თემურ ფარცვანია: დავიბადე ქართველად, ვარ ქართველი და ვიქნები ქართველი!

AutoSharing Option
დონეცკის "ოლიმპიკის" ქართველმა ფეხბურთელმა თემურ ფარცვანიამ Sportall.ge-სთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ფარცვანია 25 წლისაა. ის თბილისში დაიბადა, 2004-ში უკრაინაში გადაბარგდა და იქაური მოქალაქეობაც მიიღო. მას უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 2009 წელს კი 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

თავის დროზე ფარცვანია კიევის "დინამოში" თამაშობდა და უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლებოდა. კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა 6 წელი ითამაშა, თუმცა პირველ გუნდში თამაშის საშუალება არ მისცემია. სწორედ ამის შემდეგ გადავიდა ზაპოროჟიეს "მეტალურგში", ლუცკის "ვოლინში"...

ამჟამად 25 წლის მცველი დონეცკის
"ოლიმპიკის" ღირსებას იცავს.

- საინტერესოა, როგორ მოხვდი უკრაინაში?

- 2004 წელი იყო, როცა მამასთან ერთად უკრაინაში წამოვედი. კიევის "დინამოში" სინჯებზე მივედი და დამიტოვეს, კარგი ბიჭი ხარო. მახსოვს, მაშინ ფიზიკური მომზადება მომიწონეს. სწორედ აქედან განვითარდა ჩემი კარიერა - კიევის "დინამოდან" ნაკრებამდე.

- რატომ მოხდა ისე, რომ კიევის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ვერ მოიკიდე ფეხი?
- მე კი არა, პირველ გუნდში თამაშის შანსი არავის ეძლეოდა. გუნდს სხვა პოლიტიკა ჰქონდა არჩეული - ჩემს პოზიციაზე 2-3 ფეხბურთელი იყო ნაყიდი, რომელშიც მილიონები გადაიხადეს. კლუბის აღზრდილებზე კი სულ ამბობდნენ, მოვა მაგათი დროო და ასე იწელებოდა...

- როგორც ვიცით, მაშინ, როცა უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში გიხმეს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებშიც გეძახდნენ. არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ რატომ გააკეთე?

- უკრაინაში 16-წლამდელთა გუნდში გამომიძახეს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იყო მაშინ. შეკრებაზე გავყევი გუნდს, მაგრამ განაცხადში ვერ მოვხდი.

რევაზ ჩელებაძეს ვიცნობდი კარგად და ალბათ, სფფ-ში მისგან გაიგეს ჩემზე, ის მიაწვდიდა ინფორმაციას... დამიკავშირდნენ, მაგრამ გვიანი იყო - უკვე უკრაინული პასპორტი მქონდა და აქ ვთამაშობდი.

- უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდი...
- 2009 წელი იყო... მაშინ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მთავარი ტრიუმფი მოხდა. ძალიან დიდი სიხარული განვიცადე. დიდი გამოცდილება მივიღე. გუნდში ყველა უკრაინელი იყო და მე, ერთი ქართველი.

უკრაინული პასპორტის მიუხედავად, თავს ყოველთვის ქართველად ვთვლიდი. აქ კი ადგილობრივს თუ 2-3 თავით არ სჯობნი, ნაკრებში ვერ მოხვდები - მხოლოდ უკრაინული პასპორტი ვერ გიშველის.

- დღეს რომ გიწევდეს არჩევნის გაკეთება საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის, როგორ მოიქცეოდი?
- მე წლების წინაც ვთქვი, ქართველად დავიბადე, ვარ და სულ ვიქნები! ყველა ქართველის ოცნებაა საქართველოს ნაკრებში თამაში. უბრალოდ, მაშინ ისე მოხდა, რომ უკრაინელებმა ქართველებზე ადრე გამოხატეს ჩემდამი ინტერესი, თორემ თამაში საქართველოს ნაკრებში მსურდა.

დღესაც ნაკრებში თუ გამომიძახებენ, ძალიან გამიხარდება და არჩევანს აუცილებლად საქართველოზე გავაკეთებ.

- "ოლიმპიკის" ერთ-ერთ მატჩს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე დაესწრო. თუმცა ცხადაძე ნაკრებს აღარ წვრთნის... ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ არავინ დაგკავშირებია?
- კი, კახა ცხადაძე იყო ჩამოსული ჩემი თამაშის საყურებლად. მეკარე ზაურ მახარაძესაც აკვირდებოდა. ისე მოხდა, რომ ნაკრებში შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა და მას მერე არავინ დამკავშირებია - არანაირი დაინტერესება და საუბარი ჩემთან...

მწვრთნელი რომ იყოს დაინტერესებული, დამიკავშირდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ახლა, უბრალოდ, გულშემატკივრებმა გაახსენეს ჩემი არსებობა, ეტყობა, მოეწონათ ჩემი თამაში. წერენ, საქართველოში გვსურს ამ ბიჭის დაბრუნებაო, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ სფფ-სგან არაფერი ისმის...

- ნაკრების ფებხურთელებთან მეგობრობ?
- კი, რა თქმა უნდა. სანდრო კობახიძესთან ვმეგობრობ. ჯაბა ლიპარტიასთან მაქვს ურთიერთობა. ჯანო ანანიძეს ვიცნობ ძალიან კარგად, ერთად გვითამაშია "დინამოს" აკადემიაში. რამდენიმეს კიდევ შორიდან ვიცნობ.

- თუ უყურე ჩვენი ეროვნული გუნდის მიერ გამართულ ბოლო მატჩებს, როგორ შეაფასებდი?
- სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა უელსთან მატჩი. ბიჭებმა ყველა პოზიციაზე ძალიან კარგად ითამაშეს. ნაკრების ყველა მატჩს ვუყურებ და ძალიან მინდა, ახლა მოლდოვასთან პირველი 3 ქულა მოვიპოვოთ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Giorgi-ს:
შენ ახლა .... თავი დაანებე!
შეეჯიბრე მეგრელებს ქვეყნის სიყვარულში!
თემურ კაი კაცი ხარ და წარმატებები შენ. მომავალში აუცილებლად ითამაშებ ნაკრებში.
Georgian
03:03 12-11-2016
0
კაი კაცი. ნამდვილად იმსახურებს გამოძახებას
Zaza
13:27 11-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული