღარ თამაშობთ?
- რა გითხრათ... როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია იმ შედეგით, რომელიც ახლა აქვს "რუბინს". გუნდი მეცამეტე ადგილზეა რუსეთის ჩემპიონატში...

- რა თქმა უნდა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, სათამაშო პრაქტიკა გჭირდებათ...
- მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვნახოთ, რა და როგორ გადაწყდება. შეიძლება რამდენიმე დღეში იყოს უკვე მნიშვნელოვანი სიახლეები...

- კლუბის ხელმძღვანელობას თუ ესაუბრეთ შექმნილი სიტუაციის თაობაზე?
- არა, ჯერ არ გვისაუბრია...

- სად შეიძლება გააგრძელოთ კარიერა - ევროპაში თუ ისევ რუსულ პრემიერლიგაში?
- ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ მოლაპარაკების შედეგებს. ერთი ზუსტად ვიცი - თუ "რუბინიდან" წავალ, მხოლოდ ამბიციურ გუნდში ვითამაშებ.

- სულ მალე საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს ითამაშებს ავსტრიასთან. თქვენ ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა გაკლიათ...
- დიდი სიამოვნებით მოვდივარ საქართველოში ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის სათამაშოდ. ჩვეულებრივად ვვარჯიშობ გუნდთან ერთად და ფორმაშიც ვარ. ყველაფერს გავაკეთებ ბიჭებთან ერთად იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა საიტერესო ინტერვიუა არა? ერთი სულის მოთქმით წავიკითხე.
ჯიჯი ალფაიძე
17:17 23-08-2016
0
ზენიტში გადავა თუ გარაი წავიდა ზენიტიდან, ან სპარტაკში.
ტუკ
16:09 23-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული