ოთარ კაკაბაძე: ყველა ფეხბურთელი ეცდება, ეს ხშირად განიცადოს

AutoSharing Option
21 წლის ოთარ კაკაბაძეს ქართველი გულშემატკივარი დიდ იმედებს უკავშირებს. აზრიანი და ტექნიკური ფეხბურთელი 2012 წელს სლოვენიაში გამართულ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შემდეგ უეფას ჟურნალისტების ჯგუფმა 10 ტალანტს შორის დაასახელა.

ამ გუნდის ბევრი წევრისგან განსხვავებით, ოთარი ამის შემდეგაც პროგრესირებდა და წინ მიიწევდა. შარშან, ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კაკაბაძე ეროვნულ გუნდში მიიწვია. ის მალევე ვერ "გაიხსნა" - ჩანდა, რომ მეტისმეტად ნერვიულობდა.

თუმცა, ირლანდიასა და უელსთან საგარეო შეხვედრებში სულ სხვა კაკაბაძე ვიხილეთ: ტარაგონას "ხიმნასტიკის" მარჯვენა მცველი საკუთარ ფუნქციებსაც კარგად ართმევდა თავს,
შეტევებშიც კარგად ერთვებოდა და თამაშს ამწვავებდა, თავდაჯერებულიც იყო და აგრესიულიც.

ვფიქრობთ, ყველაზე სწორად მისი თამაში ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მამუკა წერეთელმა შეაფასა: "კაკაბაძე მომეწონა. მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა! ასე გააგრძელოს და შედეგი აუცილებლად მოვა! მადლობა"!

უელსი-საქართველოს მატჩის შემდეგ "დეილი მეილის" მიერ გამოქვეყნებული ინდივიდუალური სტატისტიკური მაჩვენებლებიდან გაირკვა, რომ ვაკო გვილიას შემდეგ, ჩვენს გუნდში ყველაზე მეტჯერ (8) ბურთი მეტოქეს სწორედ კაკაბაძემ აართვა. ფეხბურთელით კმაყოფილება ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმაც გამოთქვა.

ოთარ კაკაბაძეს ესპანეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ განვლილ და მომავალ მატჩებზე, საკლუბო ამბებზე, ესპანეთთან ადაპტაციაზე...

ორჯერ შევეხმიანე: დილით არ ეცალა, მასწავლებელთან მივდივარო და ინტერვიუ საღამოსთვის შევათანხმეთ. საუბარიც ამ თემით დავიწყეთ...

ესპანური ადაპტაციაში მეხმარება
- ესპანურის ათვისება მოახერხეთ?
- გამართულად ჯერ ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ვითვისებ. უკვე თითქმის ყველაფერი მესმის, მწვრთნელსაც ველაპარაკები და თანაგუნდელებსაც ვაგებინებ. ურთიერთობა არც ქუჩასა და მაღაზიაში მიჭირს.

- სხვათა შორის, ბევრ ქართველს უცხოეთში პრობლემა ენის უცოდინრობის გამო შეექმნა და არა - კლასის ნაკლებობის გამო...
- ენის არცოდნა დიდი ნაკლია და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელს ხელს უშლის. ინგლისური ვიცი, მაგრამ აქ ბევრს არ ესმის. ისე გამოდიოდა, რომ ორიოდე თანაგუნდელს და ჩისკოს თუ ვეკონტაქტებოდი. ასე ადაპტაცია შეუძლებელი იყო. თანაგუნდელებთან ურთიერთობის გარეშე კი კოლექტივის სრულფასოვანი წევრი ვერსად გახდები. მოედანზე ათასნაირად იცვლება ვითარება და ელემენტარული სიტყვების მნიშვნელობა მაინც უნდა იცოდე - როცა გკარნახობენ, ან როცა შენ უნდა უკარნახო.

- ჩისკო როგორ არის?
- როგორ იქნება? მეორე მწვრთნელია და ჯერ თამაში ვერ მოგვიგია. 3 ქულა შემდეგ ტურშიც თუ ვერ ავიღეთ, შეიძლება, ვისენტე მორენო მოხსნან და მეშინია, ჩისკომაც იგივე ბედი არ გაიზიაროს.

- ასეთი წარუმატებლობა რას უნდა მივაწეროთ?
- ალბათ, იმას, რომ საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებთ. წინა წლის შემადგენლობიდან ორი თავდამსხმელი წავიდა და გოლის გამტანი აღარ დაგვრჩა.

- რეალურია, რომ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდროთ ადგილი?
- თავიდან საერთოდ არ მათამაშებდნენ, მაგრამ მერე ზედიზედ 5 შეხვედრა ჩავატარე. ახლა ყველაფერი კარგად მიდის და ეს მაიმედებს, რომ ძირითადის ფეხბურთელი გავხდები.

- ადაპტაციის პერიოდში ყველაზე რთული რა იყო?
- ენაზე უკვე ვთქვი. რთული იყო უცხო გარემოსთან, ქვეყანასთან და ახალ გუნდთან შეგუება. ბავშვობიდან თბილისის "დინამოში" ვიზრდებოდი, სხვაგან არ მითამაშია და პირველი ერთი თვე ამიტომ გამიჭირდა. თითქოს, ცხოვრებას ახლიდან ვიწყებდი. მაგრამ გიორგი აბურჯანია და ჩისკო მაგრად დამეხმარნენ და ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

მიმაჩნია, რომ საქართველოდანაც კარგ დროს წამოვედი. 21 წლის ფეხბურთელი უცხოეთში რომ მოხვდება, მერე გაზრდა უფრო ადვილია. მადლობა ღმერთს, რომ ამაში გამიმართლა და იმედია, ამ შანსს გამოვიყენებ. რა თქმა უნდა, ამაში დიდი როლი ნაკრებში თამაშმა შეასრულა. ძალიან დიდი გამოცდილებაც მივიღე და წინსვლაშიც დამეხმარა.

ვიდალის, ალვეშისა და ხუანფრანის კომპანიაში
- მეორე მხრივ, ნაკრებში სეგუნდა დივიზიონში თამაში დაგეხმარება. საქართველოს ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, ასეთი თავდაჯერებული ვერ იქნებოდით სანაკრებო შეხვედრებში...
- ბუნებრივია. ძალიან მაგარ ლიგაშიც ვთამაშობ და ზრდაში აქაური პრაქტიკა და თითოეული თამაშიც კი მეხმარება. საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრებში ირლანდიასთან რომ დაგიძახებენ, რომელსაც სულ პრემიერლიგის მოთამაშეები ჰყავს, თავდაჯერებული ვერ იქნები. არადა, ჩვენს უმაღლეს ლიგაში იმდენი ნიჭიერი ბიჭია, გასაქანი რომ მისცე, ბევრად მაღალ დონეზე ითამაშებდნენ.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებზე ძალიან კარგად იმოქმედა ესპანეთთან მოგებამ. ამან გუნდში სხვა ფსიქოლოგიური განწყობა შექმნა და მეტი თავდაჯერებულობა შეგვძინა. პირადად მე, ამაში სეგუნდა დივიზიონის გუნდში ვარჯიში და იქაურ ტემპთან შეგუებაც დამეხმარა.

- სეგუნდა დივიზიონის დონეს როგორ დაახასიათებ?
- ყველა აღიარებს, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეორე ლიგაა და მეეჭვება, ბევრი ქვეყნის უმაღლესი ლიგა სჯობდეს. ეს კი, მინიმუმ, საშუალო ევროპულ ლიგაში თამაშს ნიშნავს. "ლა ლიგაში" ნათამაშები ფეხბურთელები გვყავს და ამბობენ, რომ პრიმერაში თამაში ძნელია. რა თქმა უნდა, კლასს არ ვგულისხმობ, მაგრამ აქ უფრო "მშივრები" და მონდომებულები არიან საიმისოდ, რომ პრიმერაში მოხვდნენ. შეხვედრებს ათასი კამერა იღებს, სტადიონზე უამრავი ხალხი დადის, ტრიბუნაზე მუდამ არიან აგენტები...

ჩვენს მატჩებს 7 ათასი მაყურებელი მაინც ესწრება. ასეთი გარემო აუტსაიდერი გუნდის მოთამაშესაც აიძულებს, ბოლომდე დაიხარჯოს. ასეთ ფეხბურთს რომ შეეგუები და კარგ გარემოში მოემზადები, მერე ხვდები, რომ ირლანდია-უელსთან თამაში ძალიან ძნელია, მაგრამ არა - შეუძლებელი. შეიძლება, ვიღაცამ შეგნიშნოს, ერთმა 90-მა წუთმა შენი ბედი გადაწყვიტოს და ცხოვრება შეგეცვალოს.

- ირლანდია-უელსთან ჩატარებულმა 180-მა წუთმა თქვენი ცხოვრება არ შეცვალა? დაინტერესებული გუნდები და მენეჯერები არ გამოჩდნენ?
- არ დავმალავ, რომ დაინტერესება არის. მაგრამ მე "პრომოსპორტთან" ვთანამშრომლობ და ძალიან კარგი მენეჯერი მყავს - დევიდ პირი. ამ სააგენტოს კლიენტი ბევრი ცნობილი მოთამაშეა: ალეიშ ვიდალი, დენის სუარესი, ხუანფრანი, დიეგო ალვეში, ერიკ ბაილი, ფელიპე მელო, ევგენი კონოპლიანკა, იაგო ასპასი... "პრომოსპორტის" პარტნიორები არიან ცნობილი კლუბები და მწვრთნელებიც. ამ ხალხის მჯერა და დარწმუნებული ვარ, შანსი თუ იქნება, გაცილებით კარგ გუნდში წამიყვანენ.

- მენეჯერმა სად გაგიცნოთ?
- ყველაფრის თავი და თავი გიორგი აბურჯანია იყო. "პრომოსპორტი" ჩემით მან დააინტერესა, გამაცნო და ესპანეთში რომ ვარ, მთლიანად მისი დამსახურებაა.

ხალხისგან დიდი სითბო ვიგრძენი
- გიორგი როგორ არის?
- ვარჯიში უკვე დაიწყო. კუნთი ჰქონდა დაჭიმული და ერთი თვე გაუცდა, მაგრამ, იმედია, მალე შევა ფორმაში.

- მოლდოვასთან თამაშზეც გკითხავთ. ირლანდია-უელსის შემდეგ, ამ მატჩმა დიდი მოლოდინი გააჩინა...
- ფეხბურთელებიც ასე ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და იმედია, პირველ 3 ქულას მოვიპოვებთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგება ჰაერივით გვჭირდება, გასვლის თეორიული შანსი მაინც რომ შევინარჩუნოთ.

საერთოდაც, მეტოქეს არ ვაკნინებ, მაგრამ თუ რაიმე ამბიცია გაგვაჩნია, მოლდოვას უნდა მოვუგოთ...

ესეც სათქმელია: ირლანდია-უელსამდე ჩვენს ნაკრებსა და ფეხბურთზე, ძირითადად, ლანძღვა-გინება ისმოდა. მაგრამ ამ მატჩების შემდეგ ხალხისგან იმხელა სითბო და სიყვარული ვიგრძენი, გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც. ეს დიდი სტიმულია. დამიჯერეთ, ყველა ფეხბურთელი ეცდება, ეს ხშირად განიცადოს და ნაკრების გარშემო ასეთი ატმოსფერო შენარჩუნდეს.

- როგორც იქნა, პირადად თქვენც თავისუფლად ათამაშდით...
- ვაისის პლუსი ისაა, რომ ფეხბურთელებს თამაშისთვის კარგ ფსიქოლოგიურ განწყობას უქმნის და არ თრგუნავს. მასთან თავისუფლად ამიტომაც ვთამაშობთ.

- მთავარი მოულოდნელობა ის არის, რომ გუნდი თანამედროვედ ათამაშდა...
- მე ის მახარებს, რომ სწრაფი თამაში შეგვძლებია. თანამედროვე ფეხბურთში შედეგს მხოლოდ ის გუნდი და ნაკრები აღწევს, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს და შეტევას არ აყოვნებს. შესარჩევი ციკლის სამივე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კარგად თამაში შეგვიძლია, რადგან გუნდს და ჩვენს ფეხბურთელებს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მომავალ წელს ლა ლიგაში გელით.აბა შენ იცი.
სოსო
11:46 06-11-2016
0
ხალხს კიარ სიამოვნებთ რომ გლანძღავენ ოთარ(რაც ძალიან არასწორად მიმაჩნია რომ, აგინებენ ფეხბურთელებს თამაშის ბოლოს) ბოლომდე ითამაშეთ როგორც ჩვენი მორაგბეები, კალათბურთელები თამაშობენ და ნახავთ თუ როგორ სითბოს იგრძნობ შენი ქვეყნიდან....! რამოდენიმე ფეხბურთელი რომ იხარჯება ბოლომდე და მართლაც თავს დებს მოედანზე არა... 11ივემ და დაინახავთ...
svani
11:48 06-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული