ჩვენ ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც საქართველოსა და საქართველოს ნაკრებში თამაშის პერსპექტივას ეხება:
- რა გაკავშირებთ თქვენს სამშობლო საქართველოსთან?
- ძალიან ბევრი რამ, ყველა ჩემი ნათესავი, გარდა მშობლებისა, იქ ცხოვრობს. მე მხოლოდ კი არ დავიბადე საქართველოში, 9 წელიწადი იქ გავატარე, ეს კი ბავშვობის დიდი ნაწილია. ის დრო ძალიან კარგად მახსენდება, საქართველო მდიდარი ქვეყანა არ არის, მაგრამ იქ ულამაზესი ბუნებაა.
- ბოლოს
- ალბათ, სამი წლის წინ. წასვლა სულ მინდა, მაგრამ ჩემი და ჩემი გელფრენდის, ანდრეას დასვენებები ისე ვერ დაემთხვა. ახლა კი, ან ზამთარში, ან ზაფხულში ერთად ვაპირებთ საქართველოში წასვლას.
- გვითხარით, რამდენად მართალია ხმები, რომ თქვენ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში მიგიწვიათ?
- ვაისი პირადად არ შემხმიანებია, მაგრამ ფედერაციასთან კონტაქტი იყო.
- ანუ თქვენ მალე საქართველოს ნაკრებში გიხილავთ?
- სამწუხაროდ, ბოლოს ძალიან გართულდა ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა. საქმე ისაა, რომ ახლა მხოლოდ გერმანული პასპორტი მაქვს. იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე, გერმანიის მოქალაქეობის დათმობა მომიწევს. მაგრამ ბუნებრივია, მე ეს არ მსურს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ ამ საკითხის მოგვარებაზე. თუკი შანსი მექნება, ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარს არ ვიტყვი.
- ეს თქვენთვის ოცნების ასრულება იქნება?
- ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში და მეტი საშუალებაც მექნება ნაკრების თამაშით. ჩემთვის საფეხბურთო ოცნება უფრო შორეული რამ არის. საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. ბედნიერი ვიქნებოდი, გერმანიის ნაკრებში რომ მეთამაშა, მაგრამ ამის შანსი მცირეა (იცინის).
- თქვენი მშობლები როგორ შეხვდებიან თქვენს გადაწყვეტილებას, ითამაშოთ საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ისინი იამაყებენ ამით. ისინი ასევე ძალიან ბედნიერები იყვნენ, როცა გერმანიის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ვთამაშობდი.
- ქართულად კარგად მეტყველებთ?
- მშობლებთან სულ ვცდილობ, ქართულად ვილაპარაკო, რომ არ გადამავიწყდეს. ეს ძალიან ძველი და ლამაზი ენაა. ჩვენი ანბანი ულამაზესია, ქართველები კი მსოფლიოში 5 მილიონი ვართ მხოლოდ. უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ჩვენი ენა არ დაიკარგოს. თქვენს კითხვაზე კი ასე გიპასუხებთ - ჩემი ფინელი გუნდელი ტიმ ვაირინენი გაცილებით უკეთ ლაპარაკობს გერმანულად, ვიდრე მე - ქართულად.