საქართველოს ნაკრების 10 ფეხბურთელი, რომელთა ტრანსფერს ამ ზამთარსვე ველით

AutoSharing Option
როგორც წესი, ზამთარში ფეხბურთელები გუნდების გამოცვლას ერიდებიან ხოლმე, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბი მაინც შეიცვალოს. ამის მთავარი მიზეზი მათი სადღეისო არასახარბიელო მდგომარეობაა. ზოგიერთიც უფრო მაღალ დონეზე იმედოვნებს კარიერის გაგრძელებას...

ნუკრი რევიშვილი - საქართველოს ნაკრების მეკარე თბილისის "დინამოში" არ დარჩება. ცხადია, რევიშვილს აქვს უცხოეთში კარიერის გაგრძელების ჯანსაღი ამბიცია, მით უმეტეს, მან უკვე დააგროვა საქართველოს საზღვრებს გარეთ თამაშის დიდი გამოცდილება.

გურამ კაშია - "ვიტესში" კაპიტანი და ლიდერია, თუმცა ბოლომდე გამორიცხული არ არის, გუნდი შეიცვალოს. ამას წინათ, გოგა გახოკიძემ "ლელოს"
უთხრა, რომ კაშიას საკითხზე მუშაობა მიდის. ალბათ, ურიგო არ იქნება, თუ გურამი წამყვანი ევროპული ჩემპიონატის რომელიმე საშუალო დონის გუნდში მოსინჯავს ძალას.

საბა კვირკველია - "რუბინში" არ ენდობიან და ისე ჩანს, რომ ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე საკუთარ უთამაშებლობაში. არის ევროპული ინტერესი. დაიწერა კიევის "დინამოზე", ტულის "არსენალსა" და მოსკოვის "ლოკომოტივზე". კვირკველიას გადაწყვეტილი აქვს "რუბინიდან" წასვლა და ამაში გასაკვირი არაფერია. ყველაზე მოუთმენლად სწორედ მის ტრანსფერს ველით, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - საქართველოს ნაკრებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მქონე საბა კვირკველია სჭირდება.

ლაშა დვალი - ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი მცველი. პოლონელები წერენ, რომ "შლიონსკმა" ის შეიძლება გაყიდოს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დვალმა უკვე ითამაშა თურქეთსა და გერმანიაში. ისიც დაიწერა, რომ მისი შეძენით თვით ამსტერდამის "აიაქსია" დაინტერესებული.

ვაკო ყაზაიშვილი - დარჩება "ლეგიაში" თუ დაუბრუნდება "ვიტესს"? საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა არჩევანი მალე უნდა გააკეთოს. თავად ვაკოსაც, ცხადია, არ უნდა აკმაყოფილებდეს პოლონურ გრანდში ეპიზოდური როლები და ისიც - მხოლოდ შიდა ჩემპიონატში.

ვაკო გვილია - შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ნაკრებში მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩების შემდეგ მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. არის ვარიანტები გერმანული ბუნდესლიგიდან. გვილია ის ფეხბურთელია, მოკლე ხანში საქართველოს პირველი გუნდის ლიდერობა რომ შეუძლია და, ბუნებრივია, საკლუბო არჩევანსაც დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს.

გიორგი პაპუნაშვილი - მისი პირველი უცხოური ოდისეა "ვერდერში" წარმატებული ვერ გამოდგა, მაგრამ ის ისეთ ასაკშია, ჯერ რომ ყველაფერი წინ აქვს. როგორც ამბობენ, დიდი შანსია, თბილისის "დინამო" დატოვოს და უცხოეთს მიაშუროს...

ლევან მჭედლიძე - არ არის გამორიცხული, "ემპოლის" გაეყაროს. იტალიისა და გერმანიის ჩემპიონატებთან ერთად, კარიერის გაგრძელების შანსი რუსეთშიც აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ეს ყველაზე ნაკლებად გვინდა. სხვა თუ არაფერი, ტრავმებისადმი მიდრეკილ მჭედლიძეს, ვინც სერია A-ს წინა ტურში "ბოლონიასთან" შეუცვლელად ითამაშა, რუსულ მინდვრებზე, წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს. ამიტომ, თუ წასვლაა, ჯობია ისევ ევროპაზე იფიქროს.

სხვათა შორის, ტოსკანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა მარჩელო კარლიმ "პიანეტა ემპოლისთან" საუბრისას მჭედლიძეც ახსენა:

"მის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ. მიმაჩნია, რომ ლევანი ძლიერი ფეხბურთელია. არადა, მუდმივად არ უმართლებს. ვხედავ, რომ ხშირი პრობლემების გამო მენტალურად გაიზარდა, ეს პრობლემები უკვე წარსულში დატოვა და ახალი შანსი მიეცა".

ლადო დვალიშვილი - თბილისის "დინამოდან" წამსვლელთა შორის მასაც ასახელებენ. როგორც ჩანს, მას კვლავ უცხოეთში სურს ძალების მოსინჯვა, სადაც უკვე ითამაშა არაერთ გუნდში.

ნიკა კაჭარავა - ახნას "ეთნიკოსის" მეგოლე კვიპროსული ფეხბურთის გრანდებს სურთ. მოკრძალებული მიზნების მქონე კლუბს, ალბათ, ძალიან გაუჭირდება ქართველი ფორვარდის შენარჩუნება - ბოლო დროს ხომ მას სისტემატურად გააქვს გოლები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედია ლობჟანიძე უჩაც შეიცვლის გუნდს! დინამოდან წავიდეს და სადაც უნდა იქ იყოს
მახო
22:38 14-12-2016
0
ძალიან ცუდი თუ არ მიდის, ოდესაში ვცხოვრობ აქაურ გაზეთებში წერია რომ მიდის და იმედია წავა, ნახევარი გუნდი მიდის მაგისი
Qomagi
19:06 14-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული