[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის შოთას ადგილი?

AutoSharing Option
შოთა არველაძე და თელ-ავივის "მაკაბი" - ესაა ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი თემა ქართული სპორტული მედიისთვის. გუნდის საქმეები მთლად კარგად ვერ მიდის ისრაელის ჩემპიონატში და რა იქნება ევროპალიგაზე, ხვალ ამას გვიან საღამოს ერთად შევიტყობთ...

ამ ქვეყანაზე ბევრი პროფესია არაა, მწვრთნელობას რისკის ხარისხით რომ დაეტოლება. მწვრთნელი მუდამ მზად უნდა იყოს წარუმატებლობისა თუ წარმატებისთვის. ჯანსაღად უნდა მიიღოს ორივე და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს.

ამ საკითხზე ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს, მე კი მგონია, რომ ჩვენს ახალგაზრდა მწვრთნელებს შორის შოთა არველაძე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. მას
აქვს ყველა ის თვისება, რაც უნდა ჰქონდეს მწვრთნელს.

ეგაა, შოთა ვერაფრით მოხვდა ისეთ გუნდში, რომელშიც ყველაფერი აწყობილად, ევროპულად იქნება. ვერ მოხვდა, თუმცა ის ჯერ მაინც სამწვრთნელო კარიერის დასაწყისშია და აუცილებლად მოხვდება "ისეთ გუნდში".

დღეს შოთა გზაგასაყარზე დგას. "მაკაბის" დატოვების შემთხვევაში, მას აქვს "ალკმაარში" ან "კრასნოდარში" მუშაობის გაგრძელების შანსი. არველაძე-ფეხბურთელს არასოდეს ეშლებოდა საპასუხისმგებლო არჩევანი და, ჩემი აზრით, ამით და კიდევ ბევრი სხვა რამით მისი კარიერა სამაგალითოა ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის.

უბრალოდ, აქამდე შოთას სამწვრთნელო კარიერაში ვერა და ვერ გამოჩნდა გუნდი, რომელშიც ის ბოლომდე გამოავლენდა საკუთარ შესაძლებლობებს. აქ არ ვგულისხმობთ "ალკმაარს", სადაც ის ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო და მისგან მართლაც ბევრი რამ ისწავლა.

მან იმუშავა სამ თურქულ გუნდში. ამ სამიდან ორი - შეზღუდული ამბიციების კლუბი იყო. მესამე იყო "ტრაბზონსფორი". არველაძე იქ მივიდა დიდი სიყვარულითა და დიდზე დიდი ტვირთით. "ტრაბზონში" იყო რამდენიმე ვარსკვლავი, მაგრამ არ იყო ფული. ასეთ ვითარებაში შედეგის დადება ძალიან რთულია.

რთულია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კლუბის შიგნითაც ვერ არის ყველაფერი დაწყობილი და ბევრი იმას ფიქრობს, ფეხი როგორ და როდის გადაგიბრუნდება, რათა ამით ისარგებლოს და კბილი გაგკრას.

ისრაელის კვალობაზე "მაკაბი" კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ის შოთას ხელმძღვანელობით შევიდა ევროპალიგის ჯგუფში. ეს უკვე მიღწევა იყო. მეტს კი ორი თანაბარი შემადგენლობა სჭირდება.

ძალიან მინდა, შოთა ნაღდ ევროპულ გუნდში ვიხილო - აწყობილ სისტემაში, ისეთ გარემოში, სადაც მწვრთნელს მოუწევს მხოლოდ მწვრთნელობა და ის აბსოლუტურად თავისუფალი იქნება სხვა პრობლემებისგან.

შოთა ჯერ "მაკაბის" მწვრთნელია, თუმცა ისე ჩანს, მას ექნება არჩევანი გასაკეთებელი ორ ვარიანტს შორის. რა თქმა უნდა, მან უკეთესად იცის თავისი საქმისა, მე კი მის ადგილზე მაინც "ალკმაარს" ავირჩევდი.

რუსულ კლუბს ჰყავს უკეთესი შემადგენლობა და აქვს უფრო მეტი ფული საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის.

"ალკმაარს" კი აქვს აწყობილი სისტემა. ჰოლანდიაში მწვრთნელს აქვს უფრო დიდი ნდობა, ვიდრე რუსეთში და მეტი კარტ-ბლანში. საფეხბურთო თვალსაზრისით, ჰოლანდია ნაღდი ევროპაა, რუსეთს კი ჯერ აქამდე ბევრი უკლია. რუსეთში შეიძლება ერთ თვეში ვიღაცამ აღმოაჩინოს, რომ შენ ზედმეტი ხარ და იმ ვიღაცის სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

"ალკმაარი" და ზოგადად, ჰოლანდიის ჩემპიონატი ნამდვილი სამჭედლოა კარგი მწვრთნელებისა და კარგი ფეხბურთელებისთვის. ახლა ისე ჩანს, რომ იქ მისვლის შემთხვევაში, შოთას ექნება დიდი ნდობა და ეს აუცილებელია მწვრთნელისთვის.

სხვა თუ არაფერი, არველაძეს უკვე აქვს ამ გუნდში მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება და იცის, რა და როგორ არის იქ.

ერთიც: "ალკმაარი" თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელიც უყვარს შოთას - შემტევს, გახსნილს, შემოქმედებითს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სახლში
999l
09:53 08-12-2016
0
ჭკვიანი კაცი ხარ--შოთი ----მიდი შეუბერე--- აბა შენ იცი
სოსო
08:58 08-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული