ჩემი ახალი გუნდი რუსული არ იქნება! ხოჭოლავას სიტყვა და "შახტარის" ინტერესი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ოდესის "ჩერნომორეცში" ის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. ტური არ გავა, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ხოჭოლავა არ შეაქონ და სიმბოლურ ნაკრებში არ მიუჩინონ ადგილი...

შემთხვევითი არ არის, რომ ქართველის გადაბირებით უკრაინის საუკეთესო კლუბი, დონეცკის "შახტარია" დაინტერესებული. ყველა უკრაინული სპორტული მედიასაშუალება თანხმდება, რომ ხოჭოლავას ოდესურ კლუბში დიდხანს არავინ გააჩერებს.

"შახტარის" გარდა, არის ინტერესი რუსული კლუბების ("როსტოვი", "ამკარი") მხრიდანაც. ამ ამბებში გასარკვევად, ხოჭოლავას უკრაინაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ...

- ალბათ, მხოლოდ დადებითად უნდა
შეფასდეს თქვენთვის სეზონის პირველი ნახევარი და ცუდად არც "ჩერნომორეცს" უთამაშია. საინტერესოა, თქვენ როგორ ფიქრობთ?
- მთლიანობაში კარგი იყო როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის, მხოლოდ დადებითად თუ შევაფასებ. სამწუხაროდ, მხოლოდ ის დამრჩა, რომ წელიწადი ვერ დავამთავრეთ პირველ ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლაში ჩვენს მთავარ კონკურენტ პოლტავის "ვორსკლასთან" თუნდაც რამდენიმექულიანი უპირატესობით. ამ დროისთვის, სატურნირო ცხრილში ერთნაირად ვართ ქულებით.

- "ჩერნომორეცის" მატჩებს რომ ვუყურებთ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მინდორზე ძალიან შეკრული გუნდია. მინდვრის გარეთ როგორაა საქმე?
- ზუსტად ასეთივე შეკრული გუნდია მინდვრის გარეთაც. ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენი მთავარი კოზირი არის ორგანიზებული თამაში დაცვაში და სწრაფი კონტრშეტევები. ეს კი 90 წუთის განმავლობაში სრულ კონცენტრაციას ითხოვს. ისე ხდება, რომ მე და ჩემი მეწყვილე დაცვის ცენტრში, მარტინენკო, თავისუფალ დროსაც ხშირად ერთად ვატარებთ.

- ოდესას რაც შეეხება, ყველამ იცის, რომ დიდებული ქალაქია. თქვენ რას დაამატებდით?
- მე უბრალოდ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თბილისის შემდეგ ოდესა ჩემი მეორე სახლია. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, ბევრ ადამიანს ვიცნობ. გულშემატკივრების მხრიდან მართლა დიდ სიყვარულს ვგრძნობ...

- ფაქტია, მოკლე ხანში უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად იქეცით. რამ განაპირობა თქვენი ასეთი პროგრესი?
- ჩემი აზრით, შარშანაც ნორმალურად ვთამაშობდი. უბრალოდ, წლევანდელ სეზონში უკრაინის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება მომემატა. უფრო თავდაჯერებული გავხდი. კლუბის ხელმძღვანელობისგან და სამწვრთნელო შტაბისგან ძალიან დიდ ნდობას ვგრძნობ. ასეთ დროს გემატება სტიმული. ცდილობ, ბოლომდე მიაღწიო იმ დონეს, რასაც ელის შენგან ის ხალხი, ვისაც შენი სჯერა.

- რას იტყვით "ჩერნომორეცის" მთავარ მწვრთნელზე?
- ალექსანდრ ბაბიჩი ახალგაზრდა სპეციალისტია. მოვიდა თუ არა გუნდში, მაგრად მენდო და დამიახლოვდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ ერთად ვიზრდებით, ის, როგორც მწვრთნელი და მე - როგორც ფეხბურთელი. ბაბიჩი უშუალო და მეგობრულია. სამუშაოს ფეხბურთელებთან სწორედ მეგობრულ ურთიერთობაზე აწყობს.

- ამბობენ, რომ ომმა სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია უკრაინის ჩემპიონატზე. მაინც რაში გამოიხატება ეს?
- გავლენა მართლაც იქონია. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე კლუბს შეექმნა ფინანსური კრიზისი. წელს თითქმის ყველა გუნდის ცხოვრება დასტაბილურდა და უბრუნდება თავის კალაპოტს. ერთსაც ვიტყვი - უკრაინის ჩემპიონატში თამაში რთულია. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა თამაშში ომი გვაქვს.

- უკრაინის პირველობაზე ბევრი მაღალი დონის თავდამსხმელი თამაშობს. თქვენ რომელს გამოარჩევდით?
- მარლოსს და იარმოლენკოს... ტეიშეირასაც... სხვათა შორის, მისი წაყვანა "ლივერპულს" სურდა, მაგრამ უარი უთხრა და ჩინეთში წავიდა სათამაშოდ.

- ძალიან გაგვახარა დონეცკის "შახტარის" ინტერესმა. ალბათ, ეს ვარიანტი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე რუსული შემოთავაზებები. ვიცით, რომ თქვენი გადაბირებით "როსტოვი" და "ამკარიც" არიან დაინტერესებულნი...
- მეც ძალიან გამიხარდა, როცა დონეცკის "შახტარის" ინტერესზე მითხრეს. არის ხალხი, რომელიც, როცა დრო მოვა, ჩემი სატრანსფერო საქმეების მოგვარებას შეუდგება.

მანამდე კი ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ სეზონის ბოლომდე არ ვაპირებ დაწყებული საქმის მიტოვებას და "ჩერნომორეცს" დავეხმარები მიზნის მიღწევაში - ჩვენ ექვსეულში მოხვედრას ვისახავთ მიზნად.

შემიძლია გითხრათ ასევე, რომ ზაფხულში "ჩერნომორეციდან" წავალ და იმასაც გეტყვით, რომ ჩემი ახალი გუნდი რუსული არ იქნება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოღონდ რუსეთი არა რაა
მიშო
19:59 23-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული