ჯანო ანანიძე: მოვიდა და მითხრა, დღეიდან პატარა პირლო იქნებიო

AutoSharing Option
რუსულმა სპორტულმა გაზეთმა "სპორტ-ექსპრესმა" ჯანო ანანიძესთან ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით:

- ბევრი ვერსია არსებობს, თუ რატომ გახდა "სპარტაკი" ლიდერი, რომელია მთავარი?
- კარერა. 2007 წლიდან ამ კლუბში ვარ, მხოლოდ 1 წლით ვიყავი "როსტოვში" წასული, მაგრამ ისეთი კოლექტივი, როგორიც მასიმომ შეკრა, არასოდეს გვყოლია. დღეს ყველა ერთისთვისაა და ერთი ყველასათვის. ეს ასი პროცენტით მისი დამსახურებაა. ხომ კარგად ხედავთ, რა მონდომებით თამაშობენ ბიჭები, ეს ატმოსფერო გუნდში კარერამ შექმნა.

- ალენიჩევის დროსაც იგივე ხალხი თამაშობდა...
- დიახ, იგივე ხალხი, ეს ატმოსფერო კი
მაშინ არ იყო. ახლა ნებისმიერს რომ კითხოთ "სპარტაკში", ჩემნაირ პასუხს მიიღებთ.

- არა გვგონია, საქმე მხოლოდ გუნდში არსებულ ატმოსფეროში იყოს...
- კარერა ძლიერი ტაქტიკოსია. კარგად გვიხსნის, როგორ დავიცვათ თავი, როგორ შევუტიოთ. ზოგი გვეუბნებოდა, "შეტევაში იმპროვიზაციაა საჭირო", კარერა კი თამაშს მეტოქის მიხედვით გვავალებს. ზოგს ცენტრიდან უნდა შეუტიო, ზოგს ფლანგებიდან. მგონი, 24 საათი ტაქტიკაზე ფიქრობს. მასთან ერთად მუშაობა კომფორტულია, ყოველი ვარჯიში ზეიმია.

- როდის შეგარქვათ მან პატარა პირლო?
- თვე-ნახევარი იყო გასული, რაც დაინიშნა, როცა ორმხრივი თამაშის წინ ჩემთან მოვიდა და მითხრა, შეტევებს კარგად იწყებ, მინდა, რომ საყრდენის პოზიციაზე მოგსინჯოო. "იქნები, პატარა პირლო" - მითხრა მან.

- ადრე თუ გითამაშიათ ამ პოზიციაზე?
- კი, ეროვნულ ნაკრებში ცხადაძემ მათამაშა და ამის შესახებ კარერასაც ვუთხარი.

- მაგრამ საყრდენად ჯერ "სპარტაკის" რიგებში არ გვინახიხართ...
- ვარჯიშებზე გვიცდია. თუმცა თამაშში ხშირად მაქვს სრული თავისუფლება გადაადგილებაში. მამხნევებს კიდეც, რომ არ მოვერიდო და სულ ვიმოძრავო.

- თქვენ კი თქვით, რომ პირლომდე ბევრი გიკლიათ. მაინც რა კომპონენტში?
- ის ისეთ პასებს აკეთებს, მხოლოდ უნდა გაიქცე და გამოიყენო მომენტი. ასევე მოსამატებელი მაქვს სიმძლავრეშიც.

- მერე ეგ ხომ ადვილია? ტრენაჟორები...
- არ უნდა მოინდომო მეტისმეტად. ბევრი ფეხბურთელი ამაზე გადაიწვა. "ჯდებოდნენ" პროტეინებზე, ტრენაჟორების დარბაზიდან არ გამოდიოდნენ. კუნთები კი იზრდებოდა, მაგრამ სისწრაფე, რეაქცია ზარალდებოდა. რად მინდა ასეთი კუნთები?

- კარერა ამაში გეთანხმებათ?
- დიახ და როცა "როსტოვში" ვიყავი ბოჟოვიჩიც ამ აზრზე იყო. მთავარია, შეგეძლოს 90 წუთი სირბილის ატანა. ახლა უკვე 120 წუთიც შემიძლია. იცით ეს იმის "ბრალია", რომ რეგულარულად ვთამაშობ. მაგალითად, "ამკართან" მატჩამდე ორი მატჩი გამოვტოვე და ამიტომ გამიჭირდა თამაში.

- ქართველი ფეხბურთელებიდან თქვენთვის ვინ არის ნომერ პირველი?
- დავით ყიფიანი და გიორგი ქინქლაძე. მამა ყიფიანს კარგად იცნობდა, ხოლო ქინქლაძე, როცა ნაკრებში ქეცბაია გვწრთნიდა, მოდიოდა ხოლმე. მოსკოვშიც შევხვედრივართ, "ვიტესის" წინადადება განვიხილეთ.

- "ვიტესს" თქვენი წაყვანა მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის დროს სურდა?
- დიახ, მაშინ სკამზე ვიყავი ხოლმე, არ მახსოვს ემერი იყო მწვრთნელი, კარპინი თუ იაკინი, რამდენი მწვრთნელი გამოვიცვალეთ! "ვიტესს" სურდა ჩემი იჯარით აყვანა გამოსყიდვის უფლებით. "სპარტაკის" გენერალურმა დირექტორმა ასხაბაძემ არ გამიშვა.

- საზღვარგარეთ კიდევ სად გიწვევდნენ?
- ახლახან გავიგე, რომ 17 წლის ასაკში ჩემი ყიდვა "არსენალს" სურდა. ასპროცენტიანი ვარიანტი იყო, მაგრამ "სპარტაკმა" იუარა. წელს "ვალენსია", "ვილიაერალი", "ოლიმპიაკოსი" და "ფრაიბურგი" მეპატიჟებოდნენ. მათ სურდათ, "სპარტაკთან" არ გამეგრძელებინა კონტრაქტი და იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავსულიყავი. ეს კი სარისკო იყო. ნოემბერში ტრავმა რომ მიმეღო, დავრჩებოდი ისე. მაგრამ მთავარი მაინც სხვაა - სხვა მწვრთნელი რომ გვყოლოდა, შესაძლოა, წავსულიყავი კიდეც.

- ამით ალენიჩევს აყენებთ ჩრდილს?
- არავითარ შემთხვევაში, მის მიმართ პრეტენზიები არ მაქვს. პირიქით, მადლობაც შემიძლია ვთქვა, რომ მენდო. უბრალოდ, ახლა "დავლაგდით", როგორც თავად მე, ისე გუნდი. პირველ ადგილზე ვართ, დიდებული კოლექტივია, მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. რატომ უნდა წავიდე?

- ჩემპიონები გახდებით?
- მთელი გუნდი ამით ცხოვრობს. ჩემპიონები აუცილებლად უნდა გავხდეთ. ასეთი შანსი ხელიდან რომ გავუშვათ, ფანები არ გვაპატიებენ.

- კარიერაში ცუდი დროებაც გქონიათ, ორი წელი მტკივანი ფეხით თამაშობდით...
- ნახეთ რამხელა იარა დამრჩა. თუ სწორად დავრბოდი, პრობლემა არ მქონდა, მაგრამ გვერდით გავიქცეოდი და ტკივილს ვგრძნობდი. გამოკვლევა არაფერს აჩვენებდა არც მოსკოვში არც რომში. ჩვენი ექიმები ვარაუდობდნენ, რომ პრობლემა კუნთებში იყო, იტალიელები - ხრტილში. ნემსებით ვთამაშობდი. მატჩის წინ ნემსი თითქმის ყოველთვის მჭირდებოდა. "როსტოვში" თამაშის ბოლო ტურებში განსაკუთრებით მიჭირდა.

- და რა მოხდა მერე?
- დიეგო მანტოვანიმ, ჩვენმა ექიმმა რეაბილიტაციის კუთხით დამამშვიდა და ფინელი ქირურგი საკარი ორავუ მირჩია. ის ლეგენდარული ექიმია, ბექჰემს, გვარდიოლას, დეშამსა და სხვებს მკურნალობდა. ჩავფრინდით ტურკუში. ორავა უბრალოდ შემეხო ტრავმაზე და მითხრა, რომ მეორე დღეს ოპერაციას გამიკეთებდა, გამოკვლევა არც კი ჩაუტარებია. ოპერაცია 40 წუთი გაგრძელდა და მე მას ვუყურებდი. რასაც ორავა ვარაუდობდა, იმაზე კიდევ უფრო რთულად აღმოჩნდა საქმე. ხრტილი ორ ადგილას გაწყვეტილი იყო, ოპერაცია იდეალურად ჩაატარა და ამის მერე პრობლემა არ მიგვრძნია. მისი დიდი მადლიერი ვარ.

- კიდევ რა განსაცდელის წინაშე დამდგარხართ "სპარტაკში"?
- ყველაზე მძიმეა, როცა არ თამაშობ. ერთს ითამაშებ და მერე სამ შეხვედრაში ვერ ხვდები შემადგენლობაში. "ამკართან" ვერ ვითამაშე კარგად და ალბათ, ემერი, კარპინი ან იაკინი ეგრევე სკამზე დამსვავდნენ.

- ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში, რა გახსოვთ ცუდად?
- მოსკოვში "ბენფიკას" წინააღმდეგ ურიგოდ არ მითამაშია. შემცვალეს მეორე ტაიმში, რადგან კანკალი დამეწყო და ამის მერე სამი თამაში არ გამაკარეს. კარპინის დროს ან უნდა გამეტანა ან პასი გამეკეთებინა, თუ არადა სკამზე ვბრუნდებოდი. ასეთი მატჩების შემდეგ ვტიროდი ხოლმე. ხშირად ყოფილა, რომ კონკურენტზე უკეთესი ვიყავი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ არ მათამაშებდნენ. ეს ფსიქოლოგიურად მკლავდა.

კარერა სხვებს არ ჰგავს, ის შემადგენლობას თამაშის წინ არჩევს. უკეთესად გამოიყურები? ესე იგი ითამაშებ.

- ამბობდნენ, რომ კარპინი ლეგიონერებს სხვანაირად ექცეოდა...
- ახლა ლეგიონერებიც და რუსებიც ერთი მთლიანი გუნდი ვართ. ასე კი არასოდეს არ ყოფილა "სპარტაკში". ეს ჩვენი დამსახურება არ არის, კარერას დამსახურებაა. კოლექტივს მწვრთნელი აყალიბებს. უცხოელს თუ უყვირიხარ, რუსსაც ასევე უნდა უყვირო. ყველაფერი სამართლიანობიდან იწყება.

- 2011 წელს გროზნოში, "სპარტაკის" გასახდელში ჩხუბი რომ იყო, თქვენ რას აკეთებდით?
- ტუალეტიდან გამოვედი და დამხვდა ეს ამბავი. 8 კაცი მონაწილეობდა ამ ჩხუბში, მე არ ჩავერთე. პარეხამ და კომბაროვმა რაღაც ვერ გაიყვეს და რუსებმა და ლეგიონერებმა ერთმანეთში იჩხუბეს. იყო მუშტი-კრივი, ბუცების სროლა, მაგრამ ბიჭები მალე გააშველეს.

- იმ თამაშს "სპარტაკი" 0:2-ს აგებდა და მეორე ტაიმში "ტერეკს" 4 გოლი გაუტანა...
- ვიღაცამ თქვა, ერთმანეთში კი არა, მოედანზე უნდა ვიომოთო. გაბოროტებულები გამოვედით მოედანზე და "ტერეკი" დაიჩაგრა. პარეხა და კომბაროვი კი თვითმფრინავში შერიგდნენ.

- თქვენ თუ მოგსვლიათ ლეგიონერებთან კონფლიქტი?
- შეიძლება სიტყვიერი მხოლოდ, მე არ ვარ კონფლიქტური ადამიანი.

- ემერის ეტყობოდა, რომ ამდენს მიაღწევდა?
- მის დროს ცოტას ვთამაშობდი. მის ვარჯიშებზე მუდამ გაიგებდით - ტიკ ტაკ, ტიკ ტაკ - არ გამოგვივიდა. არ იყო საჭირო პასი მხოლოდ პასისთვის. უნდა ერთიანად შეუტიო, როგორც ახლა ხდება. თითქმის ყველა მწვრთნელი "სპარტაკში" ტიტულის მოგებაზე ლაპარაკობდა. ერთი კარერა არაფერს ამბობს, ის მუშაობს. მას არ აინტერესებს, რა იყო 10 წლის წინ, მთავარია, რა ხდება ახლა ამ წუთას. მართალიცაა.

- იაკინის მწვრთნელობის დროს იყო დიდი სკანდალი თქვენი მონაწილეობით, რატომ არ გაფრინდით გუნდთან ერთად კომსომოლსკში?
- ის დრო იყო, როცა ფეხი მაწუხებდა. "ტერეკთან" საშინაო მატჩში განაცხადში ვიყავი, მაგრამ არ მათამაშეს. სამი დღის მერე იყო ეს სათასო თამაში. ფეხი მტკიოდა და ექიმს ვუთხარი, იმან კი მწვრთნელს. იაკინმა მაინც გადაწყვიტა ჩემი წაყვანა. წინა დღეს ვარჯიშზე "კვადრატს" ვვარჯიშობდით, როცა ძალიან მეტკიცა ფეხი და იაკინის ასისტენტმა მითხრა, სულ რომ მოიტეხო ფეხი, მაინც უნდა წახვიდეო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გავცოფდი. ამასაც ვნახავთ - ვუთხარი მას და წავედი შინ. მალე დამირეკეს, რატომ აგვიანებო, მე კი ვუთხარი, რომ არსადაც არ მივდიოდი.

- მერე რა მოხდა?
- მწვრთნელს მოვუბოდიშე. ერთი თვის ხელფასი დამაკლეს და დუბლებში გადამიყვანეს. ოთხ მატჩში 5 გოლი გავიტანე და დამაბრუნეს. რებროვმა და ბიჭებმაც იზრუნეს ჩემზე, მწვრთნელს უთხრეს, რომ მივხვდი საკუთარ შეცდომას. იაკინი ურიგო ადამიანი არ არის, მისი შეცდომა ასისტენტებისადმი დიდი ნდობა იყო.

* * *
- საქართველოს ნაკრებში ცნობილი ექტორ კუპერის ხელმძღვანელობით გითამაშიათ...
- კუპერის დროსაც, ტოპმიოლერის დროსაც, ქეცბაიას დროსაც. ყველა მწვრთნელი რომ ავიღოთ, ვისთანაც მითამაშია, ჩემი ტოპ სამეული ასეთია: კარერა, ცხადაძე, ბოჟოვიჩი!

- კარერა გასაგებია, სხვები?
- ცხადაძე კარერასავით კარგი ტაქტიკოსია. ყველა დეტალს გიხსნის, სად, როდის, რატომ, ვის... ბოჟოვიჩი ამით არ არის შეპყრობილი, მაგრამ დიდი ფსიქოლოგია, ფეხბურთელებს გრძნობს. ერთხელ მახსოვს ისე ცუდად ვითამაშე, რომ "სპარტაკში" რომ ვყოფილიყავი მე-20 წუთზევე შემცვლიდნენ. მეგონა შესვენებაზე მაინც შემცვლიდნენ, ბოჟოვიჩს ვკითხე კიდეც, მართლა ვრჩები მოედანზე-თქო. რა თქმა უნდა, მიდი, მიდი - მითხრა მან და უკვე 50-ე წუთზე გავიტანე, შემდეგ ორი საგოლე პასი გავაკეთე და თამაში 5:0 მოვიგეთ.

- მართალია, რომ ძიუბამ გირჩიათ "როსტოვში" წასვლა?
- მთლად მასე არ არის, მაგრამ რომ გავიგე, რომ ძიუბა მიდიოდა "როსტოვში", საბოლოოდ, მეც გადავწყვიტე. კარპინთან მივედი და ვთხოვე, რომ მეც გავეშვი "როსტოვში". სიხარულით დამთანხმდა, ამ სეზონში შანსი ცოტა გქონდა მაინცო.

- ამბობენ, "სპარტაკთან" მატჩში "როსტოვში" 20 ათასი დოლარი დააწესეს პრემია თითოეულზე...
- დიახ და კანგა ყველასთან რამდენჯერმე მოდიოდა და კითხულობდა მართალიაო? რუსეთში მოთამაშეები ასეთ ციფრებს მიჩვეულნი არიან, აი, ის კი აქამდე მხოლოდ გაბონში თამაშობდა და 20 ათასი მისთვის გიჟური თანხა იყო. თუმცა მეტიც ყოფილა - ფინალის მოგებისთვის 50-50 ათასი დოლარი გადაიხადეს.

- თქვენ "სპარტაკში" გადასვლაზე რევაზ ჩელებაძე მუშაობდა. რა მომენტში დაამთავრეთ მასთან მუშაობა?
- საქართველოში მას ყველა "ჩელეს" ეძახის. ოფიციალურად ჩემი აგენტი არ იყო, ფურცლებზე ხელი არ მოგვიწერია. 13 წლის ასაკში მისი დახმარებით კიევის "დინამოს" აკადემიაში მოვხვდი, "ჩელე" იქ ყველასთან მეგობრობდა. ერთი წლის შემდეგ ფული მოისურვა, თუმცა აუხსნეს: "სანამ ჯანოს 18 წელი არ შეუსრულდება, ფული არ იქნება".

"სპარტაკის" ვარიანტი მას არ მოუძებნია - "სპარტაკის" წარმომადგენლებმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მატჩის დროს შემამჩნიეს, ჩემით დაინტერესდნენ და სინჯებზე მიმიწვიეს. სამნი ჩავედით - მამა, მე და "ჩელე". როცა კონტრაქტს განვიხილავდით, ჩელებაძემ ევგენი სმოლენცევს, რომელიც მაშინ "სპარტაკის" ტექნიკური დირექტორი იყო, უთხრა: "300 ათასი დოლარი და ჯანო თქვენია". ამ თანხის შუაზე გაყოფას ვაპირებდით.

- თქვენ და ჩელებაძე?
- დიახ, მაგრამ მამამ თქვა: "ჩელე", შენ ორასი, ჩვენ კი - ასი. 50 ჩემგან საჩუქრად".

ჩელებაძე კიევის "დინამოში" მოწყობაში დაგვეხმარა. თანაც, სმოლენცევს ამხელა თანხის დასახელებას ვერ გავუბედავდით.

- აბა, რა თანხაზე იქნებოდა საუბარი?
- ნაკლებზე, სავარაუდოდ 6-ჯერ ნაკლებზე. ჩელებაძეს ავტორიტეტი ჰქონდა. სმოლენცევიც არ ვაჭრობდა. ამასთან, ის 50 ათასი დოლარი, რაზეც მამაჩემმა იოლად თქვა უარი, ჩვენთვის ნამეტანი იქნებოდა.

ჩემი პირველი ხელფასი "სპარტაკში" 5 ათასი რუბლი იყო. როცა ცოტა მომიმატეს, "ჩელემ" ისევ ფულზე ჩამოაგდო საუბარი.

- რამდენს ითხოვდა?
- ჩემს ხელფასში "ჩაჯდომა" და საკუთრი პროცენტის აგენტივით მიღება სურდა. მამა აღშფოთდა: "ვითომ რატომ? ჩვენ 50 ათასი დოლარი მოგეცით. ბავშვის ხელფასს კი მეც არ ვეხები, ეს მისი ფულია. როცა დიდ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მაშინ იქნება პრემიები, ბონუსები - არ გაწყენინებთ".

მათ იკამათეს, რის შემდეგაც ჩვენი გზები გაიყარა.

მამის გარდაცვალების შემდეგ "ჩელემ" კვლავ შემომთავაზა თავისი მომსახურება, რაზეც ვუპასუხე: "მაპატიეთ, მაგრამ სხვა აგენტი მყავს". სულ ეს არის მთელი ისტორია.

- კიევამდე სად ვარჯიშობდით?
- ჯერ ქობულეთში, მერე თბილისის "დინამოს" სკოლაში. ზურაბ ხიზანიშვილის ძმა სპეციალურად ჩემთვის ჩამოვიდა. მამა დათანხმდა, რადგან როცა მას ასეთი შანსი ჰქონდა, თბილისში არ გაუშვეს და კარიერა ისე დასრულდა, არც დაწყებულა.

- ალბათ, ცოტა უცნაურია კიევის "დინამოში" აყვანილი ბიჭი რომ "სპარტაკში" სინჯებზე მოხვდება...
- დიახ, და ვიცოდი ამას კიევში ვერ გაიგებდნენ, აქ რომ არ მოვწონებოდი, უკან არავინ მიმიღებდა. მაინც გავრისკეთ. უკვე მესამე დღეს დუბლების მატჩში დამიძახეს. 15 წლის ვიყავი და "სპარტაკში" ყველაფერი გამომდიოდა, ეს სიზმარივით იყო. ტრავმირებული ფეხბურთელის გვარით ვითამაშე, ორი გოლი გავიტანე, ერთი 30 მეტრიდან და "სპარტაკშიც" მიმიღეს. ამის გამო ჩელებაძეს უკრაინაში ფეხბურთელების ჩაყვანა აუკრძალეს.

- ის თუ მართალია, რომ უკრაინის მოქალაქეობას გაძლევდნენ?
- დიახ, მამას შესთავაზეს. უარი ვთქვი, მე ქართველი ვარ. პირველად 16 წლის ასაკში დამიძახეს ნაკრებში. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რა გრძნობაა. მოქალაქეობის შეცვლა რუსეთშიც შემომთავაზეს. "სპარტაკში" რა თქმა უნდა, რუსული პასპორტით შედარებით იოლი ცხოვრება მექნებოდა, მაგრამ სამშობლოს ვერ შეცვლი. აი, გიორგი მელქაძეს სხვა სიტუაცია აქვს, ის რუსეთში დაიბადა, მოსკოვში გაიზარდა და 4 წლის ასაკიდან "სპარტაკშია".

- ახალ წელს კარერა რომ თბილისში ჩამოვიდეს, სად წაიყვანდით?
- საქართველოში ბევრი რამ არის საინტერესო და გააჩნია, როგორ ხასიათზე ხარ. კარერას ძველ თბილისში წავიყვანდი, საღამოს - რესტორანში. ისეთ რესტორანში, რომ მიხვდეს საქართველოში რომ არის, თიხის თეფშებზე, კერძები კეცზე. ათი დღე მაინც არის საჭირო, საქართველო რომ მოიარო. მეუღლე სვანი მყავს, სვანეთის უნახავად წასვლა არ შეიძლება.

- მეუღლე სად გაიცანით?
- 16 წლის რომ ვიყავი და ნაკრებში გამომიძახეს მაშინ, მარიამი მაშინვე მომეწონა. მეორე ჩამოსვლის მერე უკვე შეყვარებულები ვიყავით. 2014-ში შეგვეძინა გოგონა მია. თებერვალში მეორე შვილს ველოდებით.

- ახლა თბილისში ცხოვრობთ?
- დიახ, დედასთან ქობულეთში ჩავდივართ ხოლმე, მამის საფლავზე გავდივართ. სამი თვის წინ მოსკოვშიც ვიყიდე ბინა.

- საქართველოს ნაკრების რიგებში შემოდგომით უელსს ეთამაშეთ, როგორი შთაბეჭდილება დატოვა გარეთ ბეილმა?
- ერთხელ შევეჯახე და სამი დღე მტკიოდა ხელი, როგორც კედელი, ისეთი მყარია. ასეთი ათლეტი ფეხბურთში მხოლოდ ორია, ის და კრიშტიანო რონალდო.

- და მაინც სუსტი მესი საუკეთესოა?
- მესი გენიოსია. კრიშტიანო და ბეილი ნიჭიერები არიან, რომელთაც შრომით გააძლიერეს თავიანთი ტალანტი. "ინსტაგრამზე" რონალდო დასვენების დღესაც ტრენაჟორების დარბაზიდან დებს ფოტოებს, მესი ასე არაა, მისთვის დასვენება დასვენებაა.

- კიდევ ვინ მოგწონთ?
- მოდრიჩი, ბურთს ისე ფარავს ვერ წაართმევ. დროგბა, ახლაც მახსოვს ეპიზოდი "სპარტაკთან" მატჩში, რუსეთის ჩემპიონატში ასეთ "ფოკუსებს" ვერ ნახავთ.

- რომელ ვარსკვლავს გაუკვირვებიხათ უარყოფითი კუთხით?
- თორნიკე ოქრიაშვილმა პიკე და არბელოა დაჩაგრა მახსოვს, უჩა ლობჟანიძემ კი რიბერი ამოკეტა.

- დაასრულეთ ფრაზა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდები თუკი...
- მესი, რონალდო, სუარესი, ნეიმარი, ბეილი - მშვენიერი კანდიდატურები არიან. მე კი რეალურ მიზნებს ვაყენებ წინ, მინდა "სპარტაკში" და ნაკრებში კარგად ვითამაშო. მიზნად კი ევროპის ტოპ-კლუბში თამაში მაქვს დასახული. "სპარტაკი" ჩემი სახლია, მაგრამ ახალ დონეზე მინდა ჩემი თავი მომავალში გამოვცადო. "ოქროს ბურთი" კი ერთეულთა ხვედრია, ინიესტასაც კი არ ღირსებია ის...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯანო შენი სახლი ,,სპარტაკია" ნაკრები კი საქართველო, ამიტომ ითამაშე იქ სადაც ხარ. ბევრი კარგი ფეხბურთელს გამოსდის თავის გუნდში თამაში მარა წავა თუ არა სხვაგან იქ ნული ხდება. დეიმახსოვრე ბიძიკო ეს.
დათო
12:36 03-01-2017
0
ოქროს ბიჭია და თავმდაბალი
dato
22:21 24-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული