გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოს" 17-წლამდელთა გუნდი "შერიფის თასზე" კიევის დინამოელ თანატოლებს გადაეყარა. იმ შეხვედრაში ქართველებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მხოლოდ დამატებულ წუთზე დამარცხდნენ. კიეველთა შორის გამარჯვების გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა...

მოგვიანებით, გიორგი წიტაიშვილი "შერიფის თასის" საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მისი თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა ქართული "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ კაკაშვილმა. მისი თქმით, წიტაიშვილი კიეველთა აშკარა ლიდერი იყო და სწორედ ის მართავდა უკრაინული გუნდის სათამაშო მექანიზმს.

გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლება და ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა. ის ახლო
წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კობა წიტაიშვილის ვაჟია. უფროს წიტაიშვილს თავის დროზე საქართველოს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის - თბილისის "დინამოშიც". ძალა მოსინჯა რამდენიმე უცხოურ კლუბშიც, თუნდაც, თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილ "ანორთოსისში". იცავდა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას.

საქართველოს ნაკრებში ვაკო გვილიას გამოჩენამ და მისმა წარმატებულმა თამაშმა გააორმაგა ინტერესი იმ ქართველი ფეხბურთელების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ ქართული პასპორტი, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში თამაშობენ. ამ საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც მუშაობს, ჩვენს პირდაპირ მოვალეობად კი პროცესში აქტიური ჩართულობა მიგვაჩნია. საბოლოო მიზანი კი ნათელია - ყველა ქართველი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ საფეხბურთო ღირებულებას უნდა გამოადგეს.

თავის მხრივ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ფეხბურთელებიც მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ სამშობლოს გამოადგება. სხვა თუ არაფერი, თვალწინ გვაქვს მიხეილ ფოცხვერიას მაგალითი. მან უკრაინის ნაკრებში თამაშს საქართველოს სახელით ასპარეზობა არჩია. სხვა საქმეა, რომ ჩემი პირადი აზრით, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ვალშია ფოცხვერიასთან.

ფოცხვერიას მაგალითი ჩვენთვის ერთდროულად საამაყოცაა და ჭკუის სასწავლებელიც. ჭკუის სასწავლებელი იმ მხრივ, რომ ქვეყანამ უფრო მეტად უნდა დააფასოს ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოსთვის ყველაფერი გაიღეს.

ცხადია, საბოლოოდ ყველაფერი მაინც თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია. როცა საქმე სანაკრებო არჩევანს ეხება, იქით უნდა წახვიდე, საითაც გული გაგიწევს. იმედია, ქართველ ფეხბურთელებს გული საქართველოსკენ გამოუწევთ.

ფაქტია, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელი, მით უმეტეს მაშინ, როცა სადმე ასეთ ტალანტს ეხება. "ლელო" კიევში დაუკავშირდა გიორგი წიტაიშვილს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა...

ყველამ იცის, რომ ქართველები მაგრები ვართ ტექნიკაში...
- გიორგი, გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში. რომელ მწვრთნელთან დაიწყეთ ვარჯიში?
- ჩემი პირველი მწვრთნელი მამაჩემი კობა წიტაიშვილი იყო.

- რამდენად დიდი გავლენა იქონია მამამ თქვენს ფეხბურთელობაზე?
- ძალიან დიდი! ყველა ვარჯიშზე პატარაობიდანვე თავად დავყავდი.

- საქართველოში კარიერის რომელიმე ეტაპი თუ გაიარეთ?
- ისე მოხდა, რომ კარიერის არცერთი ეტაპი არ გამივლია საქართველოში. დავიბადე ისრაელში. მერე მამა კვიპროსში გადავიდა სათამაშოდ და ჩემი კარიერაც ამ ქვეყანაში დაიწყო.

- საინტერესოა, უკრაინაში როგორ აღმოჩნდით?
- ფიზიკურად სუსტი ვიყავი. თემურ ქეცბაიამ და გიორგი ქინქლაძემ ურჩიეს მამას, გადავსულიყავით უკრაინაში. ისე მოხდა, რომ კიევის "დინამოში" ჩემი ნათესავი, ირაკლი კვარაცხელია მუშაობდა.

- თავიდანვე "დინამოში" თამაშობდით?
- კი, რაც უკრაინაში ვარ, სულ კიევის "დინამოში" ვთამაშობ.

- როგორ მიდის თქვენი კარიერა კიევის "დინამოში"? ფაქტია, ასაკობრივი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხართ...
- ყველაფერი კარგადაა. ერთ კვირაში ახალ კონტრაქტს უნდა მოვაწერო ხელი. ჯერაც არ გადამიწყვეტია საბოლოოდ, რა ხანგრძლივობის კონტრაქტი გავაფორმო.

- ცოტა ხნის წინ კიევის "დინამომ" თბილისელი თანატოლები თქვენი გოლით დაამარცხა "შერიფის თასზე". რას იტყოდით იმ მატჩზე?
- ყველამ იცის, რომ ქართველები მაგრები ვართ ტექნიკაში! ჩვენ მოვუგეთ თბილისის "დინამოს" იმიტომ, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერები ვართ.

- რომელ სათამაშო პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
- მე სულ მარჯვენა ან მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობ.

- თქვენ უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიც ხართ...
- ჩემი მიზანია, ვიყო სულ ლიდერი. სადაც უნდა ვითამაშო, ყველგან ლიდერი ვიქნები!

- გიორგი, თუ იყო შემოთავაზება საქართველოდან ასაკობრივ ნაკრებში თამაშის თაობაზე და საერთოდ, თუ გიფიქრიათ საქართველოს ღირსების დაცვაზე, თუნდაც - ეროვნულ ნაკრებში?
- კი, იყო შემოთავაზება, მაგრამ ამაზე ჯერ არ მიფიქრია. როცა გამომიძახებენ ეროვნულ გუნდში, მაშინ დავფიქრდები.

- თუ იცნობთ თქვენს თანატოლ ქართველ ფეხბურთელებს?
- კი, ვიცნობ, ზოგჯერ ვეკონტაქტებით კიდეც ერთმანეთს ტელეფონით.

- როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში იქნებით მზად კიევის "დინამოს" ძირითად გუნდში სათამაშოდ?
- მე სულ მზად ვარ! ჩემი მიზანია, პირველი გუნდის ლიდერი ვიყო!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რატო ხართ შურიანები რატოოოოო რატო ხართ ქართველები ესეთი ეს რო ფეხბურთს ითამაშებს შურისგან არ გასკდეთ :))))))))))))
Beqa
14:45 26-12-2016
0
ნუ ხართ შურიანი ხალხი
Beqa
15:41 26-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული